აზერბაიჯანელი დეპუტატი სომხეთის არჩევნებს არადემოკრატიულს და გაუმჭვირვალეს უწოდებს

აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატი აიდინ მირზაზადე აზერბაიჯანულ გამოცემა trend.az-სთან საუბარში სომხეთში 9 დეკემბერს გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არადემოკრატიულს უწოდებს. იქამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ნიკოლ ფაშინიანი დიქტატურაში დაადანაშაულა.

“შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ სომხეთში ანტიდემოკრატიული და გაუმჭვირვალე არჩევნები ჩატარდა”, – ამბობს დეპუტატი აიდინ მირზაზადე, თუმცა აღარ აკონკრეტებს, რას გულისხმობს “ანტიდემოკრატიულ და გაუმჭვირვალე არჩევნებში”.

ასევე, დეპუტატი ყურადღებას ამახვილებს ამომრჩეველთა დაბალ აქტივობაზე და აცხადებს, რომ სომხეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ხელისუფლების არასწორი პოლიტიკისა და არასახარბიელო მდგომარეობის გამო ქვეყნიდან წასულია.

გარდა ამისა, აზერბაიჯანული მედია ყურადღებას ამახვილებს იმ დარღვევებზე, რომლებიც სომხეთში არჩევნების პროცესის დროს დამკვირვებლებმა დააფიქსირეს.

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 9 დეკემბერს გამართული ვადამდელი საპარალამენტო არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით, 2018 წლის გაზაფხულზე შემდგარი სომხეთის “ხავერდოვანი რევოლუციის” ლიდერისა და პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის ბლოკს “ჩემი ნაბიჯი” ხმათა 70,43% აქვს.

Freedom House-ის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიის მაჩვენებლით რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია. აღნიშულ ანგარიშში აზერბაიჯანის შესახებ წერია, რომ ავტორიტარიზმი ქვეყანაში სულ უფრო ღრმავდება, პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და მისი ოჯახის ძალაუფლება კი უფრო ძლიერდება. 2018 წლის აპრილში ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში დაახლოებით 86%-ით გაიმარჯვა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი