ახალი ამბები

შესაძლოა, პრეზიდენტის ათობით თანამშრომელი საჯარო მოხელე აღარ იყოს — ანა ნაცვლიშვილი

12 დეკემბერი, 2018 • 2742
შესაძლოა, პრეზიდენტის ათობით თანამშრომელი საჯარო მოხელე აღარ იყოს — ანა ნაცვლიშვილი

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი პარლამენტს მოუწოდებს, არ მიიღოს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები, რომლითაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები საჯარო მოხელეები აღარ იქნებიან, — გვამცნობს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური.

რუსთავი2-ის თანახმად, აღნიშნული კანონპროექტი შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციის 114 თანამშრომელს და ის ზურაბიშვილს უფლებას აძლევს,  კომპენსაციის გარეშე გაათავისუფლოს.

ნაცვლიშვილი საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების იმ პროექტს აპროტესტებს, რომელიც პარლამენტარებმა, გურამ მაჭარაშვილმა და რატი იონათამიშვილმა შეიმუშავეს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების სამსახურში მიღების ახალ წესს არეგულირებს.

რას ითვალისწინებს კანონპროექტი?

ცვლილების თანახმად, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით ყალიბდება:

მუხლი 78: ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები და მათი საჯარო სამსახურში მიღება

1. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით საჯარო სამსახურში მიიღებიან:

ა) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის თანაშემწე;
ბ) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მრჩეველი;
გ) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უშუალო აპარატის/ სამდივნოს/ბიუროს თანამშრომელი. აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხვა თანამშრომელი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა.

სწორედ ეს ბოლო ნაწილია კანონპროექტში დამატებული.

როგორც კანონის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, რეალურად, წარმოადგენენ რა საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებების განხორციელებაში ხელშემწყობ პირებს, უნდა იყვნენ ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული.

პრესსამსახურის ცნობით, ეს ცვლილებები 11 დეკემბერს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე უნდა განხილულიყო, თუმცა პარლამენტში მისულ ნაცვლიშვილს და მის მოადგილეს კომიტეტის ჩანიშნული სხდომა გადადებული დახვდათ.

როგორც მარგველაშვილის ადმინისტრაციის პრესსამსახური იუწყება, ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ შემოთავაზებული ცვლილებით, ადმინისტრაციაში დასაქმებული ადამიანები აღარ იქნებიან საჯარო მოხელეები და, შესაბამისად, მათზე, როგორც საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებზე, არანაირი დაცვის გარანტიები აღარ გავრცელდება.

“დაუსაბუთებლობა”

ამ ცვლილებას, ნაცვლიშვილის შეფასებით, “თან არ ახლავს არანაირი სათანადო დასაბუთება, არ არის გააზრებული, მათ შორის არ არის დანახული მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა დაცვისკენაც უნდა იყოს მიმართული საკანონმდებლო პოლიტიკა და არა პირიქით”.

“როდესაც საქართველომ განახორციელა საჯარო სამსახურის რეფორმა, მივიღეთ მაღალი სტანდარტის კანონმდებლობა, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ევროკავშირი და სხვა პარტნიორები საქართველოს ევროპასთან დაახლოების გზაზე ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევდნენ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში შეიქმნას საჯარო მოხელეების რგოლი, რომელიც იქნება კომპეტენტური, პროფესიონალი ადამიანებით დაკომპლექტებული რგოლი და არ მოხდება ამ ადამიანების ცვლილება პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცვლასთან ერთად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კონცეფცია თავის მხრივ, იმიტომ, რომ არ შეიძლება საჯარო მოხელეები, პროფესიული ნიშნით შერჩეული ადამიანები იყვნენ მიბმული პოლიტიკური ხელმძღვანელობის ცვლილებასთან”, – ამბობს ნაცვლიშვლი.

მისივე თქმით, კანონპროექტის ახლანდელი ვერსია ამ რეფორმის სულისკვეთებას “მთლიანად ეწინააღმდეგება”.

ნაცვლიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ “ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ნაჩქარევად არ მიიღებენ”.

“გეტყვით კონსულტაციების შემდეგ”

რუსთავი2-ის ჟურნალისტის კითხვაზე, რის გამო შემოვიდა მსგავსი შინაარსის კანონპროექტი პარლამენტში მარგველაშვილის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე, — ეს ხომ ნიშნავს, რომ ყველას მარტივად გაუშვებენ, — კანონპროექტის ინიციატორმა გურამ მაჭარაშვილმა უპასუხა: “კონსულტაციები მიდის და გეტყვით ზუსტად… რა ფორმულირებით იქნება და როგორი იქნება, მაგას გეტყვით ზუსტად კონსულტაციების შემდეგ”.

ტელევიზიის ცნობით, კომიტეტში საკითხის განხილვა 12 დეკემბერს იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი