ახალი ამბები

ზურაბიშვილის ინაუგურაცია ვაშაძის გარეშე ჩაივლის – გაერთიანებული ოპოზიცია

7 დეკემბერი, 2018 • 1338
ზურაბიშვილის ინაუგურაცია ვაშაძის გარეშე ჩაივლის – გაერთიანებული ოპოზიცია

“გაერთიანებული ოპოზიცია” აცხადებს, რომ ისინი სალომე ზურაბიშვილს არ აღიარებენ პრეზიდენტად და, შესაბამისად, მისი ინაუგურაცია გრიგოლ ვაშაძის გარეშე ჩაივლის.

“ჩვენ არ ვაღიარებთ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად. ის არის არალეგიტიმური პრეზიდენტი. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ეს ინაუგურაცია გრიგოლ ვაშაძის გარეშე ჩაივლის”, – უთხრა “გაერთიანებული ოპოზიციის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა რუსთავი 2-ს.

ოპოზიციის ამ განცხადებას წინ უძღოდა არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის 6 დეკემბრის განცხადება. მან თქვა, რომ ინაუგურაციაზე ყოფილ კონკურენტ ვაშაძეს იმ შემთხვევაში დაპატიჟებს, თუ ოპოზიცია აღიარებს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს.

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მე-2-ის სასახლეში 16 დეკემბერს გაიმართება.

“გაერთიანებული ოპოზიცია”, რომლის პრეზიდენტობის კანდიდატიც გრიგოლ ვაშაძე იყო, მიიჩნევს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში კანონდარღვევებით ჩატარდა, წინასაარჩევნო პერიოდში იყო ამომრჩევლის ტოტალური მოსყიდვა და დაშინება, რის გამოც, ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი