ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ავტოსტოპით მოგზაურობა მარტო – ფემინისტი აზერბაიჯანიდან

10 დეკემბერი, 2018 • 1981
ავტოსტოპით მოგზაურობა მარტო – ფემინისტი აზერბაიჯანიდან

ავტორი: გუნელ მევლუდი


ფეისბუკზე აზერბაიჯანულენოვანი მომხმარებელი ხშირად აზიარებს სხვადასხვა ქალაქში, სოფელსა და მთებში გადაღებული აზერბაიჯანელი ქალის ფოტოებს. ზოგიერთისთვის ის ძლიერი აზერბაიჯანელი ქალის მაგალითია, უფრო დიდი ნაწილისთვის კი ქალი, რომელიც აზერბაიჯანში ფართოდ დამკვიდრებული ღირებულებების წინააღმდეგ იქცევა.

მას ფიდანი ქვია, ის 23 წლისაა. მესამე წელია ფიდან ნაზაროვა მარტო მოგზაურობს. მარტო მოგზაურობა მისი პროსტესტის ერთგვარი ფორმაა ქვეყანაში არსებული სტერეოტიპის წინააღმდეგ, რომ ქალი მარტო ვერ იმოგზაურებს, მით უმეტეს, ავტოსტოპითა და ფულის გარეშე.

ფიდან ნაზაროვა; ფოტო: პირადი არქივიდან

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აზერბაიჯანში ფემინისტურმა იდეებმა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, თანასწორობის იდეამ შესუსტება დაიწყო. საქმე ის არის, რომ საბჭოთა კავშირის პოლიტიკა ასე თუ ისე მხარს უჭერდა ქალების უფლებას განათლების მიღებაზე და პროფესიების არჩევაზე, თუნდაც ანგარებით [იაფი მუშახელი იყო საჭირო]. ამის მიუხედავად, ამ პოლიტიკას ნაყოფი მოჰქონდა, რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში აზერბაიჯანში უმაღლესი განათლების მქონე დასაქმებული, აქტიური და სოციალურ-საზოგადოებრივი ცხოვრების მქონე ქალის კულტი არსებობდა.

საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად ქვეყანაში ქალი დაუცველი გახდა, აზერბაიჯანის დამოუკიდებელობის პირველი ათწლეული ხელისუფლებისთვის ბრძოლას დასჭირდა. ამასობაში კონსერვატიულ-პატრიარქალურმა საზოგადოებამ თანასწორობის იდეაზე გაიმარჯვა – პროვინციებში გოგონები უფროს კლასებში აღარ გაუშვეს, უმაღლესი განათლების მიღება შეუზღუდეს, ადრეული ქორწინებები გახშირდა, მშობლებს აღარვინ სჯიდა, როდესაც ისინი შვილების ადრეულ ქორწინებაზე თანხმდებოდნენ. ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობაც საზოგადოებისთვის ნორმად იქცა.

დღეს ქვეყანაში ფაქტიურად მხოლოდ ერთი თავშესაფარი არსებობს ძალადობის მსხვერპლი ქალებითვის. პოლიციაც უმოქმედოა, როდესაც ოჯახში კაცები ქალების უფლებებს არღვევენ, მეტიც, ზოგჯერ მოძალადის მხარესაც იჭერენ.

შესაბამისად, ასეთ პირობებში ფემინიზმის იდეა ქვეყანაში პოპულარული არ არის. თუ მაინც არსებობს ეს იდეა სადმე, მას მხოლოდ ერთეულები უჭერენ მხარს.

ფემინისტ-აქტივისტებს აზერბაიჯანული საზოგადოება, განსაკუთრებით, სოციალურ ქსელებში თავს ესხმის, დასცინის, თუმცა ბოლო წლებში, სოციალური ქსელების წყალობითვე, ფემინიზმის იდეების პოპულარიზაციამ გლობალურ დონეზე, აზერბაიჯანელი ფემინისტებიც უფრო თავდაჯერებული გახადა.

მათ შორისაა აქტივისტი ფიდან ნაზაროვა, რომელიც საკუთარი არაორდინარული პერფორმანსებით ფემინიზმის იდეებს ავრცელებს – ის უარს ამბობს, იცხოვროს ისე, როგორც რიგითი აზერბაიჯანელი ქალი და ავტოსტოპით მოგზაურობაში ატარებს ახალგაზრდობას.

ფიდანი ამბობს, რომ საკუთარი ცხოვრების სტილით ებრძვის სწორედ დღევანდელ აზერბაიჯანში ფართო საზოგადოებისთვის დამკვიდრებული “ბედნიერი ქალის” სტერეოტიპს.

“ბევრი ფიქრობს, რომ ქალი ავტოსტოპით უსაფრთხოდ ვერ იმოგზაურებს, რომ შეიძლება სცემონ, გაიტაცონ, გააუპატიურონ. ანდა მენსტრუალურ დღეებში ქალის ორგანიზმი მგავსი დისკომფორტისთვის არ არის მზად. ჩემი მაგალითითა და გამოცდილებით ვცდილობ დავამტკიცო, რომ ასე არ არის. ჩემი სქესის გამო აღარ მაქვს რაიმე დისკომფორტი”, – ამბობს ფიდანი.

ფიდანი ყვება, რომ მოგზაურობის სამი წლის განმავლობაში ორჯერ სცადეს მისი გაუპატიურება და ორივე ჯერზე გაქცევა მოახერხა. დაგროვილი გამოცდილების შემდეგ რეკომენდაციებსა და სასარგებლო რჩევებს სხვა ქალ მოგზაურებსაც უზიარებს.

ფიდანი ამბობს, რომ როდესაც ავტოსტოპით მარტო მოგზაურობას იწყებდა, სასარგებლო რჩევებით არავინ დახმარებია, შესაბამისად, ახლა საკუთარ გამოცდილებას სხვა ქალებს უზიარებს და ასწავლის, როგორ იმოგზაურონ უსაფრთხოდ.

“ხშირია, როდესაც ადამიანები ცდილობენ მსუბუქი და კომფორტული ავტომობილი გააჩერონ და დიდ სატვირთო მანქანებს თავს არიდებენ. არადა, ეს არასწორია და ამას თავისი მიზეზები აქვს. სატვირთო ავტომობილების მძღოლები ფინანსურად არ არიან ძლიერები და დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სამართლებრივ პასუხისმგებლობას კორუფციული გზით თავიდან ვერ აიცილებენ”.

მეტიც, მათთან საუბარი და მოგზაურობა ბევრად საინტერესოა. ისინი უფრო მარტოსულები არიან და კარგი თანამოსაუბრეები”.

მოგზაურობის დროს  ზურგჩანთით მხოლოდ ტანსაცმელი დააქვს.

“როდესაც მშია და ჩემი ჩანთა ცარიელია, სოფელ-სოფელ, კარდაკარ დავდივარ და საჭმელს ვთხოვ, თუ ამ გზით ვერ ვშოულობ საკვებს, ვთავაზობ რაიმე პატარა სამუშაოს შესრულებას მცირე ანაზღაურების სანაცვლოდ. შემიძლია ქუჩაში ვიმღერო და ვიცეკვო და ასე ვიშოვო ფული, ანდა საკუთარი ხელით მოგროვებული ნიჟარებისგან სამკაულები გავაკეთო და გავყიდო. ბევრი ფული არ მჭირდება, რამდენიმე დოლარიც საკმარისია იმისთვის, რომ საჭმელი ვიყიდო”.

თანასწორობისა და ქალის დამოუკიდებლობის იდეის გამო აქტივისტი ხშირად ხდება თავდასხმის, მუქარისა და შეურაცხმყოფელი გამონათქვამების ადრესატი სოციალურ ქსელებში. წერენ, რომ ის აზერბაიჯანელ ქალებს ცუდ მაგალითს აძლევს, თუმცა ფიდანს ნაკლებად აინტერესებს, რას ფიქრობს მასზე საზოგადოება. ამასთან, მწვავედ აკრიტიკებს ადგილობრივი პოლტიკოსების, აქტივისტებისა დ ჟურნალისტების სტერეოტიპულ გამონათქვამებს.

ფიდან ნაზაროვა; ფოტო: პირადი არქივიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი