ახალი ამბები

ინტერნეტში Vali.ge-ს მსგავსი ცრუ საიტიც შეიქმნა

11 დეკემბერი, 2018 • 3803
ინტერნეტში Vali.ge-ს მსგავსი ცრუ საიტიც შეიქმნა

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მსესხებელებს აფრთხილებს, რომ პრობლემური სესხების შესახებ ინფორმაცია ატვირთულია მხოლოდ ამ პროექტისთვის შექმნილ ვებგვერდზე – Vali.ge.

ამ დროისთვის სოციალურ ქსელსა და ინტერნეტში შექმნილია რამდენიმე გვერდი (მაგ. Wali.ge), სადაც განთავსებულია სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტის სარეკლამო ინფორმაციები. ყალბი საიტი შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს ურჩევს, კვლავ აიღონ რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან სწრაფი სესხი.

ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, პრობლემური სესხების მფლობელებმა ყურადღება უნდა მიაქციონ იმას, რომ სესხების შესახებ ინფორმაცია ატვირთულია მხოლოდ და მხოლოდ პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე – Vali.ge.

ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანისთვის ვადაგადაცილებული სესხის ჩამოწერასთან დაკავშირებული საიტი 10 დეკემბერს, 18:00 საათზე უნდა ამუშავებულიყო, თუმცა საიტის გაშვება დაგვიანდა. როგორც “ნეტგაზეთს” ფინანსთა სამინსიტროში განუცხადეს, საიტი დამუშავების პროცესში იყო. მოგვიანებით საიტი ჩაირთო, თუმცა შეფერხებით მუშაობდა.

ვებგვერდზე საქართველოს მოქალაქეებმა პირადი ნომერი და დაბადების თარიღი უნდა მიუთითონ. ამ დროისთვის ბაზა მოიცავს “საქართველოს ბანკის”, “თიბისი ბანკის”, “ლიბერთი ბანკის”, “სილქ როუდ ბანკის”, “ხალიკ ბანკი საქართველოს” და “იშბანკი საქართველოს” სესხების შესახებ ინფორმაციას.

ვებგვერდზე ასევე მითითებულია, რომ უახლოეს პერიოდში სიას დაემატება სხვა საფინანსო ორგანიზაციები, რადგან ამ დროისთვის მიმდინარეობს ბაზების დაზუსტების პროცედურები.

აღნიშნული საიტი, რომლის დომენის მფლობელია “ქართუ”, 2019 წლის 31 დეკემბრამდე იმუშავებს:

ვალების განულების ვებგვერდი ჩაირთო

მასალების გადაბეჭდვის წესი