ახალი ამბები

იუსტიციის სახლის შესასვლელის ბლოკირება – NGO-ები სახელმწიფოს რეაგირებისაკენ მოუწოდებენ

10 დეკემბერი, 2018 • 2685
იუსტიციის სახლის შესასვლელის ბლოკირება – NGO-ები სახელმწიფოს რეაგირებისაკენ მოუწოდებენ

პლატფორმა „არა-ფობიას!” დღეს, 10 დეკემბერს იუსტიციის სახლთან “ქართული მარშის” და მისი თანამოაზრე ორგანიზაციების მიერ იუსტიციის სახლის შესასვლელის ბლოკირებასა და იქ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. განცხადებაში პლატფორმა “არა-ფობიას!” მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, დაუყონებლივ მიიღონ სათანადო ზომები.

“გავრცელებული კადრებით იუსტიციის სახლის შესასვლელთან შეკრებილები არიან პირები, რომლებიც ეთნიკურ არაქართველებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ. ისინი აპროტესტებენ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2018 წლის 7 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც კიდევ ერთხელ გაუქმდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე დაწესებული შეზღუდვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შეძენასთან დაკავშირებით.

შეკრებილთა განცხადებით, ისინი არ დაუშვებენ დარჩენილ მცირე პერიოდში (კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებამდე) უცხოელების მიერ ქართული მიწების მისაკუთრებას.  აქციაზე ისმოდა ქსენოფობიური გამონათქვამებიც,” – ნათქვამია განცხადებაში.

“არა-ფობიას!” განმარტავს, რომ  სახელმწიფო დაწესებულების შესასვლელის ბლოკირება და მისი ფუნქციონირებისათვის ხელშეშლა დაუშვებელია და წარმოადგენს შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ საფუძველს. მათივე თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ „დაუშვებელია შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისას და ჩატარებისას მოწოდება, რომელიც… აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს და ქმნის ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.”

“ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში კი სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები და აღკვეთონ უკანონო მანიფესტაცია, მათ შორის, დააკავონ ის პირები, რომლებიც არ დაემორჩილებიან სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნას.

უკიდურესად შემაშფოთებელია ბოლო პერიოდში მომძლავრებული რასიზმი, ქსენოფობია და აგრესიული დამოკიდებულება განსხვავებული შეხედულებებისა თუ იდენტობის მქონე ადამიანების მიმართ. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ძალადობრივი ფაქტების წახალისებას თავად სახელმწიფო ახდენს, რომელიც იღებს უცხოელების მიმართ დისკრიმინაციულ კანონმდებლობას და არ აქვს სტრატეგია რასიზმთან და ქსენოფობიასთან საბრძოლველად,” – წერია განცხადებაში.

პლატფორმის განცხადების მიხედვით, ნაცვლად მოძალადეთა მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარებისა, სახელმწიფო, ერთი მხრივ, თავად აწარმოებს აგრესიულ კამპანიას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, მეორე მხრივ კი, ძალადობრივი მოვლენების მიმართ აქვს შემწყნარებლური დამოკიდებულება. მათივე თქმით, ამას ემატება პოლიტიკოსების ქსენოფობიური რიტორიკაც.

“გასათვალისწინებელია დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას მიერ გაკეთებული განცხადება: “მე რომ არ ვიყო დეპუტატი, მეც იქ ვიქნებოდი”

ამდენად, მოვუწოდებთ:

სამართალდამცავ ორგანოებს: დაუყოვნებლივ მიიღონ სათანადო ზომები უკანონო მანიფესტაციის აღსაკვეთად;
საქართველოს ხელისუფლებას: გაატაროს მკაცრი პოლიტიკა ქსენოფობიის ნებისმიერი გამოვლინების მიმართ და შეიმუშაოს სტრატეგია რასიზმსა და ქსენოფობიასთან საბრძოლველად,” – ამბობს “არა-ფობიას!”.

განცხადებას ხელს აწერენ.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
თანასწორობის მოძრაობა (Equality Movement)
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
საფარი
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

მასალების გადაბეჭდვის წესი