ახალი ამბები

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, შესაძლოა, დაიხუროს – BMG

6 დეკემბერი, 2018 • 2909
რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, შესაძლოა, დაიხუროს – BMG

რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ მომავალი წლის დასაწყისში, შესაძლოა, მუშაობა შეაჩეროს. ამის შესახებ ინფორმაცია, თავდაპირველად, Bussines Media Georgia-მ დღეს, 12 დეკემბერს გაავრცელა.

გამოცემის ცნობით, ქარხანა მუშაობას სრულად 15 იანვარს შეწყვეტს, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ მომუშავე 2 000 ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩება. აღნიშნულის სავარაუდო მიზეზად კი ირანიდან არმატურის დაბალ, დემპინგურ ფასად იმპორტი სახელდება.

“ნეტგაზეთმა” დამოუკიდებლად სცადა აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება.

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძე ადასტურებს ფაქტს, რომ “რუსთავის ფოლადის” ადმინისტრაცია ბოლო პერიოდში ქარხნის მუშაობის ნაწილობრივ ან სრულად შეჩერებაზე სულ უფრო მეტს საუბრობს.

“მე ვიცი, რომ პრობლემები ჰქონდათ და ძალიან  ბევრჯერ გაახმოვანა ეს გენერალურმა დირექტორმა. ჯერ იყო საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა, შემცირება გამხდარიყო საჭირო, შემდეგ იმაზე, რომ სულ გაჩერებულიყვნენ”, – აცხადებს ის.

“რუსთავის ფოლადს” ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა მეტალურგიული ქარხნის თანამშრომელი “ნეტგაზეთთან” საუბრისას აცხადებს, რომ ირანიდან იმპორტირებული არმატურის დაბალი ფასის პირობებში, ადგილობრივი პროდუქცია კონკურენციას ვერ უძლებს და ამჟამინდელი ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, ქარხნის არსებობა მართლაც დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ.

ქარხნის მფლობელი კომპანია პრობლემებზე ძირითადად მიმდინარე წლის გაზაფხულიდან ალაპარაკდა, როცა ირანიდან არმატურის იმპორტი, მათივე თქმით, დემპინგური ფასით, საგრძნობლად გაიზარდა.

ბოლო პერიოდში საკითხი არაერთგზის განიხილეს საპარლამენტო დონეზეც: გაიმართა დარგობრივი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების კომიტეტის რამდენიმე სხდომა, რომელშიც “რუსთავის ფოლადისა” და სხვა, მათ შორის ცემენტის მწარმოებელი კომპანიების, ასევე საკანონმდებლო ორგანოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგებლები მონაწილეობდნენ.

სხდომებზე დღის წესრიგში ძირითადად იდგა ანტიდემპინგური კანონმდებლობის არსებობის საკითხი, რომელიც  უცხოური კომპანიებისათვის პროდუქტის ღირებულების მიმართ გარკვეულ ბარიერებს აწესებს. კანონპროექტზე მუშაობა მაშინდელმა მთავრობამ 2015 წელს დაასრულა და აცხადებდა, რომ მას ადგილობრივი ბიზნესის ინტერესები უნდა დაეცვა. კანონი ჯერჯერობით არ მიუღიათ.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე 12 ნოემბერს ჩატარებული ერთ-ერთი ასეთი სხდომის შემდეგ აღნიშნავდა, რომ კანონპროექტის ინიცირებამდე სახელმწიფო მზადაა, მხარეებთან კონსულტაციების რეჟიმში იმუშაოს.

“კანონპროექტის ინიცირებამდე ჩვენ მზად ვართ, კონსულტაციების რეჟიმში გავაგრძელოთ მუშაობა როგორც კერძო სექტორთან, ასევე ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რომ მაქსიმალური ჩართულობა იყოს პროცესში და საზოგადოებაში არსებობდეს კონსენსუსი, არის თუ არა რეალურად ეს კანონი საჭირო ქვეყანაში. თუ ასეთი დაკვეთა მოდის საზოგადოებიდან, მზადყოფნას გამოვთქვამთ, მოვახდინოთ აღნიშნული კანონპროექტის წარდგენა საქართველოს პარლამენტში“, – აღნიშნა მაშინ გენადი არველაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი