ახალი ამბები

17 მაისის თავდასხმის საქმე: სასამართლოს გადაწყვეტილება და დაზარალებულის პასუხი

7 დეკემბერი, 2018 • 1773
17 მაისის თავდასხმის საქმე: სასამართლოს გადაწყვეტილება და დაზარალებულის პასუხი

მიმდინარე წლის 17 მაისს მთავრობის ადმინისტრაციასთან სიტყვით გამომსვლელ გეი აქტივისტზე თავდამსხმელი არასრულწლოვნის საქმე საქალაქო სასამართლომ განრიდების მოტივით პროკურატურას გადასცა. პროცესი 6 დეკემბერს გაიმართა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულის დაცვის მხარის მოთხოვნა ასე დააკმაყოფილა.

არასრულწლოვანს პროკურატურამ ბრალი 6 ოქტომბერს წაუყენა. თავდაპირველად, საქმეზე გამოძიება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა სსკ-ს 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. თუმცა, შემდგომ ამ საქმეზე კვალიფიკაცია შეიცვალა და არასრულწლოვანს ბრალი სსკ-ს 156-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით წაეყენა, რაც გულისხმობდა ადამიანის დევნას, ჩადენილს ძალადობით ან ძალადობის მუქარით.

სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა თავდასხმისას დაზარალებული აქტივისტი ნიკა გორგილაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ “სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო”. მისი განცხადებით, თავდამსხმელი არასრულწლოვანი თავადაა მსხვერპლი, პროცესები კი მანამ არ შეიცვლება უკეთესობისკენ, სანამ საზოგადოება მოძალადის გამართლებას არ შეწყვეტს.

სრულად გთავაზობთ დაზარალენბულის გამოხმაურებას:

“ვფიქრობ, სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო ბრალდებულთან დაკავშირებით, რადგან კი არ გაამართლა [ის], (როგორც ინტერპრეტირებენ ფაშისტური დაჯგუფებები), არამედ განრიდების საფუძველზე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში იქნება სოციალური მუშაკის ზედამხედველობის ქვეშ, ჩაუტარდება ტრენინგები, გაივლის გარკვეულ პროგრამებს და ასეთი პრევენციის მიუხედავად, თუ მაინც ჩაიდენს ახალ დანაშაულს, შესაბამისადაც დაისჯება. ეს იყო ჩემი, როგორც დაზარალებულის, სურვილიცა და მოთხოვნაც.

17 მაისიდანვე მოყოლებული ვიძახდი, რომ ჩემი მოთხოვნა [თავდამსხმელის] დაპატიმრება კი არ ყოფილა, არამედ სახელმწიფოს მხრიდან პოზიციის დაფიქსირება, რომ ძალადობა დანაშაულია და დაუშვებელი, რათა დაუსჯელობის სინდრომი არ გაჩენილიყო საზოგადოებაში და კიდევ უფრო არ დამძიმებულიყო ლგბტქ ადამიანთა ყოფა საქართველოში. ფაქტია, რომ სახელმწიფომ არ დამიცვა, თვეების განმავლობაში არ მცნო დაზარალებულად, დააიგნორა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მოთხოვნა დაცვის სპეციალური სამსახურის გამოყოფასთან დაკავშირებით და ა.შ

ცხადია, [მის] მიმართ, ისევე როგორც ადრე, არც ახლა მაქვს რაიმე სახის აგრესია, რადგან ის არის მსხვერპლი მოძალადე ქართული საზოგადოების, მახინჯი საგანმანათლებლო სისტემის, მორალისტი, ამორალური სოციუმისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალწლიანი კაცთმოძულე იდეოლოგიის, რომელიც აქტიურად მიემართება უმცირესობებსა და მოწყვლად ჯგუფებს.

ამას გარდა, ეს ქეისი კიდევ ერთი ლუსტრაცია იყო ქართული საზოგადოებისა. სანამ არ შეწყვეტთ ძალადობის გამართლებას, მანამ არ უწერია ამ ქვეყანას განვითარება, თქვენს შვილებს კი, უკეთესი მომავალი. ასე რომ, სარალიძის ამბავზე მტირალა სმაილების წერას, სჯობს პასუხისმგებლობა იგრძნოთ, რადგან აგრესია შობს ძალადობას, თქვენ კი, ზრდასრულო პოტენციურო მოძალადეებო და მკვლელებო, ვინც საშინელ ტექსტებს წერდით და მწერდით ამ დღეებში, ყველა იმ დანაშაულზე ხართ პასუხისმგებელი, რაც ქვეყანაში ხდება, მათ შორის, არასრულწლოვნების მკვლელობაშიც, ვინაიდან თქვენნაირი აგრესორები აძლევენ მაგალითს ბავშვებს/მოზარდებს, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ მათგან განსხვავებული და მათთან დაპირისპირებული ადამიანების მიმართ.

მიხარია, რომ დასრულდა ეს ამბავი, რომლისგანაც ქართული საზოგადოების უმრავლესობამ ისევ ვერაფერი ისწავლა, თუმცა, ასეა თუ ისე, წარმატებები [არასრულწლოვანს], უკეთეს კაცად და ჯანსაღ მოქალაქედ ჩამოყალიბების გზაზე!

დაბოლოს, რა თქმა უნდა: სიყვარული არის სიყვარული, ყოველთვის და ყველგან!


17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. მიმდინარე წელს, ამ დღეს, ლგბტ თემის წევრები და მათი მხარდამჭერები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ. სიტყვით გამოსვლისას, გეი აქტივისტ ნიკა გორგილაძეს არასრულწლოვანი ბიჭი თავს დაესხა. პოლიციამ ის მალევე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყებოდა, რომ თავდამსხმელი 15 წლის არის.

მოგვიანებით, ნიკა გორგილაძემ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ  დამნაშავეა სისტემა და მას აგრესია არ აქვს თავდამსხმელის მიმართ.

მასალების გადაბეჭდვის წესი