ახალი ამბები

ნარმანიას მერობისას ხუთ ტრენინგში არარაციონალურად დახარჯული 121 ათასი – აუდიტი

11 დეკემბერი, 2018 • 1112
ნარმანიას მერობისას ხუთ ტრენინგში არარაციონალურად დახარჯული 121 ათასი – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2015-2016 წლებში, დავით ნარმანიას მმართველობისას, თბილისის მერიამ ხუთ ტრენინგში 121 400 ლარი გადაიხადა. აუდიტის ანგარიშის თანახმად, ამ თანხაში შედიოდა 378 პირისთვის სასტუმროსა და ტრანსპორტირების ხარჯები.  ტრენინგები ქალაქის მთავრობამ სასტუმრო “გუდაური Marco Polo”-სა და Borjomi Palace-ში ჩაატარა.

აუდიტის სამსახურის ცნობით, მერიამ 2015-2016 წლებში დააფინანსა ღონისძიებები, რომელთა მიზანი თანამედროვე მართვის სტანდარტების დანერგვა და დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლება იყო. სატრენინგო კურსისთვის ქალაქის მთავრობამ თანხა “მერიის სისტემის საქმიანობის ხელშეწყობის” პროგრამიდან გამოყო.

2015 წელს ჩატარებული ორდღიანი ტრენინგი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებს ეხებოდა, ქალაქის ბიუჯეტს 22 400 ლარი დაუჯდა. 2016 წლის მაისში “გუდაური Marco Polo”-ში იმავე თემაზე ჩატარებულ ორდღიან ტრენინგში, რომელსაც წინას მსგავსად 80 პირი ესწრებოდა, მერიამ 24 600 ლარი გადაიხდა.

წყარო: სახელმწიფო აუდიტის სამსახური

როგორც აუდიტის სამსახური ამბობს, სატენდერო დოკუმენტაციით, თბილისის მერიის მხრიდან დეტალურად არის განსაზღვრული ის მოთხოვნები, რასაც სასტუმრო უნდა აკმაყოფილებდეს. უნდა იყოს მაღალი დონის შესაბამისი მომსახურებით, ასევე, სამჯერადი კვება შვედური მაგიდით. ანგარიშის თანახმად, ტრენინგში მონაწილე პირებს სასტუმროში ანთავსებდნენ კურსის დაწყებამდე ერთი დღით ადრე.

მერიის თანამშრომლებს ტრეინინგები მოწვეულმა ტრენერებმა ჩაუტარეს. ანგარიშში წერია, რომ მერიამ ტრენერს მხოლოდ ერთ შემთხვევაში გადაუხადა 840 ლარი. ამასთან, ჩატარებულ ტრეინინგებს ძირითადად ჰქონდა მოსმენითი სემინარის სახე და კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები მონაწილეებს მხოლოდ Borjomi Palace-ში ჩატარებული შეხვედრისას გადასცეს.

ანგარიშის თანახმად,  2016 წელს, 27-29 მაისსა და 5-6 ნოემბერს, გუდაურში, სასტუმრო Marco Polo-ში ჩატარდა ტრეინინგები „სახელმწიფო შესყიდვების კურსის“ შესახებ, რომლებზეც ძირითადად განხილული იყო შინაარსობრივად ერთნაირი თემები. მოწვეული ტრენერების გარდა, სემინარს ესწრებოდნენ თბილისის მერიისა და გამგეობების თანამშრომლები: პირველ შეხვედრაზე 57, ხოლო მეორე შეხვედრაზე – 61 პირი. მათგან 18 თანამშრომელი მონაწილეობდა ორივე სემინარში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მიაჩნიათ, რომ ტრეინინგები ისე უნდა დაეგეგმათ, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები უფრო ეფექტურად დახარჯულიყო.

“ტრეინინგების თბილისის ტერიტორიაზე ჩატარების შემთხვევაში, გახარჯული 121 400  ლარით შესაძლებელი იქნებოდა მნიშვნელოვნად მეტი სწავლების ჩატარება, რაც უზრუნველყოფდა აღნიშნულ პროცესში გაცილებით მეტი თანამშრომლის ჩართულობასა და, შესაბამისად, მათი კვალიფიკაციის ამაღლებას,” – წერია ანგარიშში.

სახელმწიფო აუდტიტის სამსახურში აცხადებენ, რომ  მერიას უფლება აქვს, დასაქმებულები გადაამზადოს, თუმცა შეზღუდული ფინანსური რესურსების პირობებში მუნიციპალიტეტი ვალდებულია, საბიუჯეტო სახსრები დახარჯოს რაციონალურად, პროდუქტიულად და ეკონომიურად.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ანგარიში 2015-2016 წლებში თბილისის მერიის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გაწეული ხარჯების შესწავლის საფუძველზე მოამზადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი