მამუკა ბახტაძის განმარტება დედის მიერ აღებულ ვალსა და მისი სახლის იპოთეკაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მტკნარი სიცრუე უწოდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის სიუჟეტს, რომელიც მისი ოჯახის მიერ აღებულ ვალს ეხებოდა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მის ოჯახს ვალი მართლაც ჰქონდა, თუმცა “ხელშეკრულებაში უზუსტობა” იყო, რის გამოც სასამართლოს მიმართა და ხარვეზის გასწორების შემდეგ კი თანხა დაფარეს:

“მე შეგნებულად არ შევეხე ამ საკითხს ჩემი ბრიფინგის დროს. მიუხედავად იმისა, რომ რუსთავი 2-ის სიუჟეტი გახლდათ მტკნარი სიცრუე და სრული აბსურდი. მე, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ვალდებული ვარ და მსურს ჩემი განმარტება გავუკეთო საზოგადოებას. ისევე როგორც 10 000-ობით ქართულ ოჯახს, ჩემს ოჯახსაც ჰქონდა ვალი და ეს ვალი იქნა გასტუმრებული. ეს რუსთავი 2-მაც ვერ დამალა. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სასამართლო დავაზე, ხელშეკრულებაში იყო სამართლებრივი ხარვეზი, რომელიც გასწორებული იქნა სასამართლოს მიერ. მოხდა ვალის გადახდა და ისტორია ამით დაიხურა”, – განაცხადა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის შაბათის კურიერის სიუჟეტის მიხედვით,  2011 წელს პრემიერის დედამ ორი მოქალაქისგან, ჯამში, 120 ათასი დოლარი ისესხა ე.წ. პროცენტიანი სესხით. ფულის დაბრუნების გარანტად კი გამსესხებლის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთა მცხეთაში მამუკა ბახტაძის ოთხსართულიანი სახლი. ტელეკომპანიის ცნობით, მამუკა ბახტაძემ მინდობილობით მისცა დედას უფლება, რომ მისი სახლი იპოთეკით დაეტვირთა და სესხი აეღო.

სიუჟეტში ნათქვამია, რომ პრემიერის დედამ ფული უკან არ დააბრუნა, ამიტომ იპოთეკარებმა აღსრულების ბიუროს მიმართეს და 2012 წლის ზაფხულში მამუკა ბახტაძის ოჯახს მცხეთის სახლიდან ასახლებდნენ, პრემიერის სახლი იძულებით გაჰქონდათ აუქციონზე გასაყიდად.

როგორც “რუსთავი 2”-ის სიუჟეტშია ნათქვამი, ამის შემდეგ დაიწყო სამართლებრივი დავა. ბახტაძე ასაბუთებდა, რომ მისი სახლით დედას მხოლოდ საბანკო და ფინანსურ ინსტიტუციებთან ურთიერთობის ნებართვა მისცა  და არა კერძო პირებთან. რ2-ის ცნობით, ბახტაძე დედასთან ერთად სწორედ ამ სახლში ცხოვრობდა, შესაბამისად, ტელეკომპანიის თქმით, გამოდის, დედამ სახლი იპოთეკით ისე დატვირთა, რომ ბახტაძეს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია.

2013 წლის ზაფხულში კი, ტელეკომპანიის ინფორმაციით, სასამართლომ გააუქმა იძულებითი გამოსახლების და ვალის ხელშეკრულებები ანუ დავა ბახტაძემ მოიგო.

“ვალი კერძო იპოთეკარებს არ დაუბრუნეს. ამიტომ იამზე კალანდაძემ საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სააპელაციო ინსტანციაში გაასაჩივრა. სასამართლომ დაადგინა, რომ პრემიერის დედის გაფორმებული ხელშეკრულება ბათილია. სასამართლომ თქვა, რომ პრემიერმა დედას სესხის აღების უფლება მხოლოდ ბანკიდან მისცა და არა კერძო იპოთეკარისაგან, ამიტომ იამზე კალანდაძეს და კიდევ ერთ მოქალაქეს ფული უკან არ დაუბრუნეს”, – ნათქვამია რ2-ის სიუჟეტში.

იამზე კალანდაძე ადასტურებს, რომ მამუკა ბახტაძის დედას ნამდვილად ასესხა თანხა და ბახტაძის ოჯახთან სასამართლო დავები წააგო სახლთან დაკავშირებით. ის იმასაც ადასტურებს, რომ შემდგომში  თანხა ბახტაძის ძმამ დაუბრუნა, მაშინ როდესაც უკვე “ჩაქნეული ჰქონდა ხელი”. “არ გვინდა ჩვენს ოჯახზე ასეთი რაღაცებიო”, – კალანდაძის თქმით, ასე უთხრეს მას ვალის დაბრუნებისას. რ2-ის ცნობით, ვალი კალანდაძეს 2017 წლის ზაფხულში დაუბრუნეს, ანუ მამუკა ბახტაძის ფინანსთა მინისტრად დანიშვნამდე რამდენიმე თვით ადრე.

“ვალდებულების შესრულება იქნა წარმოჩენილი როგორც კომპრომატი. მოდელირებულ რეალობაში, სადაც ფეიკ-ნიუსების ავტორები ცდილობენ მოდელირებული რეალობა იყოს წარმოდგენილი საინფორმაციო სივრცეში, ჩვენ ვხედავთ ყველანაირი ფასეულობის აღრევას. მათ შორის იმას, რომ თურმე ვალდებულების შესრულება ეს არის ცუდი ნაბიჯი… მე ასეთ ლოგიკას ვერ გავიზიარებ და, ვფიქრობ, ჩვენი მოქალაქეებიც აქტიურად ხედავენ ამას”, – ამბობს პრემიერ-მინისტრი და დასძენს, ტყუილია, თითქოს მისმა ოჯახმა ვალი 2017 წელს გადაიხადა. მისი თქმით, სასამართლო დავა 2015 წელს დასრულდა და ვალის გასტუმრება რამდენიმე თვეში განხორციელდა.

მისი თქმით, ამ სიუჟეტის ავტორებმა “საკუთარ თავს” გადაასწრეს, რადგან მანამდე მცხეთაში მდებარე ამ სახლს, რომელსაც მისი ოჯახი უკვე 15 წელია ფლობს, მის პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნას უკავშირებდნენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.