ახალი ამბები

“ქალთა მოძრაობა” ზურაბიშვილს მოუწოდებს, გადახედოს გაბუნიას დანიშვნას საპარლამენტო მდივნად

7 დეკემბერი, 2018 • 2215
“ქალთა მოძრაობა” ზურაბიშვილს მოუწოდებს, გადახედოს გაბუნიას დანიშვნას საპარლამენტო მდივნად

ფემინისტური გაერთიანება “ქალთა მოძრაობა” და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, გადახედოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო მდივნად ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურა განიხილება.

ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივნად გაბუნიას კანდიდატურის საწინააღმდეგო არგუმენტად “ქალთა მოძრაობა” ასახელებს გაბუნიას მიერ რამდენიმე თვის წინ გაკეთებულ განცხადებას ზვიად დევდარიანის მისამართით სექსუალური შევიწროების ბრალდებასთან დაკავშირებით.

“რას აკეთებდა რო ისეთს, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს?” — მოძრაობის ცნობით, რამდენიმე თვის წინ ამ ფრაზით გამოემხაურა დიმიტრი გაბუნია დევდრიანის წინააღმდეგ შეტანილ საჩივრებს.

“სწორედ ამ ფრაზით დაგვამახსოვრა [გაბუნიამ] თავი ჩვენ, ქალთა მოძრაობის წევრებს”, – წერს მოძრაობა.

დიმიტრი გაბუნია და სალომე ზურაბიშვილი პრესკონპერენციაზე. 24.10.16 ფოტო: ნეტგაზეთი

ზვიად დევდარიანი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას” ხელმძღვანელობდა, 2018 წლის გაზაფხულზე ქალების სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. გაბუნია დევდარიანის ადვოკატი იყო.

რამდენიმე ქალთან, რომლებმაც ზვიად დევდარიანის მხრიდან შევიწროებაზე კონფიდენციალურად ისაუბრეს, “ნეტგაზეთმაც” ჩაწერა ინტერვიუ. კიდევ რამდენიმე ისტორია გამოაქვეყნა “ქალთა მოძრაობამ” და “ტაბულამ”. დევდარიანი ბრალდებებს უარყოფს.

“ქალთა მოძრაობის” ცნობით, დევდარიანის მხრიდან სექსუალური შევიწროება სახალხო დამცველმა სამ საქმეზე დაადგინა.

6 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში “ქალთა მოძრაობამ” ზურაბიშვილს გაპრეზიდენტება მიულოცა და შეახსენა, რომ “მას, როგორც ქალ პრეზიდეტს, მნიშვნელოვანი როლი აკისრია ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში”.

ამის გათვალისწინებით მოუწოდეს არასამთავრობოებმა არჩეულ პრეზიდენტს, გადახედოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურის განხილვის გადაწყვეტილებას.

#metoo-ს (მოძრაობა სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ) ეპოქაში, სახელმწიფო სამსახურში ასეთ მაღალ და საპასუხისმგებლო პოზიციას არ უნდა იკავებდეს გენდერულად არამგრძნობიარე ადამიანი, რომელმაც სექსუალური შევიწროება ლამის ნორმად და მისსავე პირად პრაქტიკად წარმოგვიჩინა”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

“ქალბატონო პრეზიდენტო, იმედი გვაქვს, რომ თქვენ, როგორც საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტი, ჩვენს მიერ მითითებულ გარემოებას გაითვალისწინებთ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას. მით უფრო, რომ საქართველოს პარლამენტი უახლოეს მომავალში სწორედ სექსუალური შევიწროების კანონპროექტის განხილვას გეგმავს, ამასთან, დაგეგმილია სხვა არაერთი საკანონმდებლო რეფორმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ”, – მიმართავს ქალთა მოძრაობა ზურაბიშვილს.

განცხადებას “ქალთა მოძრაობის” გარდა ხელს აწერენ ორგანიზაციები:

საფარი
ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველო
ქალთა ფონდი საქართველოში
ასოციაცია საზოგადოების კეთილდღეობისთვის
ფონდი ტასო
ქალთა ასოციაცია ,,ვაკეთოთ ერთად,,
ახალგაზრდა ფემინისტები
თანასწორობის მოძრაობა
რეალური ხალხი, რეალური ხედვა
სამოქალაქო აქრტივობისა და თანასწორობის ცენტრი
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
თანაზიარი
განათლებისა და შრომის ასოციაცია
სტუდიომობილი – აქცენტი მოძრაობაზე
განვითარებისა და მიგრაციის ინსტიტუტი
Action Global Communications Georgia

მასალების გადაბეჭდვის წესი