ახალი ამბები

მშობლების უარის გამო, ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის კვლევას პრობლემა ექმნება – NCDC

8 დეკემბერი, 2018 • 1970
მშობლების უარის გამო, ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის კვლევას პრობლემა ექმნება – NCDC

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს(NCDC) ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის კვლევისას მშობელთა ნაწილის მხრიდან პრობლემა ექმნება. როგორც ცენტრში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რიგ შემთხვევებში, ბავშვის გამოკვლევაზე მშობელი უარს აცხადებს, რაც პროცესის სრულყოფილად წარმართვას უშლის ხელს.

NCDC-ს დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ჯერჯერობით, მშობელთა მხოლოდ 60% დათანხმდა ცენტრის სპეციალისტებს შვილის გამოკვლევაზე.

“სამწუხაროდ, პრობლემა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, რადგან 1 500 ბავშვი მაინც უნდა გამოვიკვლიოთ, რათა სტატისტიკა იყოს ზუსტი, თუ როგორია ბავშვებში ტყვიის გავრცელება. სამწუხაროდ, მშობლების ჯერ მხოლოდ 60%-მა განაცხადა თანხმობა”, – აღნიშნა მან.

პაატა იმნაძის ცნობით, ეს პირველი ფართომასშტაბიანი კვლევაა საქართველოში, რომელიც აღნიშნულ საკითხს იკვლევს. თუმცა, თუ პრობლემური ტენდენცია შენარჩუნდა, შესაძლოა, კვლევის შედეგებში მნიშვნელოვანმა ცდომილებამ იჩინოს თავი:

“ეს კვლევა მთავარია იმისათვის, რომ შემდგომ დაიგეგმოს შესაბამისი ღონისძიებები. ყველაფერ ამას სჭირდება ზუსტი მონაცემი. თუ არ გვექნა ზუსტი მონაცემი, მერე ძალიან ძნელია ინტერვენციაზე ლაპარაკი.

…კვლევა [ახლაც] მიმდინარეობს, მაგრამ რაც უფრო ნაკლები იქნება თანხმობა და კვლევაში მონაწილეთა რაოდენობა, მით მეტი იქნება კვლევის შედეგებში ცდომილება”.

კვლევის მონაწილეები, 2-დან 7 წლამდე ბავშვები, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ირჩევიან. შესაბამისად, დაავადებათა კონტროლის ცენტრი კონკრეტული ბავშვის მშობლისაგან უარის მიღების შემთხვევაში, კვლევის სხვა ობიექტს ვეღარ შეარჩევს.

პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე რთულია საუბარი, თუ რატომ ამბობენ მშობლები უარს პროცედურაში მონაწილეობაზე. აღნიშნულზე საუბარი ცენტრს კვლების დასრულების შემდეგ, მაშინ შეეძლება, როცა მშობელთა მიერ შევსებულ კითხვარებს შეისწვლის.

პროცესი იტალიის ჯანმრთელობის ნაციონალურ ინსტიტუტთან ერთად მიმდინარეობს. კვლების შედეგი, გამოსაკვლევად, სწორედ იტალიაში გადაიგზავნება.

“ძალიან გამოცდილი თანამშრომლები გვყავს, ვინც ბავშვებს სისხლს უღებს. მრავალწლიანი გამოცდილებით, დღემდე, არცერთი გართულება არ ყოფილა. ჯერ ერთი, [მშობლები] გაიგებენ თავიანთი ბავშვების პასუხს, ოჯახს მიუვა პერსონალურად. ამას გარდა, ქვეყანას შეუწყობენ ხელს იმის გაგებაში, არის თუ არა ეს პრობლემა ჩვენთან”, – აცხადებს პაატა იმნაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი