ახალი ამბები

ტატუნაშვილი რუსეთის წინააღმდეგ: სტრასბურგმა სარჩელი მიიღო — “ემპათია”

8 დეკემბერი, 2018 • 2129
ტატუნაშვილი რუსეთის წინააღმდეგ: სტრასბურგმა სარჩელი მიიღო — “ემპათია”

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი “ემპათია” აცხადებს, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველად მიიღო მათ მიერ მომზადებული სარჩელი – “არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის წინააღმდეგ”.

“ემპათია” თავიდანვე ჩართული იყო არჩილ ტატუნაშვილის საქმის მონიტორინგში. ამ ორგანიზაციამ გაავრცელა თავდაპირველად ინფორმაცია სამხარაულის ბიუროზე დაყრდნობით, რომ ტატუნაშვილს სხეულზე წამების კვალი აღენიშნებოდა.

“ემპათიის” ხელმძღვანელი, მარიამ ჭიაურელი 8 დეკემბერს რუსთავი2-თან საუბარში ამბობს, რომ ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში “ყველა მტკიცებულება არის წარდგენილი, მათ შორის საერთაშორისო სტანდარტებით წარმოდგენილი სასამართლო დასკვნა, რომელიც 87 გვერდზე ადასტურებს არჩილ ტატუნაშვილის წამებით მკვლელობას”.

მისივე თქმით,  “თუ კომუნიკაციის ეტაპზე დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა იქნება საჭირო”, “ემპათია” მზადაა, დამატებითი განმარტებები გააკეთსო.

საჩივრის მოთხოვნით, უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩილ ტატუნაშვილის გატაცებაში, წამებასა და მკვლელობაში.

“ემპათიამ” სარჩელი ევროსასამართლოში 2018 წლის აგვისტოში შეიტანა.

არჩილ ტატუნაშვილი

ტატუნაშვილი, — ყოფილი სამხედრო, რომელიც საზღვარგარეთ სამშვიდობო მისიაში მონაწილეობდა, — ორ ადამიანთან ერთად 22 თებერვალს დააკავა ოსურმა მხარემ.

ცხინვალის ვერსიით, ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რის გამოც მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება გახდა საჭირო, რა დროსაც იგი იზოლატორის კიბეზე დაგორდა და ცხინვალის საავადმყოფოში “გულის უკმარისობით” გარდაიცვალა.

თუმცა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი თამარ ავალიანი განმარტავდა, ექსპერტიზის შედეგები იძლეოდა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ატუნაშვილს დაზიანებები სიცოცხლეში მიაყენეს: “ცხვირი, ფაქტობრივად, მიკერებული ჰქონდა არჩილ ტატუნაშვილს… შუბლზე, როგორც ოჯახი საუბრობს, ჰქონდა ნაჭდევები, დაზიანება და ნატყვიარი… მარცხენა საფეთქელი ასევე შეზნექილი ჰქონდა”…

ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა თითქმის ერთი თვე გაჭიანურდა. ქართული მხარე მიიჩნევს, რომ აღნიშნული იმიტომ გაკეთდა, რომ მისთვის ექსპერტიზის ჩატარება გართულებულიყო.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი 24 მარტს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია

2018 წლის 21 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ. რეზოლუციის დასახელებაში, ტატუნაშვილთან ერთად, ფიგურირებს გიგა ოთხოზორიას გვარი. ოთხოზორია 2016 წლის მაისში მოკლეს სოფელ ხურჩაში, აფხაზეთის დე-ფაქტო საზღვართან.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, იგი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირების მესაზღვრემ, რაშიდ კანჯი-ოღლიმ მოკლა, რომელიც დაედევნა ოთხოზორიას სტყვიერი შელაპარაკების შემდეგ დაედევნა. მან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ცეცხლსასროლი იარაღით, ბოლოს კი საკონტროლო გასროლაც განახორციელა, რის შედეგადაც ოთხოზორია გარდაიცვალა, ხოლო კანჯიოღლი ისევ აფხაზეთის კონტრილირებად ტერიტორიაზე გადავიდა და მიიმალა.

26 ივნისს პრემიერ-მინიტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში 33 ადამიანი შეიყვანეს — ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, რომლებიც, ქართული მხარის თანახმად, მხილებულები არიან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ დაგეგმილ დანაშაულობებში — მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და ამ დანაშაულებების დაფარვაში.

2018 წლის 8 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ეუთოს მინისტრთა საბჭოს 25-ე სხდომის სხდომის ფარგლებში ორგანიზაციაში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა მიიღო განცხადება საქართველო-რუსეთის კონფლიქტსა და საქართველოს ტერიტორიებისოკუპაციასთან დაკავშირებით.

“ამ დოკუმენტში ხაზგასმულია მიუღებლობა ამ საშინელი მკვლელობის და აუცილებელია, რომ ეუთოს თანამეგობრობის და წევრი ქვეყნების მხრიდან იყოს მიღებული ადეკვატური ზომები იმ ადამიანების მიმართ ვინც მსგავსი სახის დანაშაული ჩაიდინეს”, — განაცხადა ზალკალიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი