ახალი ამბები

ჯამალ ხაშოკჯი და სხვა “მცველები” — ჟურნალ “ტაიმის” წლის ადამიანები

11 დეკემბერი, 2018 • 1776
ჯამალ ხაშოკჯი და სხვა “მცველები” — ჟურნალ “ტაიმის” წლის ადამიანები

ჟურნალმა “ტაიმმა” წლის ადამიანები დაასახელა, მათ შორის არის საუდელი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოკჯი, რომელიც სტამბოლში მოკლეს.

“მცველები” (The Guardians) — ასე უწოდა “ტაიმმა” წლის ადამიანებს. ესენი არიან:

  1. ჯამალ ხაშოკჯი — საუდელი ჟურნალისტი, “ვაშინგტონ პოსტის” მესვეტე, რომელიც 2018 წლის შემოდგომაზე სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში სასტიკად მოკლეს. იგი საუდელი პრინცის, მოჰამედ ბინ სალმანის შესახებ კრიტიკულ პუბლიკაციებს აქვეყნებდა.

    კაპიტალ გაზეთის რეპორტიორები. ფოტო: NBC

  2. ამერიკული “კაპიტალ გაზეთის” ხუთი ჟურნალისტი, რომლებიც 28 ივნისს მერილენდში მდებარე რედაქციაში სროლას ემსხვერპლნენ — ჯონ მაკნამერა, რებეკა სმიტი, რობ ჰაიასენი, ჯერალს ფიშმანი და უენდი უინტერსი. მსროლელი, NBC-ის თანახმად, იყო ადამიანი, რომელმაც გაზეთს სასამართლოში უჩივლა და საქმე წააგო.

    მარია რესსა

  3. მარია რესსა — CNN-ის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი, რომელმაც 2012 წელს გაუშვა ონლაინ გამოცემა Rappler და ფილიპინების პრეზიდენტის, როდრიგო დუტერტეს შესახებ კრიტიკულ სტატიებს წერდა. ორგანიზაციის, “კომიტეტი ჟურნალისტების დასაცავად” (CPJ), დუტერტეს დაქვემდებარებაში მყოფი იუსტიციის დეპარტამენტის მხრიდან რესსა გახდა “სამართლებრივი დევნის კამპანიის” სამიზნე.

    ვა ლოუნი და კიაუ სოუ ოო

  4. ახალი ამბების სააგენტო Reuters-ის ბირმელი ჟურნალისტები — ვა ლოუნი და კიაუ სოუ ოო — რომლებიც მიანმარელმა მოსამართლემ 7 წლით გაამწესა ციხეში. ამის მიზეზი იყო კოლონიური პერიოდის დროინდელი კანონი “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ”, რომელიც სამხედრო მასობრივი მკვლელობის გაშუქებას კრძალავს. ისინი მუსლიმი უმცირესობის, როჰინჯების, მასობრივ მკვლელობებს აშუქებდნენ.

1927 წლიდან “ტაიმი” ყოველწლიურად ავლენს წლის ადამიანებს. რედაქტორები ამბობდნენ, რომ წლის ბოლოს, როდესაც ახალი ამბების რუბრიკა თითქმის ცარიელდებოდა, მკითხველის ინტერესიც იკლებდა. ამიტომ გადაწყვიტეს, სპეციალური გამოცემა შეექმნათ წლის გავლენიან პიროვნებაზე. იმ წელს ასეთი კაცი ავიატორი ჩარლზ ლინდერბერგი აღმოჩნდა.

თუმცა თავდაპირველად რუბრიკას “წლის კაცი” ერქვა. პირველად ქალი, ვალის სიმპსონი, წლის გმირად 1937 წელს დაასახელეს, თუმცა სპეციალური გამოცემის სათაური გენდერულად ნეიტრალური მხოლოდ 1999 წელს გახდა და “წლის ადამიანიც” სწორედ ამ წელს ეწოდა.

წლის ადამიანი ყოველთვის ადამიანი არ ხდება – ეს შეიძლება იყოს მოვლენა, იდეა, არქეტიპი ან ნივთი, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პერსონა. მაგალითად, 1982 წელს ჟურნალის ყდაზე პერსონალური კომპიუტერი გამოჩნდა. 2011 წელს კი ყდა პროტესტის მონაწილეებმა დაიკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი