ახალი ამბები

უცხოელებს მიწების რეგისტრაცია პრეზიდენტის ფიცის დადებამდე შეეძლებათ

7 დეკემბერი, 2018 • 2303
უცხოელებს მიწების რეგისტრაცია პრეზიდენტის ფიცის დადებამდე შეეძლებათ

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიწის საკუთრების რეგისტრაცია სალომე ზურაბიშვილის ფიცის დადების ცერემონიალამდე შეეძლებათ. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დღეს, 7 დეკემბერს, მიიღო.

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია ის სამართლებრივი ნორმა, რომლითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 2017 წლიდან მიწის რეგისტრაციის უფლება შეჩერებული ჰქონდათ კონსტიტუციის ახალი რედაქციის ძალაში შესვლამდე. კონსტიტუციის ახალი რედაქცია ძალაში ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ შედის. ახალი რედაქციის მიხედვით კი, საქართველოში მიწის მესაკუთრე საქართველოს მოქალაქეა, თუმცა შესაძლოა დაიშვას გამონაკლისებიც შესაბამისი ორგანული კანონის მიღებით, რაც ამ ეტაპზე არ არსებობს.

საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წინააღმდეგ საბერძნეთის ორი მოქალაქე – პროკოპი სავვიდი და დიანა შამანიდი დავობდნენ. მათი მშობლები საქართველოში ცხოვრობდნენ და საკუთრება მემკვიდრეობით მიიღეს. საჯარო რეესტრმა მათ საკუთრების რეგისტრაციაზე უარი უთხრა.

http://batumelebi.netgazeti.ge/news/171956/

მასალების გადაბეჭდვის წესი