იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები დაჭრეს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილი გენერალური დირექტორი და იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ზვიად მიხანაშვილი დაჭრეს.

შემთხვევა გუშინ, 9 დეკემბერს, წყნეთში, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. როგორც ნეტგაზეთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მიხანაშვილთან ერთად კიდევ ორი პირი დაჭრეს.

მათ შორის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი  ჭაბუა გუშარაშვილი და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ირაკლი ჭითანავა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრხ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ბრალდებული ყოფილი პატიმარია.

შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ დადგენილია ბრალდებულების ვინაობა, თუმცა ამ დროისთვის დაკავებული არავინ არ არის. სამი პირის დაჭრის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.