ახალი ამბებირეკლამა

არ იცით სად გადარიცხოთ საახალწლო შემოწირულობა? გაიცანით პროექტი „ჩართე“

10 დეკემბერი, 2018 • 2683
არ იცით სად გადარიცხოთ საახალწლო შემოწირულობა? გაიცანით  პროექტი „ჩართე“

„ინტერნეტი თითოეული ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა!“ – რა არის პროექტი „ჩართე“ და რატომაა აუცილებელი, ჩავერთოთ მის საახალწლო კამპანიაში?

„ინტერნეტი თითოეული ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა!“ – ამტკიცებს „ჩართეს“ გუნდი. საქველმოქმედო პროექტმა წარმატებული წელი გალია და, როგორც ჩანს, მისი თანამშრომლები ამ წინადადებაში კიდევ უფრო მეტად დარწმუნდნენ.

„ჩართე“ ქართული ინოვაციური „კრაუდფანდინგ“ (Crowdfunding) პლატფორმაა. მისი მიზანია, კერძო დონორების წყალობით სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს კომპიუტერები გადასცეს და ინტერნეტი ჩაურთოს. თითოეულ ადამიანს შეუძლია, შევიდეს საიტზე და ერთი ხელის მოსმით, ზუსტად 5 წუთში გახდეს ცოდნის დონორი.

როგორ მუშაობს პლატფორმა?

შეხვალთ, მიუთითებთ სასურველ ყოველთვიურ შემოწირულობას (და თავადვე გადაწყვეტთ, თქვენი დაფინანსების რა ნაწილი დაიხარჯოს მოსწავლეების დაფინანსებაზე). „ჩართეს“ გუნდის წევრების თქმით, სულ რაღაც 1 ლარის შემოწირულობაც კი მნიშვნელოვანია. საიტს საბანკო ბარათს მიაბამთ და თანხა ყოველ თვე ავტომატურად ჩამოგეჭრებათ. თუ შემოწირულობის შეწყვეტა მოგინდებათ, არც ამაზე გაწვალდებით.

როგორ მუშაობს პროექტი?

„ჩართეს“ თანამშრომლები ზედმიწევნით იკვლევენ თითოეულ პოტენციურ ბენეფიციარს – უკავშირდებიან სკოლებს და მათგან იღებენ მოსწავლეების შესახებ ინფორმაციას და სოციალური სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტებს, აგზავნიან კითხვარებს, დადიან სოფლებში, ესაუბრებიან ბავშვების ოჯახს, მასწავლებლებს, მეგობრებს, შეისწავლიან მათ საცხოვრებელ გარემოს და ატარებენ ინტერვიუებს. შედეგად, შეგიძლიათ, საიტზე თითოეული „ჩართული“ და პოტენციური ბენეფიციარის შესახებ წაიკითხოთ.

ლეპტოპის გადაცემის შემდეგ „ჩართეს“ გუნდის წევრები თითოეულ მოსწავლეს „ონლაინ მენტორობას“ უწევენ – ასწავლიან ინტერნეტისა და კომპიუტერის მოხმარებას, ურჩევენ ონლაინ საგანმანათლებლო, სახელოვნებო და საინფორმაციო რესურსებს და პასუხობენ მათ ნებისმიერ შეკითხვას. მოსწავლეები, ინტერნეტის გარდა, საჩუქრდებიან „ჩართეს“ პარტნიორების ონლაინ კურსებითა და რესურსებით, მაგალითად: ნებულა, lingwing, საბა, skills.ge, ინკო. მოსწავლეები აქტიურად იყენებენ, ასევე, მსოფლიოს წამყვან უფასო ონლაინ რესურსებს. აქედან ორი საგანმანათლებლო პლატფორმა – ხანის აკადემია და Code.org – თავად „ჩართეს“ დამაარსებელი ორგანიზაციის, Educare Georgia-ს, გაქართულებულია.

როგორც წესი, ლეპტოპებს კორპორატიული დონორები აფინანსებენ, ინტერნეტის საფასურს კი რიგითი მოქალაქეები იხდიან. შემოწირულობები მიიღება როგორც ქართული, ისე უცხოური საბანკო ბარათებით. პროექტი სრულიად გამჭვირვალეა – თითოეული დონორი ყოველ თვე გამჭვირვალობის ანგარიშს იღებს, სადაც პროექტის თითეული ხარჯია აღწერილი.

რა გაკეთდა აქამდე?

მხარდამჭერი ორგანიზაციების წყალობით, დღეს ჩართულია ბორჯომი, ფრეზეთი, დვანი, წეროვანი და წილკანი და სხვა დასახლებები. სრული სიისთვის ნახეთ „ჩართეს“ პროექტები და რუკა. დღევანდელი სტატისტიკა კი ასეთია:

რატომ ინტერნეტი?

„ჩართე“ საგანმანათლებლო ფონდის დაარსებული პროექტია და მის გუნდს ღრმად სწამს, რომ ინტერნეტი – განათლებაზე, ინფორაციაზე, კომუნიკაციაზე, თვითგამოხატვისა და თვითგანვითარების რესურსებზე წვდომის უმთავრესი საშუალება – აუცილებელია არა მხოლოდ „ჩართეს“ ბენეფიციართა ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად, არამედ მთელი ქვეყნისთვის. მათი აზრით, ინტერნეტის გავრცელების შედეგად:

[checklist]

  • გაიზრდება ბენეფიციარების აკადემიური მოსწრება, ცოდნა და პროდუქტიულობა;
  • გაიზრდება საზოგადოების მოქალაქეობრივი თვითშეგნება და განათლების დონე;
  • გაიზრდება ეკონომიკა და საზოგადოების პროდუქტიულობა;
  • შემცირდება უმუშევრობა და სოციალური უთანასწორობა.

[/checklist]

„ჩართეს“ გუნდი მუდმივად იკვლევს, თუ რა გავლენა აქვს ინტერნეტს მათ ბენეფიციარებზე, როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება. როგორც გუნდის წევრები გვეუბნებიან, ჯერჯერობით საოცარ შედეგებს იღებენ; ისინი გვპირდებიან, რომ კვლევის მიგნებებს მომავალში ეტაპობრივად გაგვაცნობენ.

რა შეგიძლიათ, რომ გააკეთოთ თქვენ?

თუ ხართ რიგითი მოქალაქე, დარეგისტრირდით „ჩართეს“ დონორად და გაიღეთ თუნდაც 1 ლარის შემოწირულობა!

თუ ხართ ბიზნესი ან ორგანიზაცია, დაეხმარეთ „ჩართეს“ საახალწლო კამპანიის ჩატარებაში. გაიღეთ სულ რაღაც 2600 დოლარის შემოწირულობა და ჩართეთ 10 მოსწავლე! თქვენ მხოლოდ ის მოგეთხოვებათ, დაუკავშირდეთ „ჩართეს“ გუნდს და გადარიცხოთ ფული. მოსწავლეების მოძიებაზე, ლეპტოპების შეძენაზე და გადაცემაზე და ბენეფიციარების საგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყოფაზე „ჩართეს“ გუნდი იზრუნებს, ინტერნეტის საფასურს კი რიგითი მოქალაქეები დააფინანსებენ.

თუ ჯერ კიდევ ყოყმანობთ, წაიკითხეთ „ჩართეს“ მოსწავლეებს ისტორიები:

თამარ ჩხაიძე – ძალიან აქტიური გოგონა, რომელსაც უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და  უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას აპირებს.

არა, კი არ აპირებს, უკვე იბრძვის კიდეც. „რამდენიმე მასწავლებელმა გადაწყვიტა, რომ უზრდელი ვარ იმის გამო, რომ ხმამაღლა ვაფიქსირებ, როცა უსამართლობას ვხედავ. არ აქვს მნიშვნელობა, დიდია თუ პატარა, თუ ვხედავ, რომ ვიღაც სხვას ამცირებს, ან ცუდად ექცევა, ვერ ვითმენ, რომ არ ჩავერიო”. იმასაც დასძენს, რომ მსგავს სიტუაციებში გამოხატვის ფორმასაც აქვს მნიშვნელობა – „ძალიან იმპულსური ვარ, მაგრამ ვცდილობ, მოთმინებით ავუხსნა, რატომ მგონია მათი ქცევა არასწორი.”

უსამართლობასა და დანაშაულთან ბრძოლას მომავალში პროფესიულად აპირებს  – 16 წლის თამარს იურიდიულზე უნდა ჩაბარება, რომ მერე გამომძიებელი ან აგენტი გახდეს. ადრე კადეტთა სკოლაში ჩაბარებაზე და ჯარისკაცობაზე ვფიქრობდი, მაგრამ მგონია, რომ ასე უფრო მეტი კარგი საქმის გაკეთებას მოვახერხებო, თუმცა იმასაც განიხილავს, რომ ერთიც გააკეთოს და – მეორეც.

ახლა მოდელირებულ სასამართლო პროცესებში და სხვადასხვა ახალგაზრდულ პროექტშია ჩართული, რაც მომავალ იურიდიულ კარიერაშიც დაეხმარება. „ჩართეს“ გადაცემული კომპიუტერი და ინტერნეტი მეცადინეობის გარდა განსაკუთრებით სწორედ ამაში ადგება – ადრე ტელეფონში უწევდა ფაილების გადმოწერა და მუშაობა, მიმდინარე საორგანიზაციო საკითხებშიც ნაკლებად ახერხებდა ჩართვას და ინფორმირებულიც ნაკლებად იყო. ახლა მეტად მობილიზებულია და დროსაც უკეთ ანაწილებს.

ინტერნეტს თავისუფალ დროსაც იყენებს – ფილმების ყურება უყვარს, განსაკუთრებით ფსიქოლოგიური და დეტექტიური ჟანრის ფილმები მოსწონს. ჰგონია, რომ საკუთარი გამოცდილების გარდა ფილმებიც გვეხმარება ადამიანებთან ურთიერთობაში და მათი ქცევების უკეთ გაგებაში.

თამარი ფიქრობს, რომ როცა აქტიური ხარ, თავად ხდი შენს ცხოვრებას საინტერესოს. რაც უფრო მეტად გამოხატავ საკუთარ თავს, მით უფრო მეტმა ადამიანმა იცის შენი შესაძლებლობების შესახებ და გარშემოც უფრო მეტი ისეთი ადამიანი გყავს, რომელსაც შეგიძლია, დაეყრდნო. თამარს უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა. ის ფიქრობს, რომ ერთმანეთისადმი გამოხატული კეთილგანწყობა და ყურადღება, ჩვენ მიერ გაცემული დადებითი ემოციები ყოველთვის გვიბრუნდება უკან – შეიძლება, ცოტა გვიან, მაგრამ ყოველთვის.

ბაგრატ გოგიძე – მორიდებული ბიჭი, რომელსაც ქაღალდის ნაკეთობების შექმნა უყვარს.

ბაგრატი წელს აბიუტრიენტია და სწავლას ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე აპირებს  – აუდიტობა ან ბუღალტრობა მინდაო. „ჩართეს“ გადაცემულ კომპიუტერსა და ინტერნეტს მეცადინეობისასაც აქტიურად იყენებს – სხვადასხვა ტესტებსა და სავარჯიშოებს აკეთებს, გამოცდებისთვის ემზადება. ინგლისურის უკეთ სწავლაც მინდაო და, „ჩართეს“ გუნდს დაჰპირდა, მომავალში ფილმებს ინგლისურად ვუყურებო. თურმე, მართვის მოწმობაც ინტერნეტის წყალობით აიღო – თეორია ჩემით, ინტერნეტით ვისწავლეო.

აღიარებს, რომ ინტროვერტია –  თავისუფალი დრო რომ გამოუჩნდება, კლასელებთან ერთად ყოფნის მაგივრად ყოველთვის თავისთვის, სახლში ყოფნა და წიგნების კითხვა ან ფილმების ყურება ურჩევნია. ბუნებაში ყოფნაც მოსწონს –  ლაშქრობები და ექსკურსიები, ახალი ადგილების ნახვა, არქიტექტურაზე დაკვირვება. ჯერ საქართველოში ბევრი არ უმოგზაურია, თუმცა ძალიან უნდა და აპირებს.

კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ჰობი აქვს – ქაღალდისგან ნაირ-ნაირ ნაკეთობებს ქმნის – Youtube-ზე ვიდეობს ვუყურებ და ვსწავლობო. თავიდან ინტერესი ფეისბუქზე ნანახი ფოტოთი გაუჩნდა, მერე ვიდეოები მოიძია და ახლა თვითონაც შეაქვს კორექტივები ფიგურების დიზაინში.

მასალების გადაბეჭდვის წესი