ახალი ამბები

მთავრობის ადმინისტრაციასთან გუკა ბაძაღუას მხარდამჭერებმა საკანი აიღეს

10 დეკემბერი, 2018 • 1599
მთავრობის ადმინისტრაციასთან გუკა ბაძაღუას მხარდამჭერებმა საკანი აიღეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან გუკა ბაძაღუას მხარდამჭერებმა საკანი, რომელიც რამდენიმე დღის წინ პროტესტის ნიშნად გაშალეს, დღეს, 10 დეკემბერს აიღეს. აქციის მონაწილეები ბაძაღუას წინასწარ პატიმრობას აპროტესტებენ. ნეტგაზეთთან საუბრისას მათ განმარტეს, რომ როგორც ისინი თვლიან, ხელისუფლებამ მათი გზავნილი მიიღო და ახლა სასამართლო პროცესზე მაქსიმალურ  მობილიზებას აპირებენ.

“პირდაპირი კომუნიკაცია [ხელისუფლების წარმომადგენლებთან] არ გვქონია, თუმცა ჩვენი პერფორმანსით გავაჟღერეთ მესიჯი და საზოგადოებაში რეზონანსს მივაღწიეთ. ეს არ იყო გამძლეობის გამოცდა და ამგვარად უფრო ეფექტიანები ვიქნებით, თუ გაერთიანებული ძალით უკვე შედეგზე ორიენტირებულ ნაბიჯებს გადავგდამთ. საქმეში ვამატებთ ადვოკატს და აქტიურ ფაზაში შევდივართ. დავგეგმავთ მზარდ საინფორმაციო აქტივობებს და კვლავ კონსტრუქციულად შევეცდებით პროცესის მიმდინარეობაში ჩართვას,” – ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ილო ხვიჩია.

მისივე ინფორმაციით, შემდეგი სასამართლო პროცესი 17 დეკემბერს, 15:00საათზე გაიმართება.

გუკა ბაძაღუას მეგობრების თქმით, ის 2018 წლის 11 ოქტომბერს დააკავეს. ბაძაღუას ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება, რაც თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ითვალისწინებს. თუმცა მისი მეგობრები ამბობენ, რომ გუკა უდანაშაულოა, ხოლო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება სასამართლოს მხრიდან აბსურდული გადაწყვეტილება იყო და მას საფუძვლად არ უდევს ლოგიკური ფაქტობრივი გარემოება.

ვრცლად ამ საქმეზე: 

რატომ დგას საკანი მთავრობის ადმინისტრაციასთან

მასალების გადაბეჭდვის წესი