WHO საქართველოს მოუწოდებს, თამბაქოს პროდუქტებზე ფასი გაზარდოს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) საქართველოს რეკომენდაციით მიმართავს, თამბაქოს ყველა პროდუქტზე ფასები გაიზარდოს. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ საქართველოს მოსახლეობის 32%-ზე მეტი არის თამბაქოს მომხმარებელი, შედეგად, ქვეყანაში ყოველწლიურად დაახლოებით 11 400 ადამიანი იღუპება.

მათივე ცნობით, თამბაქოთი გამოწვეული დაავადებებისა და პროდუქტიულობის კლების გამო ქვეყნის მშპ ყოველწლიურად 2.4%-ს კარგავს, რაც დაახლოებით 825 მილიონი ლარია.

“2017 წელს, გაეროს განვითარების პროგრამის მიერ საქართველოში თამბაქოს კონტროლის საინვესტიციო შემთხვევის კვლევის თანახმად, თამბაქოზე გადასახადების ზრდა საქართველოში 15-წლიან პერსპექტივაში თამბაქოს მოწევის მაჩვენებელს 27%-ით შეამცირებს, გადაარჩენს 35 000 ადამიანის სიცოცხლეს და მოიტანს სარგებელს 2.2 მილიარდი ლარის მოცულობით,” – აცხადებენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით,  სერიოზული პრობლემაა თამბაქოს პროდუქტების არათანაბარი დაბეგვრა, ანუ სხვაობა უფილტრო და ფილტრიან სიგარეტების გადასახადებს შორის. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ეს თამბაქოს ინდუსტრიას შესაძლებლობას აძლევს, გვერდი აუაროს გადასახადს, მწეველთა ნაწილს კი თამბაქოს ერთი პროდუქტის მეორეთი ჩანაცვლებისკენ უბიძგებს.

ორგანიზაციის ცნობით, მთავრობის მიერ აქციზის ზრდის მიუხედავად, რეგიონის ქვეყნებთან შედარებით, თამბაქოს პროდუქტების ფასი საქართველოში კვლავ ერთ-ერთი დაბალია. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ გადასახადების ზრდამ მოწევაზე თავის დანებებისკენ მწეველთა მხოლოდ ნაწილს უბიძგა, ამიტომ თამბაქოს ნაწარმზე ფასების ზრდა უნდა გაგრძელდეს.

“გადასახადების გაზრდა თავიდან აგვაცილებს უამრავი არამწეველის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების მხრიდან თამბაქოს მოწევის დაწყებასაც. გაიზრდება როგორც საბიუჯეტო შემოსავლები, ასევე უამრავი ოჯახის დანაზოგი,” – წერია განცხადებაში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, თამბაქოზე სააქციზო გადასახადის გასამმაგება დაბალი და საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების უმრავლესობაში აორმაგებს სიგარეტის ფასებს და დაახლოებით 40%-ით ამცირებს ამ პროდუქტების მოხმარებას.

ორგანიზაცია თამბაქოს ინდუსტრიის არგუმენტსაც ეხმაურება. საერთაშორისო ორგანიზაციის მტკიცებით, თამბაქოზე ფასების ზრდით უკანონო ვაჭრობა არ გაიზრდება, როგორც ამას თამბაქოს ინდუსტრია ირწმუნება.

“მრავალი ფაქტი და მტკიცებულება გვიჩვენებს, რომ ქვეყნებს, სადაც თამბაქოზე მაღალი გადასახადები და ფასები და კანონის ძლიერი ადმინისტრირებაა, საკმაოდ მცირე უკანონო ბაზარი აქვთ, ან ის უმნიშვნელოდ იზრდება. საქართველო ერთ-ერთი კარგი მაგალითია ამ მხრივ. 2004 წლამდე, როდესაც რეგიონში თამბაქოზე გადასახადები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი იყო, კონტრაბანდისა და არალეგალური ბაზრის წილი დაახლოებით 50%-ს შეადგენდა. მაგრამ მომდევნო წლებში, როდესაც მთავრობამ ამ პროდუქტზე პრაქტიკულად რამდენჯერმე გაზარდა გადასახადები და ზოგადად კანონის აღსრულება და კორუფციასთან ბრძოლა გააძლიერა, ძალიან მალე არალეგალური ბაზრის მოცულობა თითქმის განულდა, საბიუჯეტო შემოსავლები კი შესამჩნევად გაიზარდა,” – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.