ახალი ამბები

აღარ ვაპირებ მონაწილეობას აქციაში, სადაც ვაშაძეს მიესალმებიან, როგორც პრეზიდენტს – სამადაშვილი

7 დეკემბერი, 2018 • 2654
აღარ ვაპირებ მონაწილეობას აქციაში, სადაც ვაშაძეს მიესალმებიან, როგორც პრეზიდენტს – სამადაშვილი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, არ აპირებს, მიიღოს მონაწილეობა რაიმე სახის აქციაში, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილ საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს მიესალმებიან, როგორც პრეზიდენტს.

მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნები “უდიდესი დარღვევებით” ჩატარდა და ამ გზით სალომე ზურაბიშვილის არჩევის ფაქტს ყოველთვის გააპროტესტებს. თუმცა აქვე დასძენს, რომ გამოწვევის დაძლევას “კარგად გათვლილი გეგმა” სჭირდება.

“ინაუგურაციის პარალელურად აქციის დაგეგმვაზე საუბრის გამო მსურს, საჯაროდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია. ეს არჩევნები ჩატარდა უდიდესი დარღვევებით. საუბარმა არალეგიტიმურობაზე, სამოქალაქო დაუმორჩილებლობაზე, იმაზე, რომ ზურაბიშვილი არაა ქვეყნის პრეზიდენტი და ა.შ. გამოიწვია ის, რომ საერთაშორისო შეფასებები იყო ბევრად ნაკლებად კრიტიკული, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო. შედეგად, ივანიშვილის ხელისუფლება ნაკლებად დაზიანდა, ვიდრე საჭირო იყო.

ამიტომ, მე პირადად, აღარ ვაპირებ არანაირ აქციაში მონაწილეობის მიღებას, რომელზეც გრიგოლ ვაშაძეს მიესალმებიან, როგორც საქართველოს პრეზიდენტს. ეს მხოლოდ აზიანებს ოპოზიციის ინტერესებს ქვეყნის შიგნით, ასევე, მის ფარგლებს გარეთ.

ყველგან და ყოველთვის გავაპროტესტებ სალომე ზურაბიშვილის არჩევას იმ არჩევნების გზით, რომელიც არც დემოკრატიული იყო და არც სამართლიანი. გავაპროტესტებ იმას, რომ ივანიშვილს მიტაცებული აქვს ქვეყანაში სრული ძალაუფლება.

ახალგაზრდა ქართული დემოკრატია ყოფნა-არყოფნის ზღვარზე გადის. ამ გამოწვევის დაძლევას სჭირდება კარგად გათვლილი და მრავალსვლიანი გეგმა, რომელსაც მხარს დაუჭერენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც”, – წერს დეპუტატი “ფეისბუქზე”.

 როგორც ცნობილია, 16 დეკემბერს პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში უნდა გაიმართოს. ამავე დღეს ოპოზიცია გეგმავს საპროტესტო აქციას. პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია არ აპირებს ღონისძიებისთვის ხელის შეშლას.

გაერთიანებული ოპოზიცია არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, მოითხოვს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და ხელისუფლებასთან ერთად სამუშაო ჯგუფების შექმნას “პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად”. ამისათვის ოპონენტებმა მმართველ გუნდს ვადა 16 დეკემბრამდე მისცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი