ახალი ამბები

რუსეთის საკონსტიტუციომ კონსტიტუციურად ცნო ჩეჩნეთ-ინგუშეთის სასაზღვრო შეთანხმება

6 დეკემბერი, 2018 • 1603
რუსეთის საკონსტიტუციომ კონსტიტუციურად ცნო ჩეჩნეთ-ინგუშეთის სასაზღვრო შეთანხმება

6 დეკემბერს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწონა ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და ძალაში დატოვა სადავო სასაზღვრო შეთანხმება, რომლითაც ჩეჩნეთი და ინგუშეთი ტერიტორიების ნაწილს ერთმანეთში ცვლიან.

ამ შეთანხმების გამო წინა თვეებში ინგუშეთში მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციები მიმდინარეობდა.

ინგუშეთის ადგილობრივმა საკონსტიტუციო სასამართლომ ეს შეთანხმება ანტიკონსტიტუციურად გამოაცხადა სასაზღვრო შეთანხმება ინგუშეთისა და ჩეჩნეთის ლიდერებს შორის, რადგან ტერიტორიული საკითხის გადაწყვეტას რეფერენდუმის გარეშე დაუშვებლად მიიჩნევს.

როგორც რუსული გამოცემა “მედუზა” წერს, 6 დეკემბრის სხდომაზე სასამართლოში ინგუშეთის და ჩეჩნეთის ლიდერების, იენის ბეკ ევკუროვის და რამზან კადიროვის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული შეთანხმება შესაბამისობაში მოდის რუსეთის კონსტიტუციასთან.

აიუბ გაგიევმა, ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, დღეს უარი თქვა განხილვაში დასწრებაზე და განაცხადა, რომ შეთანხმება ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლოს განსახილველი იყო და არა რუსეთის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოსი.

ფედერალურმა სასამართლომ კი პირიქით, დაადგინა, რომ გაგიევის სასამართლოს კომპეტენციაში არ შედის ამ შეთანხმების კონსტიტუციურობის გარკვევა.

ჩეჩნეთისა და ინგუშეთის მეთაურებმა, რამზან კადიროვმა და იუნუს-ბეკ ევკუროვმა, 2018 წლის 26 სექტემბერს გააფორმეს ხელშეკრულება, რომლითაც რუსეთის ფედერაციის ორ ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკას შორის ტერიტორიები გაიცვლება. ამ შეთანხმებით დგინდება ადმინისტრაციული საზღვარი ორ რესპუბლიკას შორის.

27 ნოემბერს, როდესაც რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაიწყო აღნიშნული საკითხის გარკვევა, ინგუშეთში ისევ გამოვიდა ასობით ადამიანი და სასამართლოს მოუწოდა, პატივი ეცათ ინგუშების სურვილისთვის და ადგილობრივი საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებისთვის.

ინგუშების ნაწილს მიაჩნია, რომ ტერიტორიების გაცვლა უსამართლოდ მოხდა და ჩეჩნეთს უფრო დიდი ტერიტორიები ერგო. ოქტომბერში დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციები ინგუშეთის ხელისუფლებისკენ იყო მიმართული. როგორც ჩრდილოკავკასიის საკითხების კომენტატორი, კარინა ავედისიანი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, დემონსტრანტებმა ფრთხილად მოაქციეს პროტესტის ობიექტი ჩარჩოში: ისინი ამას განიხილავდნენ, როგორც საშინაო საკითხს — უთანხმოებად ინგუშ ხალხსა და მათ წარმომადგენლებს შორის, რომლებმაც სრულიად გაუმჭვირვალედ მიიღეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება.

ნახეთ დეტალურად:

“უპრეცედენტო აქციები ჩრდილოეთ კავკასიაში” — რა ხდება ინგუშეთში?

მასალების გადაბეჭდვის წესი