“იმედი”, “ობიექტივი” და პირველი არხი VS რუსთავი 2 — II ტურის მედიამონიტორინგი

საპრეზიდენტო არჩევნების პირველიდან მეორე ტურამდე პერიოდის მედიამონიტორინგი უჩვენებს, რომ პირველი ტურის დასრულების შემდეგ ტელემედიამ მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა — უფრო ცალსახად გამოჩნდა მაუწყებელთა სარედაქციო პოლიტიკა და მათი მიკერძოება საპრეზიდენტო კანდიდატების სასარგებლოდ.

როგორც მონიტორინგის ერთ-ერთ ნაწილშია აღნიშნული, შეიძლება ითქვას, რომ ერთ ფლანგზე იყო “იმედი”, “ობიექტივი” და “პირველი არხი” გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ, მეორე ფლანგზე კი – “რუსთავი 2” სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ.

მედიამონიტორინგის საბოლოო, შეჯამებული შედეგები 6 დეკემბერს გამოქვეყნდა. ტელემედიის მონიტორინგი ჩაატარა “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ” ‐ (სატელევიზიო ახალი ამბებისა და სატელევიზიო ტოქშოუების მონიტორინგი). ანგარიში აერთიანებს კვლევის შედეგებს არჩევნების პირველი ტურის დასრულებიდან მეორე ტურის კენჭისყრის დღემდე პერიოდში (29 ოქტომბერი – 27 ნოემბერი).

სატელევიზიო ტოკშოუები

მედიამონიტინგში აკვირდებოდნენ 8 არხს: საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხი”, რუსთავი 2, “იმედი”, “ტვ პირველი,” “იბერია”, “მაესტრო”, “ობიექტივი”, “აჭარის ტელევიზია”.

მონიტორინგი მიმდინარე წლის პირველ აგვისტოს დაიწყო. ტოქშოუების ნაწილი ეთერში სექტემბრის დასაწყისში, ნაწილი კი უფრო მოგვიანებით გავიდა. წინამდებარე ანგარიში ასახავს 29 ოქტომბერი – 27 ნოემბრის პერიოდში გასული გადაცემების ანალიზს.

მონიტორინგის თანახმად, გაშუქება უმეტესად დაფუძნებული იყო იმაზე, თუ რატომ არ უნდა აირჩიოს მოსახლეობამ ამა თუ იმ არხისთვის არასასურველი კანდიდატი. “იმედმა” საგანგებო რეჟიმში მუშაობის დაწყების შესახებ განაცხადა. “რუსთავი 2-ზე” გაიზარდა ტოქშოუების ეთერში გასვლის სიხშირე.

სატელევიზიო ტოკშოუების მედიამონიტორინგი “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ” ჩაატარა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებით. მონიტორები აკვირდებოდნენ 8 სატელევიზიო არხის საუკეთესო საეთერო დროს (პრაიმ ტაიმში) გასულ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუებს და საინფორმაციო გამოშვების იმ ნაწილს, სადაც რესპონდენტებთან ათ წუთზე მეტი ქრონომეტრაჟის ინტერვიუს სთავაზობენ მაყურებელს. წინამდებარე ანგარიში ასახავს 29 ოქტომბერი – 27 ნოემბრის პერიოდში გასული გადაცემების ანალიზს.

ტელესივრცე, ფაქტობრივად, ორპოლუსიანი გახდა, სადაც “რუსთავი 2” ერთ მხარეს, “იმედი” და საზოგადოებრივი მაუწყებელი კი მეორე მხარეს აღმოჩნდნენ. “რუსთავი 2-ზე” ძირითადად განიხილავდნენ იმას, თუ რატომ იქნება ცუდი სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება, “იმედი” და საზოგადოებრივი მაუწყებელი კი გრიგოლ ვაშაძის გამარჯვებას “ნაციონალური მოძრაობის”, როგორც მოძალადე ძალის, ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობად წარმოაჩენდნენ. გაიზარდა ეთიკური სტანდარტების დარღვევით, მანიპულაციების გამოყენებით მომზადებული გადაცემების რაოდენობა.

პირველი ტურის დასრულების შემდეგ ორ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს ხმათა თითქმის თანაბარი რაოდენობა ჰქონდათ. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა შეიძინა იმანაც, თუ როგორ გაშუქდებოდა მეორე ტურის წინა პერიოდი.

ანგარიშის თანახმად, თავად კანდიდატები სადისკუსიო გადაცემებში თითქმის არ მონაწილეობდნენ. სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ერთხელ სტუმრობდა “იმედის კვირას”, გრიგოლ ვაშაძე კი მხოლოდ რუსთავი 2-ს ჩაერთო სამჯერ (ორჯერ გადაცემაში „კვირის აქცენტები“ და ერთხელ „არჩევანში“). „არჩევანის“ სტუდიაში ვაშაძე მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა და თავისი ხედვის, პროგრამის პრეზენტაცია გამართა. ამ გადაცემებში სტუმრობისას არცერთი კანდიდატის მიმართ არ დასმულა კრიტიკული კითხვები. სალომე ზურაბიშვილთან საუბარი „იმედის კვირაში“ ჩანაწერის სახით გავიდა. 20-წუთიანი ინტერვიუს განმავლობაში ის ზოგადად საუბრობდა პრეზიდენტის დანიშნულებასა და წინასაარჩევნო კამპანიაზე. როგორც წამყვანებმა განაცხადეს, „იმედზე“ „ნაციონალური მოძრაობა“ და გრიგოლ ვაშაძე არ მიდიოდნენ, „რუსთავი 2″-ს კი სალომე ზურაბიშვილი არ სტუმრობდა.

“მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატები გადაცემებში არ მონაწილეობდნენ, წინასაარჩევნო პერიოდი მკვეთრად იგრძნობოდა მაუწყებელთა ეთერში, განსაკუთრებით ეს “რუსთავი 2”-სა და “იმედზე” ითქმის, – წერია მონიტორინგში.

ახალი ამბები

პირველი ტურისაგან განსხვავებით, საპრეზიდენტო კანდიდატები 28 ოქტომბრის შემდეგ, მეორე ტურის წინ, უფრო აქტიურად შუქდებოდნენ.

ორი საპრეზიდენტო კანდიდატიდან სალომე ზურაბიშვილს, ჯამში, უფრო მეტი დრო დაეთმო, ვიდრე გრიგოლ ვაშაძეს. სალომე ზურაბიშვილი ყველაზე დიდი ქრონომეტრაჟით “რუსთავი 2”-მა გააშუქა, თუმცა ამ გაშუქების 89% უარყოფითი იყო. ყველაზე დადებითად სალომე ზურაბიშვილი დათმობილი დროის 10%‐ით აჭარის ტელევიზიის ეთერში გაშუქდა. თუმცა, დროის თვალსაზრისით, ეს დაახლოებით 2 წუთია. გრიგოლ ვაშაძესაც ყველაზე მეტი დრო “რუსთავი 2”-მა დაუთმო. სწორედ ამ არხზე ჰქონდა მას ყველაზე პოზიტიური გაშუქება. ამ კანდიდატისთვის დათმობილი დროის 9% დადებითი იყო. ყველაზე უარყოფითად ვაშაძე “ობიექტივმა” გააშუქა. ამ არხზე მისთვის დათმობილი დროის 74% უარყოფითი იყო.

სალომე ზურაბიშვილის გაშუქება ტონის მიხედვით (მონიტორინგი)

გრიგოლ ვაშაძის გაშუქება ტონის მიხედვით (მონიტორინგი)

არჩევნების მეორე ტურის წინა პერიოდში აშკარად შესამჩნევი გახდა პრეზიდენტობის კანდიდატების გაშუქების ტონის ცვლილება ზოგიერთ არხზე. მაგალითად, მკვეთრად გაიზარდა (56%‐დან 89%‐მდე) სალომე ზურაბიშვილის უარყოფითი გაშუქება “რუსთავი 2”-ზე.

იგივე მოხდა “ობიექტივზე”. თუ 28 ოქტომბრამდე ამ არხის საინფორმაციო გამოშვებებში გრიგოლ ვაშაძისთვის დათმობილი დროის მხოლოდ 7% იყო უარყოფითი, მეორე ტურის წინ ეს მაჩვენებელი 74%‐მდე გაიზარდა.

ანგარიშის თანახმად, საინტერესოა მეორე ტურში გადასული საპრეზიდენტო კანდიდატების პირდაპირი და ირიბი გაშუქების მაჩვენებელიც. ეს ინდიკატორი საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, არხი ტრიბუნას უთმობს კონკრეტულ კანდიდატს, თუ მასზე სხვები საუბრობენ. სალომე ზურაბიშვილი მისთვის დათმობილი დროის ნახევარზე მეტი თავად საუბრობდა (პირდაპირი გაშუქება) “ობიექტივსა” (57%) და “იმედზე” (56%), ყველაზე ნაკლებად კი – “რუსთავი 2”-ზე (13%). გრიგოლ ვაშაძეს პირდაპირი გაშუქების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (68%) “რუსთავი 2”-ზე ჰქონდა, ყველაზე დაბალი (8%) კი – “ობიექტივზე”.

სალომე ზურაბიშვილის პირდაპირი/ირიბი გაშუქება

გრიგოლ ვაშაძე პირდაპირი/ირიბი გაშუქება

რაოდენობრივი მაჩვენებლების ანალიზის შედეგად შეიძლება ვთქვათ, რომ სალომე ზურაბიშვილს მკვეთრად უარყოფითად აშუქებდა მხოლოდ “რუსთავი 2”, დანარჩენ არხებზე მას ძირითადად ნეიტრალური გაშუქება ჰქონდა. გრიგოლ ვაშაძეს ყველაზე დადებითად “რუსთავი 2” აშუქებდა. ვაშაძის შემთხვევაში, ყველა არხზე, გარდა “რუსთავი 2”-ისა, პოზიტიურ გაშუქებას უარყოფითი გაშუქება სჭარბობდა.

ჯამში, ყველა არხის მონაცემებით, მეორე ტურის წინა პერიოდში გრიგოლ ვაშაძე უფრო უარყოფითად შუქდებოდა, ვიდრე მისი ოპონენტი.


ზოგადი შინაარსობრივი ტენდენციები

მონიტორინგის თანახმად, მეორე ტურმა უფრო აშკარა გახადა ტელემაუწყებლების დამოკიდებულება კონკრეტული საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ. „იმედმა“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადასვლა გამოაცხადა და საინფორმაციო გამოშვებების დიდი ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროინდელი საქმეების წამოწევას და მის მძაფრ კრიტიკას დაუთმო. “რუსთავი 2”-ს არ განუცხადებია საგანგებო მდგომარეობის შესახებ, თუმცა მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებული სიმძაფრით აკრიტიკებდა სალომე ზურაბიშვილს და „ქართულ ოცნებას.“

ანგარიშში წერია, რომ ორივე არხმა დაივიწყა ეთიკური პრინციპების უმრავლესობა და ჟურნალისტიკა, მეტწილად, პროპაგანდით ჩაანაცვლა. ჟურნალისტები ღიად, საკუთარი მიკერძოებული ტექსტებით, ზოგჯერ შეურაცხმყოფელი ციტატებით აკრიტიკებდნენ სამიზნეში ამოღებულ სუბიექტებს.

ამ პერიოდში მკვეთრად გააქტიურდა „ობიექტივი“, რომელიც საინფორმაციო გამოშვებების უდიდეს ნაწილს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების „ცხრაწლიანი“ პერიოდის კრიტიკას უთმობდა. ამ არხზე ეთიკური პრინციპების დარღვევას განგრძობითი ხასიათი ჰქონდა. თუ პირველ ტურში „ობიექტივი“ უმეტესად მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსს“ აშუქებდა, მეორე ტურის წინ სარედაქციო პოლიტიკა რადიკალურად შეიცვალა. უფრო ხშირად ჩანდნენ „ქართული ოცნების“ წევრები და პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი. არხს ჰქონდა მკვეთრად გამოხატული გზავნილი: „არა სააკაშვილი‐ბოკერიას დამნაშავე რეჟიმს!”. „ობიექტივის“ ეთერში გასული სიუჟეტები მოკლებული იყო ყოველგვარ ჟურნალისტურ სტანდარტს.

შეჯამების სახით, ქარტიის მონიტორინგში ვკითხულობთ, რომ შეიძლება ითქვას, ერთ ფლანგზე იყო „იმედი,“ „ობიექტივი“ და პირველი არხი გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ, მეორე ფლანგზე კი – „რუსთავი 2“ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

მონიტორინგში ვკითხულობთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ცალკე აღნიშვნას საჭიროებს.

“როგორც წინა ანგარიშში აღვნიშნეთ, პირველი არხი გამოირჩევა ხელისუფლებისადმი ლოიალური სარედაქციო პოლიტიკით. მეორე ტურის წინ ეს ტენდეცია უფრო შესამჩნევი გახდა, მომრავლდა სიუჟეტები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდზე, იმდროინდელი მაღალჩინოსნების დანაშაულებებზე”, – წერია ანგარიშში.

მათი თქმით, კიდევ უფრო შემცირდა ისეთი თემების წამოწევა, სადაც დღევანდელი ხელისუფლება უარყოფითად შეიძლებოდა წარმოჩენილიყო. „მოამბეში“ ამბების თანმიმდევრობაც ხშირად ამ პოლიტიკის დამადასტურებელი იყო. ზოგჯერ ხელისუფლებისთვის მწვავე თემები გამოშვების მეორე ნაწილში შუქდებოდა, ამასთან, ნაკლებ კრიტიკული აქცენტებით. ამის ფონზე, გამხსნელ სიუჟეტებად გვხვდებოდა წინა ხელისუფლების მამხილებელი სიუჟეტები და „ქართული ოცნების“ მიერ მეორე ტურის დანიშვნის შემდეგ მოსახლეობისთვის შეთავაზებული სიკეთეები: კანაფის კულტივაციის კანონპროექტის გაწვევა, ბავშვებისთვის სოციალური დახმარების გაზრდა, საბანკო შეღავათები და ა.შ.

ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ “პირველი არხი”, ხელისუფლების მსგავსად, გამოირჩეოდა არასამთავრობო სექტორის მიმართ კრიტიკული მოსაზრებების ტირაჟირებით. ასეთ სიუჟეტებში უმეტესად ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიცია დომინირებდა. ტენდენციის სახე ჰქონდა სიუჟეტებში ხელისუფლების წარმომადგენლების დიდი დოზით და “ბოლო სიტყვის უფლებით” მონაწილეობას. შეგვხვდა შემთხვევები, როცა არასამთავრობოებზე, ოპოზიციაზე, მომზადებულ სიუჟეტებში დასკვნითი სიტყვა მაინც ხელისუფლებას ეკუთვნოდა.

“პირველი არხი” დადებითად აშუქებდა ბიძინა ივანიშვილს. მისი ინტერვიუების შესახებ “მოამბეში” გასული სიუჟეტები ივანიშვილის დადებითად წარმოჩენის შთაბეჭდილებას ტოვებდა. “მოამბე”, როგორც წინა ანგარიშში აღვნიშნეთ, ამჯერადაც დადებით კონტექსტში აჩვენებდა პრემიერის საქმიანობას.

მის მიერ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების გახსნა თუ მონახულება მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე აქტიურად შუქდებოდა. რამდენიმე სიუჟეტში დაფიქსირდა არხის დადებითი დამოკიდებულება სალომე ზურაბიშვილის მიმართ. ამასთან, არხს აშკარა, უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა გრიგოლ ვაშაძის მისამართით.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების II ტურის მედიამონიტორინგის შედეგები – სრულად:

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია მუშაობდა ნეტგაზეთის რეპორტიორად 2016 წლის მაისიდან 2017 წლის 31 იანვრამდე. 2017-18 წლებში მუშაობდა OC Media ში რეპორტიორად. 2018 წლის 1 სექტემბრიდან ის კვლავ ნეტგაზეთის რეპორტიორია.