შსს-მ უცხოეთის მოქალაქეების მიმართ თანასწორობის უფლების დარღვევაზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უცხოეთის მოქალაქეების მიმართ თანასწორობის უფლების დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო ( საქართველოს სსკ – ის 142- მუხლის 1-ლი ნაწილით).

როგორც “ნეტგაზეთს” უწყებაში განუმარტეს, გამოძიება დღეს, 10 დეკემბერს იუსტიციის სახლთან განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. კერძოდ, ე.წ. ქართული მარშის, “პატრიოტთა ალიანსის” და მათი თანამოაზრეების მიერ გამართულ აქციას.

გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე ქართული მარშის წევრი კოკა მორგოშია და პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის” დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე 11 დეკემბერს არიან დაბარებულნი.

დღეს, 10 დეკემბერს, დილის 9 საათიდან იუსტიციის სახლთან შეკრებილი იყვნენ “ქართული მარშის” წევრები და მათი თანამოაზრეები, რომლებმაც შენობის მთავარი შესავლელი გადაკეტეს და სერვისების მისაღებად მისული მოქალაქეები მეორე შესასვლელიდან შეფერხებით ახერხებდნენ შენობაში შესვლას.

როგორც “ქართული მარშის” წევრები და მათი თანამოაზრეები ამბობენ, 5 დღის განმავლობაში, სანამ კონსტიტუციის ახალი რედაქცია ძალაში შევა, სახელმწიფო გეგმავს მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე რეგისტრირებას, რაც მათთვის მიუღებელია.

ისინი მოუწოდებენ იუსტიციის სახლების თანამშრომლებს, გაიფიცონ ამ 5 დღის განმავლობაში, ხალხს კი სთხოვენ – თავიანთი ქალაქების იუსტიციის სახლებთან მივიდნენ და პიკეტირება მოახდინონ.

ამავე თემაზე

იუსტიციის სახლის შესასვლელის ბლოკირება – NGO-ები სახელმწიფოს რეაგირებისაკენ მოუწოდებენ

წულუკიანი: დღეს არცერთ უცხოელზე მიწა არ დარეგისტრირებულა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.