სააკაშვილი მარგველაშვილს “ცარიელ ადგილს” უწოდებს, ზურაბიშვილს – “მახინჯ თოჯინას”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მეოთხეს “ცარიელ ადგილად” და “სრულ არარაობად” მოიხსენიებს, მეხუთეს კი – “მახინჯ თოჯინას” უწოდებს.

ეს განცხადებები მიხეილ სააკაშვილმა მორიგ ფეისბუკ ლაივში გააკეთა, სადაც მხარდამჭერების კითხვებს პასუხობდა და ქვეყნაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობდა:

“მარგველაშვილი, რომელიც სრული არარაობაა, ცარიელი ადგილია, კაცი, რომელმაც თავი დაამახსოვრა მარტო კარტოფილის მოყვანით და წინდების ქსოვით ყველას – ხომ არასდროს მითქვამს, რომ ის არ არის პრეზიდენტი მიუხედავად იმისა, რომ სრული არარაობაა. ეს ქალი არ არის ნამდილი პრეზიდენტი იმიტომ, რომ არჩევნები იქნა მოპარული”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მე-4 პრეზიდენტზე.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, სააკაშვილმა პირდაპირ ჩართვაში არაერთხელ აღნიშნა, რომ ზურაბიშვილს ამ არჩევნებში არ გაუმარჯვია და “ქართულმა ოცნებამ” ხმები მოიპარა. მისი თქმით, არჩევნების რეალური შედეგი უცხოეთში გახსნილ უბნებზე გამოჩნდა, რადგან იქ ამომრჩეველთა დაშინება, მოსყიდვა და ე.წ. კარუსელების გამოყენება მმართველმა გუნდმა ვერ შეძლო:

“კიდევ ერთხელ ვამბობ, პატრიარქმაც კი თქვა გუშინ, რომ ხმები არის მოპარული. ეს ყველამ ვიცით. რა ვქნათ ახლა, ქურდულ ლოგიკას მივყვეთ და “გავაპრავოთ” მოპარვა?! ამიტომ, როცა საუბრობენ, მათ შორის, მთლად ბოლომდე აზრზე მოსული ჩვენი ფორმალური თანამებრძოლები და ამბობენ, რომ “ახლა რაღა აზრი აქვს”, “მოდი, ახლა ვაღიაროთ”. რა უნდა ვაღიაროთ, რომ ხალხს “აახიეს” ქვეყანა? ივანიშვილმა ქართველი ერის ნების სრული იგნორირებით უნდა დაასკუპოს თავისი რაღაცა მახინჯი თოჯინა პრეზიდენტის რეზიდენციაში, სადაც არ უნდა იყოს ეს რეზიდენცია, და ეს ვაღიაროთ?!” – ამბობს სააკაშვილი.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.