ახალი ამბები

მოსკოვში 1978 წელს შეცდომით მიიწვიეს გერმანელი გეი აქტივისტები – Meduza/DW

11 დეკემბერი, 2018 • 2321
მოსკოვში 1978 წელს შეცდომით მიიწვიეს გერმანელი გეი აქტივისტები – Meduza/DW

1978 წელს  საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანმა ივან კაპიტონოვმა მოსკოვში შეცდომით მიიწვია ბერლინელი გეი-მოძრაობის აქტივისტები, — მედუზას ცნობით, ასე განუცხადა გერმანულ გამოცემა “დოიჩე ველეს” კულტუროლოგმა ლარისა ბელცერ-ლისუტკინამ, რომელიც გერმანელ აქტივისტებს სსრკ-ში სტუმრობისას თან ახლდა.

აქტივისტები, მონათხრობის თანახმად, შეცდომით მიიწვიეს, — ეს იმის ფონზე, რომ თავად სსრკ-ში იმავე წელს 1 300-ზე მეტი ადამიანი გაასამართლეს ჰომოფობიური მოტივით.

როგორც ბელცერ-ლისუტკინა ამბობს, ცეკას კურატორმა მას უამბო, რომ მოსკოვში “ახალგაზრდა კომუნისტების წყვილი უნდა ჩამოსულიყო ორგანიზაციიდან HAW, რომლებსაც ახალგაზრდობასთან კონტაქტების დამყარება სურდათ”. თუმცა კურატორმა არ იცოდა, რომ ისინი წარმოადგენდნენ ორგანიზაციას, სახელად “ჰომოსექსუალთა მოძრაობა დასავლეთ ბერლინი” (Homosexuelle Aktion Westberlin).

ეს ჯგუფი (HAW) გერმანული ლგბტ მოძრაობის მეორე ტალღის პირველი ორგანიზაცია იყო, რომელიც 1971 წლიდან 1999 წლამდე არსებობდა.

ბელცერ-ლისუტკინას თანახმად, აქტივისტები მოსკოვში ადგილობრივ გეი-თემთან კონტაქტების დამყარების მიზნით ჩამოვიდნენ.

“მეორე დღეს ისინი უკვე გვეკითხებოდნენ: “სად არის აქ გეი-კლუბები”? მე ვეუბნები: “იცით, ჩვენთან ყველაფერი გაერთიანებულია, არ გვაქვს სპეციალური გეი-კლუბები”… “ვაჰ, ხედავ”, – ეუბნება ერთი მეორეს, – “აქ ყველანი ინტეგრირებული ყოფილან”. აი, მაშინ გავიფიქრე, რომ სადგისს ტომარაში ვეღარ დავმალავდი”, – ამბობს იგი.

პირველი სამი დღის განმავლობაში კულტუროლოგმა მოახერხა, მოსკოვში სეირნობით შეექცია აქტივისტები, თუმცა მეოთხე დღეს მოუწია ეამბო მათთვის სიმართლე სსრკ-ში ქვიარების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, — რომ ჰომოსექსუალობა სისხლის სამართლის კოდექსით ისჯებოდა.

აქტივისტებმა უპასუხეს, რომ მაინც სურდათ გასაუბრებოდნენ რამდენიმე ადამიანს.

საბოლოოდ, როგორც ბელცერ-ლისუტკინა ამბობს, მან აქტივისტებს უამბო, რომ გეი კაცები საზოგადოებრივ ტუალეტებში უტოვებდნენ ერთმანეთს ტელეფონის ნომრებს და ქმარს სთხოვა, აქტივისტები ერთ-ერთ ასეთ ტუალეტში წაეყვანა. ქმარიც დათანხმდა, სანაცვლოდ კი საჩუქრად ერთ-ერთი სტუმრისგან ჯინსის შარვალი მიიღო.

საბოლოოდ მან ზემდგომს — ცეკას კურატორს — უთხრა ამ შეცდომის შესახებ და შესთავაზა, “ამხანაგი კაპიტონოვისთვის” ეთქვათ ეს ამბავი თუმცა კურატორმა ამაზე უარი უთხრა.

“მიპასუხა: “რას ამბობ? ჭკუიდან ხომ არ გადასულხარ? მივიყვანოთ ეს საქმე ბოლომდე, ჩავსხათ თვითმფრინავში, ხელი დავუქნიოთ და პრემია გამოვიწეროთ. ჩემი ხელით გამოვიწერ პრემიას, აი, ამ ხელებით!”, – ამბობს ლისუტკინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი