ახალი ამბები

“ქართულმა მარშმა” და მისმა თანამოაზრეებმა იუსტიციის სახლის მთავარი შესასვლელი გადაკეტეს

10 დეკემბერი, 2018 • 1906
“ქართულმა მარშმა” და მისმა თანამოაზრეებმა იუსტიციის სახლის მთავარი შესასვლელი გადაკეტეს

დღეს, 10 დეკემბერს, დილის 9 საათიდან იუსტიციის სახლთან შეკრებილები არიან “ქართული მარშის” წევრები და მათი თანამოაზრეები, რომლებმაც შენობის მთავარი შესავლელი გადაკეტეს და სერვისების მისაღებად შიგნით მხოლოდ ხანდაზმულ ქალებს უშვებენ. იუსტიციის სახლში შესვლა სხვა შესასვლელიდან არის შესაძლებელი.

აქციის მონაწილეები აპროტესტებენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვის აკრძალვა დროებით გაუქმდა.

როგორც “ქართული მარშის” წევრები და მათი თანამოაზრეები ამბობენ, 5 დღის განმავლობაში, სანამ კონსტიტუციის ახალი რედაქცია ძალაში შევა, სახელმწიფო გეგმავს მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე რეგისტრირებას, რაც მათთვის მიუღებელია. აქციის მონაწილეები საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას “ანტიქართულს” უწოდებენ.

ისინი მოუწოდებენ იუსტიციის სახლების თანამშრომლებს, გაიფიცონ ამ 5 დღის განმავლობაში, ხალხს კი სთხოვენ – თავიანთი ქალაქების იუსტიციის სახლებთან მივიდნენ და პიკეტირება მოახდინონ.

აქციას უერთდება “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”, რომელთა რიგებიდანაც იუსტიციის სახლთან იმყოფებიან ადა მარშანია და ემზარ კვიციანი.

ნეტგაზეთი ცდილობს დაუკავშირდეს იუსტიციის სახლის პრესსამსახურს, რათა გაარკვიოს, რამდენად შეაფერხა “ქართული მარშისა” და მისი თანამოაზრეების აქციამ სერვისების მიწოდება. მათ პასუხს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

მოკლედ:

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიწის საკუთრების რეგისტრაცია სალომე ზურაბიშვილის ფიცის დადების ცერემონიალამდე შეეძლებათ. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 7 დეკემბერს მიიღო.

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია ის სამართლებრივი ნორმა, რომლითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 2017 წლიდან მიწის რეგისტრაციის უფლება შეჩერებული ჰქონდათ კონსტიტუციის ახალი რედაქციის ძალაში შესვლამდე. კონსტიტუციის ახალი რედაქცია ძალაში შედის ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ.

ახალი რედაქციის მიხედვით კი, საქართველოში მიწის მესაკუთრე საქართველოს მოქალაქეა, თუმცა შესაძლოა დაიშვას გამონაკლისებიც შესაბამისი ორგანული კანონის მიღებით, რაც ამ ეტაპზე არ არსებობს.

საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წინააღმდეგ საბერძნეთის ორი მოქალაქე – პროკოპი სავვიდი და დიანა შამანიდი დავობდნენ. მათი მშობლები საქართველოში ცხოვრობდნენ და საკუთრება მემკვიდრეობით მიიღეს. საჯარო რეესტრმა მათ საკუთრების რეგისტრაციაზე უარი უთხრა.

უცხოელებს მიწების რეგისტრაცია პრეზიდენტის ფიცის დადებამდე შეეძლებათ

მასალების გადაბეჭდვის წესი