“მარში”, “პატრიოტთა ალიანსი” და სხვები იუსტიციის სახლთან აქციას ხვალაც აანონსებენ

ე.წ. ქართული მარში იუსტიციის სახლთან აქციას ხვალაც გამართავს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათი მხარდამჭერები დღეს, 10 დეკემბერს იუსტიციის სახლთან სამუშაო საათების დასრულებამდე დარჩებიან. 11 დეკემბერს, 10:00 საათიდან კი აქცია განახლდება.

აქციის მონაწილეები აპროტესტებენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვის აკრძალვა დროებით გაუქმდა.

ე.წ. ქართულ მარშს შეუერთდნენ “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”, პრიმაკოვის სახელობის ცენტრის დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე და “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია.

როგორც ბაღათურიამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, აქციის ორგანიზატორები ითხოვენ დღეს, 10 დეკემბერს, 18:00 საათამდე იუსტიციის მინისტრთან, თეა წულუკიანთან შეხვედრას. პარალელურად კი 16:00 საათიდან ქალაქში იმოძრავებს კოლონა, რომელიც მოსახლეობას მათ გეგმებს გააცნობს და 11 დეკემბრის აქციაზე შემოერთებისკენ მოუწოდებს.

როგორც “ქართული მარშის” წევრები და მათი თანამოაზრეები ამბობენ, 5 დღის განმავლობაში, სანამ კონსტიტუციის ახალი რედაქცია ძალაში შევა, სახელმწიფო გეგმავს მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე რეგისტრირებას, რაც მათთვის მიუღებელია.

დღეს, 10 დეკემბერს, დილის 9 საათიდან იუსტიციის სახლთან შეკრებილები არიან “ქართული მარშის” წევრები და მათი თანამოაზრეები, რომლებმაც შენობის მთავარი შესავლელი გადაკეტეს და სერვისების მისაღებად მისული მოქალაქეები მეორე შესასვლელიდან შეფერხებით ახერხებდნენ შენობაში შესვლას.

ისინი მოუწოდებენ იუსტიციის სახლების თანამშრომლებს, გაიფიცონ ამ 5 დღის განმავლობაში, ხალხს კი სთხოვენ – თავიანთი ქალაქების იუსტიციის სახლებთან მივიდნენ და პიკეტირება მოახდინონ.

თბილისის იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ შენობის უკანა შესასვლელიდან დოკუმენტაციას გასცემენ, თუმცა სხვა სერვისები მოქალაქეებისთვის მიუწვდომელია. ცხელი ხაზი მოქალაქეებს გლდანის ცენტრში ან რუსთავის იუსტიციის სახლში ურჩევს სრული სერვისების მისაღებად წასვლას.

იუსტიციის სამინისტროსა და შსს-ს პიკეტირების კანონიერებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

“რატომ არ იღებს ხელისუფლება სათანადო ზომებს სახელმწიფო დაწესებულების შესასვლელის ბლოკირების საწინააღმდეგოდ, რაც (ბლოკირება) აკრძალულია კანონით “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” და არ წარმოადგენს კონსტიტუციით დაცულ გამოხატვის ფორმას? აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სახლის ბლოკირება ასობით სხვა ადამიანის უფლებებს არღვევს”, – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია GDI-ის წარმომადგენელი, იურისტი გიორგი მშვენიერაძე.

მოკლედ:

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიწის საკუთრების რეგისტრაცია სალომე ზურაბიშვილის ფიცის დადების ცერემონიალამდე შეეძლებათ. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 7 დეკემბერს მიიღო.

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია ის სამართლებრივი ნორმა, რომლითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 2017 წლიდან მიწის რეგისტრაციის უფლება შეჩერებული ჰქონდათ კონსტიტუციის ახალი რედაქციის ძალაში შესვლამდე. კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიწის რეგისტრაციის უფლებას ართმევს, ძალაში ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ შედის. ახალი რედაქციის მიხედვით, საქართველოში მიწის მესაკუთრე საქართველოს მოქალაქეა, თუმცა შესაძლოა დაიშვას გამონაკლისებიც შესაბამისი ორგანული კანონის მიღებით, რაც ამ ეტაპზე არ არსებობს.

საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წინააღმდეგ საბერძნეთის ორი მოქალაქე – პროკოპი სავვიდი და დიანა შამანიდი დავობდნენ. მათი მშობლები საქართველოში ცხოვრობდნენ და საკუთრება მემკვიდრეობით მიიღეს. საჯარო რეესტრმა მათ საკუთრების რეგისტრაციაზე უარი უთხრა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.