ახალი ამბები

საფრანგეთის აქციების ფონზე ეგვიპტეში ყვითელი ჟილეტების მოქალაქეებზე გაყიდვა აიკრძალება

11 დეკემბერი, 2018 • 1329
საფრანგეთის აქციების ფონზე ეგვიპტეში ყვითელი ჟილეტების მოქალაქეებზე გაყიდვა აიკრძალება

საფრანგეთში მიმდინარე საპროტექსტო აქციების ფონზე ეგვიპტეში ყვითელი ჟილეტების გაყიდვა მკაცრდება. როგორც The Guardian წერს, ეგვიპტეში შიშობენ, რომ შესაძლოა მთავრობის ოპონენტებმა ფრანგების საპროტესტო მეთოდს მიმართონ.

როგორც გამოცემა წერს, ყვითელი ჟილეტები, რომლებიც სამშენებლო და სხვა სფეროებში უსაფრთხოების მიზნით გამოიყენება, რიგითი მყიდველებისთვის ხელმისაწვდომი აღარ იქნება და მწარმოებლებს მათ მიყიდვა მხოლოდ კომპანიებისთვის, ისიც პოლიციის ნებართვით შეეძლებათ. თუ ამ წესს დაარღვევენ, გამყიდველი დაისჯება.

როგორც გარდიანი წერს, კაიროში ინდუსტრული უსაფრთხოებისთვის განკუთვნილი ნაწარმის 6 მაღაზიაში ყვითელ ჟილეტებს აღარ ყიდიან. ორმა მაღაზიამ, გამოცემის ცნობით, უარი თქვა მათ გაყიდვაზე და დამატებითი განმარტება არ გაუკეთებიათ, 4 მაღაზიაში კი აცხადებენ, რომ ეს მათ პოლიციამ დაავალა:

“როგორც ჩანს, არ სურთ იგივე მოხდეს, რაც საფრანგეთში ხდება”, – ამბობს ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველი. პერსონალის თქმით, რამდენიმე დღის წინ მაღაზიებში პოლიცია მივიდა და ჟილეტების გაყიდვა აუკრძალა.

ეგვიპტის უშიშროების მაღალჩინოსნების თქმით, შეზღუდვები იანვრის ბოლომდე იქნება ძალაში.

როგორც გამოცემა წერს, რეგულაციები ეგვიპტეში 2011 წლის საპროტესტო აქციების ექვსი წლისთავს უკავშირდება. 2011 წელს, 18-დღიანი მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაკმა თანამდებობა დატოვა. ამის შემდეგ ეგვიპტის პრეზიდენტი მოჰამედ მორსი გახდა, რომელიც მალევე, 2013 წელს სამხედრო გადატრიალების შედეგად თანამდებობიდან ჩამოაგდეს და დააპატიმრეს.

2011 წლის აქციების წლისთავის აღნიშვნა ეგვიპტეში უკვე წლებია მასობრივ არეულობაში გადადის. ბოლო წლებში მსგავს არეულობას არაერთი ადამიანი ემსხვერპლა.


საფრანგეთში ერთი თვეა მასშტაბური საპროტექსტო გამოსვლები იმართება. “ყვითელი ჟილეტების” აქციის მონაწილეები თავდაპირველად საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებდნენ, თუმცა შემდგომ მოძრაობამ ანტისამთავრობო ხასიათი შეიძინა. ისმის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნებიც.  პარალელურად, საფრანგეთის ხელისუფლება ამბობს,  რომ აქციები “ძალადობრივად განწყობილ დემონსტრაციებად” იქცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი