ახალი ამბები

წულუკიანი: დღეს არცერთ უცხოელზე მიწა არ დარეგისტრირებულა

11 დეკემბერი, 2018 • 1514
წულუკიანი: დღეს არცერთ უცხოელზე მიწა არ დარეგისტრირებულა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ 10 დეკემბერს უცხო ქვეყნნის არცერთ მოქალაქეზე სასოფლო-სამეურნეო მიწა არ დარეგისტრირებულა.
წულუკიანის თქმით, ვნებათაღელვა ამ საკითხზე უადგილოა და საჭირო არაა ღია კარის მტვრევა და ხელის შეშლა იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც იუსტიციის სახლში სერვისების მისაღებად მიდიან:

“მე მინდა, დიდი იმედი გამოვთქვა, რომ ხვალიდან ეს მომსახურება განახლდება და ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ იქნება თბილისის იუსტიციის სახლის შესასვლელი და მთლიანად შენობა საპროტესტო აქციის, მათ შორის, სპონტანური საპროტესტო აქციის, მონაწილეების მიერ ბლოკირებული და შეფერხებული.

ინფორმაციისა და მაგალითისთვის მინდა გითხრათ, რომ დღეს არცერთი უცხოელის სახელზე სასოფლო-სამეურნეო მიწა არ დარეგისტრირებულა. შესაბამისად, ვნებათაღელვა არის უადგილო; არ არის საჭირო ღია კარის მტვრევა და ხელის შეშლა იმ რიგითი მოქალაქეებისთვის, რომელთაც სურთ სერვისების მიღება. ასეთი მოქალაქეებისთვის ხელის შეშლად ეს ნამდვილად არ ღირს. ამიტომ ყველას მინდა მოვუწოდო სიმშვიდისა და საკუთარი მოქალაქეების პატივისცემისკენ, რისი დიდი იმედიც მაქვს, რომ ხვალიდან ეს შესაძლებელი იქნება“, – აცხადებს თეა წულუკიანი.

მისი თქმით, ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ იუსტიციის სახლში დღიურად მიდის 10 000 ადამიანამდე, ზოგს პასპორტი აქვს ასაღები და რამდენიმე საათში ფრენა აქვს, ზოგს გარდაცვალების რეგისტრაცია ეჩქარება, ზოგს დაბადების რეგისტრაცია ეჩქარება და ბევრი სხვა ტრანზაქცია ტარდება დღის განმავლობაში. მისი თქმით, ასეთ ადამიანებს დღეს, სამწუხაროდ, ხელი შეუშალა საპროტესტო აქციამ, რომ მიეღოთ ის მომსახურება, რასაც ჩვეულებრივ იღებენ.

bm.ge-ის კითხვის საპასუხოდ იმ შემთხვევაში, თუ უცხოელს ექნება სურვილი, საკუთრებაში დაირეგისტრიროს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, შესაძლოა, რომ იუსტიციის სამინისტრომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ხელოვნური ბარიერები შეუქმნას, იუსტიციის მინისტრმა უპასუხა:

“თუ იქნება მოთხოვნა, ჩვენ ამაზე შევხვდებით და ვისაუბროთ. მე გეუბნებით დღევანდელი დღის შედეგს”, – აღნიშნა წულუკიანმა.

დღეს, 10 დეკემბერს, დილის 9 საათიდან იუსტიციის სახლთან შეკრებილი იყვნენ “ქართული მარშის” წევრები და მათი თანამოაზრეები, რომლებმაც შენობის მთავარი შესავლელი გადაკეტეს და სერვისების მისაღებად მისული მოქალაქეები მეორე შესასვლელიდან შეფერხებით ახერხებდნენ შენობაში შესვლას.

ისინი მოუწოდებენ იუსტიციის სახლების თანამშრომლებს, გაიფიცონ ამ 5 დღის განმავლობაში, ხალხს კი სთხოვენ – თავიანთი ქალაქების იუსტიციის სახლებთან მივიდნენ და პიკეტირება მოახდინონ.

თბილისის იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ შენობის უკანა შესასვლელიდან დოკუმენტაციას გასცემენ, თუმცა სხვა სერვისები მოქალაქეებისთვის მიუწვდომელია. ცხელი ხაზი მოქალაქეებს გლდანის ცენტრში ან რუსთავის იუსტიციის სახლში ურჩევს სრული სერვისების მისაღებად წასვლას.

ე.წ. ქართული მარში იუსტიციის სახლთან აქციას ხვალაც გამართავს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათი მხარდამჭერები დღეს, 10 დეკემბერს იუსტიციის სახლთან სამუშაო საათების დასრულებამდე იმყოფებოდნენ. 11 დეკემბერს, 10:00 საათიდან კი აქცია განახლდება.

მოკლედ:

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიწის საკუთრების რეგისტრაცია სალომე ზურაბიშვილის ფიცის დადების ცერემონიალამდე შეეძლებათ. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 7 დეკემბერს მიიღო.

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია ის სამართლებრივი ნორმა, რომლითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 2017 წლიდან მიწის რეგისტრაციის უფლება შეჩერებული ჰქონდათ კონსტიტუციის ახალი რედაქციის ძალაში შესვლამდე. კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიწის რეგისტრაციის უფლებას ართმევს, ძალაში ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ შედის. ახალი რედაქციის მიხედვით, საქართველოში მიწის მესაკუთრე საქართველოს მოქალაქეა, თუმცა შესაძლოა დაიშვას გამონაკლისებიც შესაბამისი ორგანული კანონის მიღებით, რაც ამ ეტაპზე არ არსებობს.

საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წინააღმდეგ საბერძნეთის ორი მოქალაქე – პროკოპი სავვიდი და დიანა შამანიდი დავობდნენ. მათი მშობლები საქართველოში ცხოვრობდნენ და საკუთრება მემკვიდრეობით მიიღეს. საჯარო რეესტრმა მათ საკუთრების რეგისტრაციაზე უარი უთხრა

მასალების გადაბეჭდვის წესი