ახალი ამბები

ინტელექტ-კლუბის დეპუტატი წევრები ია კერზაიას საქმეზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

10 დეკემბერი, 2018 • 2762
ინტელექტ-კლუბის დეპუტატი წევრები ია კერზაიას საქმეზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ინტელექტ-კლუბის, (რა? სად? როდის?) წევრი დეპუტატები მმართველი პარტიიდან, გიორგი მოსიძე, გედევან ფოფხაძე, ირინა ფრუიძე და ლევან კობერიძე ია კერზაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია, რომელიც დედის პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობს, ასევე ინტელექტ-კლუბის წევრია.

“ა.წ. 9 დეკემბერს მოხდა ძალზე სამწუხარო ფაქტი: ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ღვაწლმოსილი პედაგოგი ია კერზაია, რომელიც ბოლო 11 წელი ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორად მუშაობდა. ვწუხვართ ახლობლებთან ერთად და გამძლეობას ვუსურვებთ ოჯახს.

ქალბატონი იას გარდაცვალებამ საზოგადოებაში გააჩინა შეკითხვები, რომლებზე პასუხის გაცემაც ჩვენთვის პრინციპულ აუცილებლობას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, რომ უმოკლეს ვადებში (მაქსიმალური ვადა – 1 თვე), შესაბამისმა უწყებამ უნდა ჩაატაროს გამოძიება, რომელიც დაადგენს, ჰქონდა თუ არა ადგილი ზეწოლის ფაქტებს და ასეთის დადგენის შემთხვევაში, დამნაშავეები მკაცრად უნდა დაისაჯონ.

ამავე დროს, განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობამ მკაფიო პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას, თუ რატომ მოხდა მოქალაქის წერილის საფუძველზე ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ინსპექტირება მაინცდამაინც საარჩევნო პერიოდში, სახელდობრ- პირველ და მეორე ტურებს შორის. ვთვლით, რომ სამინისტროს მიერ უკვე გამოქვეყნებული განცხადება არასაკმარისად პასუხობს ამ შეკითხვას.

პასუხგაუცემელი კითხვები ხელს უწყობს საზოგადოებაში ნიჰილიზმის განცდას და აჩენს უნდობლობას სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების მიმართ. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პოზიცია გაზიარებული იქნება საპარლამენტო უმრავლესობაში და მოჰყვება დროული რეაგირება შესაბამისი უწყებების მხრიდან”, – ნათქვამია ინტელექტ-კლუბის წევრი დეპუტატების ერთობლივ განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი