ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

შეთანხმების მიხედვით, სირია და აფხაზეთი ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივად იმოქმედებენ

6 დეკემბერი, 2018 • 1571
შეთანხმების მიხედვით, სირია და აფხაზეთი ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივად იმოქმედებენ

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა აფხაზეთსა და სირიის არაბულ რესპუბლიკასთან შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

კანონპროექტი აფხაზ დეპუტატებს განსახილველად დღეს წარუდგინეს.

აფხაზური მხარის ცნობით, აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს ერთობლივ კონსულტაციებს რიგ აქტუალურ საკითხზე, თანამშრომლობას მეცნიერების, ეკონომიკის, ვაჭრობისა და კულტურის სფეროებში.

ასევე, “აფხაზეთი და სირია იღებენ ვალდებულებას, არ შევიდნენ ისეთი სამხედრო-პოლიტიკურ გაერთიანებებში, რომელთა საქმიანობაც რომელიმე მათგანის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ასევე შეთანხმება ითვალისწინებს ერთობლივ მოქმედებებს ტრანსნაციონალური დანაშაულისა და საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ”.

სირიის პარლამენტმა აფხაზეთთან თანამშრომლობისა და მეგობრობის შესახებ ათწლიანი შეთანხების რატიფიცირება 2018 წლის 11 ოქტომბერს მოახდინა.

სირიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთში რიად ჰადადი სოხუმში, ტურისტულ ფორუმზე 20 ნოემბერს ჩავიდა.

სირიამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2018 წლის 29 მაისს გამოაცხადა. სირიის მიერ აღიარების ფაქტს დაუყოვნებლივ გამოეხმაურნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც აღნიშნეს, რომ საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს.

რუსეთი სირიის მთავრობის უმთავრესი საგარეო მოკავშირეა. მოსკოვმა ქვეყნის ტერიტორიაზე ავიადარტყმების განხორციელება 2015 წელს დაიწყო. ვლადიმერ პუტინი აცხადებდა, რომ კამპანიის მთავარი მიზანი ISIS-ის შესუსტება იყო, თუმცა აშშ-ის ოფიციალურ პირებს მოსკოვი არაერთგზის დაუდანაშაულებიათ სირიის ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედებაში. რუსეთი კი, თავის მხრივ, აშშ-ს სპელკულაციებში ადანაშაულებდა. სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას ვითარება ასადის ხელისუფლების სასარგებლოდ, არაერთ შემთხვევაში, სწორედ რუსეთის ჩარევით შეიცვალა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სირიის გარდა, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი აღიარეს ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი