მერკელი და კარენბაუერი. ფოტო: EPA

ვინ არის ქალი, რომელიც მერკელს შეცვლის CDU-ს ლიდერის პოსტზე

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულ გაერთიანებას(CDU) ახალი ლიდერი ეყოლება. ანგელა მერკელის შემცვლელი, 56 წლის ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი 8 დეკემბერს, ჰამბურგში, პარტიის ყრილობაზე აირჩიეს.

კარენბაუერს, რომელიც ანგელა მერკელისა დაCDU-ს ელიტის ფავორიტი კანდიდატი იყო, მხარი 999 დელეგატიდან 517-მა წაუჭირა, მისმა კონკურენტმა, მულტიმილიონერმა ბიზნესმენმა ფრიდრიხ მესმა კი 482 დელეგატის ხმა მიიღო.

ასე გერმანიის კანცლერმა , ანგელა მერკელმა, ქრისტიან-დემოკრატების ლიდერის პოსტზე საკუთარი 18 წლიანი მოღვაწეობა დაასრულა. დასკვნით სიტყვას, რომლითაც თავისი მმართველობა მერკელმა სასიამოვნოდ და გამოწვევებით გაჯერებულად მოიხსენია, დელეგატები 10 წუთიანი აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

ახლადარჩეული ლიდერი, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი გერმანიის ყველაზე პატარა – ზაარლანდის მხარეში, კათოლიკურ ოჯახში დაიბადა. ის ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას 19 წლის ასაკში შეუერთდა, პოლიტიკურ მეცნიერებებში მაგისტრის ხარისხის დაცვის შემდეგ კი პარტიაში სახელმწიფო პოლიტიკის საკითხებზე მუშაობდა.

2000 წელს კარენბაუერი პირველი ქალი შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა, 2011 წელს კი ასევე პირველი ქალი, რომელიც ზაარლანდის მხარის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს. პოსტზე ის 7 წლის მანძილზე მსახურობდა.

მსოფლიო მედიასაშუალებები წერენ, რომ კარენბაუერის პარტიის ლიდერად არჩევა მეტად აახლოებს მას გერმანიის კანცლერის თანამდებობასთან, რომელზეც ანგელა მერკელი 2021 წლის არჩევნებზე კენჭს აღარ იყრის.

კარენბაუერი მედიაში უფრო კონსერვატორ პოლიტიკოსად განიხილება, ვიდრე მერკელი. BBC-ის ცნობით, ის იზიარებს გერმანიის ამჟამინდელი კანცლერის პოზიციას ლტოლვილებთან, ქალთა უფლებებთან და მინიმალურ სახელფასო ზღვართან დაკავშირებით. თუმცა, როგორც კათოლიკე კონსერვატორი, ემხრობა ტრადიციულ ქორწინებას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ერთნაირსქესიანი წყვილების უფლებათა ნაწილს შვილად აყვანასთან დაკავშირებით.

ასევე, CDU-ს ლიდერი მხარს უჭერს 1-წლიანი სამხედრო ან სოციალური სამსახურის აღდგენასა და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს  ორმაგი მოქალაქეობის უფლების ქონას ეთნიკური თურქებისათვის, რომლებიც გერმანიის ყველაზე დიდ დიასპორას წარმოადგენენ.

BBC-ის შეფასებით, კარენბაუერი პარტიის ზომიერ რჩეულად, მშვიდი ანალიზის უნარის მქონე პოლიტიკოსად განიხილება. თუმცა, კრიტიკოსებისგან მან უკვე დაიმსახურა შეფასებები, როგორიცაა “მინი-მერკელი” და ქვეყნის კანცლერის “კოპირება”, რასაც კარენბაუერმა ყრილობაზე უპასუხა, რომ არის ინდივიდი, რომელიც საკუთარ გზას მიჰყვება.

“ჩვენ გვჭირდება, ვიკამათოთ და გადავწყვიტოთ, როგორია კონსერვატიული, ქრისტიანულ-სოციალური და ლიბერალური ხედვა დღეს და გვესაჭიროებას უფრო მკაფიო პროფილი”, – აღნიშნა მან სიტყვით გამოსვლისას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან