ახალი ამბები

პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან დაკავშირებული რეგულაცია არაკონსტიტუციურია – საია

12 დეკემბერი, 2018 • 1207
პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან დაკავშირებული რეგულაცია არაკონსტიტუციურია – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არაკონსტირუციურად მიიჩნევს დეპუტატების – გურამ მაჭარაშვილისა და რატი იონათამიშვილის – საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად ჩაითვლებიან და მათზე აღარ გავრცელდება ის შრომითი გარანტიები, რომლებიც გათვალისწინებულია პროფესიული საჯარო მოხელეებისთვის.

აღნიშნულ კანონპროექტზე ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება მისი დაჩქარებული წესით განხილვის, მათ შორის, ერთ დღეს ორი მოსმენით განხილვის თაობაზე.

“მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას და არ შეესაბამება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განმტკიცებულ პრინციპებს, რითაც უხეშად არღვევს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული პირების შრომით უფლებებს”, – ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

საია მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი მოიცავს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების სხვადასხვა უფლებრივ კომპონენტს, მათ შორის, სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისგან დაცვის გარანტიას.

“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, პროფესიული საჯარო მოხელე არის პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს. პროფესიული საჯარო მოხელეების დანიშვნა ხდება პროფესიული ნიშნით, კონკურსის საფუძველზე, უვადოდ.

საია განმარტავს, რომ ამისგან განსხვავებით, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირად ითვლება ის, ვინც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს ხელს უწყობს მისი უფლებამოსილებების განხორციელებაში. ასეთი პირები ინიშნებიან თანამდებობის პირის უფლებამოსილების განხორციელების ვადით, კონკურსის გარეშე და მასთან ხელშეკრულების შეწყვეტისთვის დადგენილია უფრო დაბალი გარანტიები.

“პროფესიული საჯარო მოხელის ინსტიტუტი დაფუძნებულია კარიერის პრინციპზე და აღნიშნული სტატუსის მქონე მოხელეები დაცული არიან სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების პოლიტიკური გადაწყვეტილებებისგან. პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, გარდა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისა, ადმინისტრაციის უფროსის და მისი მოადგილისა, სათათბირო ორგანოების ხელმძღვანელების და მათი მოადგილეებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა, წარმოადგენენ პროფესიულ საჯარო მოხელეებს, რადგან ისინი დაინიშნენ პროფესიული ნიშნით, კონკურსის საფუძველზე და მათი ფუნქციები დაკავშირებულია მუდმივი საჯარო სამართლებრივი ფუნქციების შესრულებასთან. ამდენად, მათი მიჩნევა დამხმარე ფუნქციების შემსრულებლებად, უხეშად ეწინააღმდეგება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის დანაწესებს და ქმნის ძალიან საშიშ პრეცედენტს იმისა, რომ შესაძლოა მომავალში პარლამენტმა სხვა საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებთან დაკავშირებითაც მიიღებს მსგავს გადაწყვეტილებები, რაც არსებითად შელახავს მოხელის მიუკერძოებლობისა და მისი სამსახურის სტაბილურობის პრინციპს”, – ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ აღნიშნული პროცესი შესაძლოა წარმოადგენდეს პირდაპირ და მიზანმიმართულ ქმედებას იმისაკენ, რომ საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილების შემდეგ, მოხდეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული პირების თანამდებობებიდან გათავისუფლება და ახალი კადრებით უკონკურსოდ დაკომპლექტება.

“აღნიშნული კანონპროექტი წარმოადგენს საშიშ პრეცედენტს და, შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს წარმოდგენილ კანონპროექტს და თავი შეიკავოს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებისგან, რომლებიც ზიანს მიაყენებს საჯარო მოხელეების შრომით უფლებებს, მათ დამოუკიდებლობას და საჯარო სამსახურის სტაბილურობას”, – აცხადებს საია და მზადყოფნას გამოთქვამს, წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული პირების ინტერესები დაიცვას საკონსტიტუციო სასამართლოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი