ახალი ამბები

“სამარცხვინო ამბავია” – სანდრო ბარამიძე პრეზიდენტის თანამშრომლების მიმართ დაგეგმილ ცვლილებებზე

12 დეკემბერი, 2018 • 1290
“სამარცხვინო ამბავია” – სანდრო ბარამიძე პრეზიდენტის თანამშრომლების მიმართ დაგეგმილ ცვლილებებზე

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბარამიძე სამარცხვინოს უწოდებს კანონპროექტს, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების სტატუსს შეეხება.

ბარამიძის განცხადებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონის მიღება ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო, რომლის შესრულების წყალობით საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მოიპოვა.  მისი თქმით, ამ კანონის განმარტებითი ბარათის თანახმად, მისი მიღების მიზნებს შორის იყო „პროფესიული საჯარო მოხელის ინსტიტუტის ჩამოყალიბება და მათთვის შესაბამისი გარანტიების შექმნა“, „პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება“ და „საჯარო სამსახურში მიღებისა და დაწინაურების გამჭვირვალე სისტემის ფორმირება, რაც გამორიცხავს ნეპოტიზმის, პროტექციონიზმისა და მიკერძოების ნებისმიერი ფორმის არსებობას“.

“ნიშანდობლივია, რომ თავის საქმიანობას ახალი პრეზიდენტი, რომლის პრეზიდენტად გაყვანაც მმართველმა ძალამ ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე ცუდად ჩატარებული არჩევნების წყალობით მოახერხა, თავის მოღვაწეობას იმით იწყებს, რომ პარლამენტის უმრავლესობის წევრების ხელით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი ამ ახალი კანონით დაწესებული რეჟიმიდან გაჰყავს. ამგვარი ნაბიჯის დასასაბუთებლად კი ინიციატორებს მხოლოდ ეს „არგუმენტი“ მოჰყავთ: „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურა, ადმინისტრაციის როლისა და ფუნქციების გათვალისწინებით, სრულყოფილად ვერ პასუხობს საჯარო სამსახურის კანონით შემოთავაზებულ ლოგიკას. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, რეალურად წარმოადგენენ რა საქართველოს პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის უფლებამოსილებების განხორციელებაში ხელშემწყობ პირებს, უნდა იყვნენ ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულები.“ სამარცხვინო ამბავია”, – წერს ბარამიძე.

ამავე თემაზე

შესაძლოა, პრეზიდენტის ათობით თანამშრომელი საჯარო მოხელე აღარ იყოს — ანა ნაცვლიშვილი

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი