ჯერ კიდევ ეძებენ თავდამსხმელს, რომელმაც სტრასბურგში 3 ადამიანი მოკლა და 12 დაჭრა

ფრანგი სამართალდამცავები უკვე რამდენიმე საათია ეძებენ თავდამსხმელს, რომელმაც სტრაბსურგში, ერთ-ერთ საშობაო ბაზართან ახლოს, ცეცხლსასროლი იარაღიდან 3 ადმაიანი მოკლა და 12 დაჭრა. დაჭრილთაგან 6-ის მდგომარეობა მძიმეა. BBC-ის ცნობით, ძებნის ოპერაციაში 350-მდე სამართალდამცავია ჩართული.

შემთხვევა სტრასბურგში 11 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 20 საათზე მოხდა. თავდამსხმელის დაჭერა სცადეს პოლიციელებმა, თუმცა მან საპასუხო ცეცხლი გახსნა და გაქცევა მოახერხა. ვარაუდობენ, რომ აღნიშნული პირი დაჭრილია.

საფრანგეთმა გააძლიერა უსაფრთხოების ზომები როგორც თავის საზღვრებზე, ისე – საშობაო ბაზრობებზე. გამოძიებას კი ქვეყნის ანტიტერორისტული სამსახური აწარმოებს. ჯერჯერობით უცნობია თავდამსხმელის ზუსტი მოტივაცია, თუმცა, როგორც BBC იტყობინება, თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია სამართალდამცავებისთვის. კერძოდ, ის არის სტრასბურგში დაბადებული 29 წლის კაცი, რომელსაც სპეციალური სამსახურები აქამდე აკვირდებოდნენ, როგორც შესაძლო “ტერორისტულ საფრთხეს”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.