რუსეთი პარიზს მოუწოდებს, აქციებზე ძალის გადამეტებისგან თავი შეიკავოს

რუსეთის ფედერაცია საფრანგეთს მოუწოდებს, დემონსტრანტების დაშლისას ძალას არ გადაამეტოს, ჟურნალისტებმა კი უსაფრთხო გარემოში შეძლონ პარიზში მიმდინარე მოვლენების გაშუქება.

საფრანგეთის სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ძალის გადამეტების შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარია ზახაროვამ გააკეთა.

“მოვუწოდებთ პარიზს, თავი შეიკავოს ძალის გადამეტებისგან, ასევე არ მოხდეს ძალის გამოყენება ჟურნალისტების მიმართ. ქვეყანას არ უნდა  დაავიწყდეს სიტყვის თავისუფლება და უზრუნველყოფილი უნდა იყოს მედიის წარმომადგენელთა უსაფრთხოება. რა თქმა უნდა, პარიზისგან ვითხოვთ, ჟურნალისტებს სამუშაოდ უსაფრთხო გარემო შეუქმნას. მედიის წარმომადგენლები პოლიციის სამიზნე არ უნდა გახდნენ,”-აცხადებს ზახაროვა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ჟურნალისტების საკითხზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულმა Russia Today-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომ პარიზში მიმდინარე დემონსტრაციის დროს მათი რამდენიმე ჟურნალისტი დაშავდა.

დემონსტრაციები საფრანგეთში დიზელის საწვავზე ფასების ზრდის წინააღმდეგ სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. პირველ დეკემბერს პარიზში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა, რის შედეგადაც, სულ ცოტა, 39 ადამიანი დააკავეს. 4 დეკემბერს საგრანგეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რეფორმა დიზელის საწვავის ფასის ზრდაზე, რის გამოც რამდენიმე კვირის განმავლობაში საფრანგეთი არეულობამ და საპროტესტო ტალღამ მოიცვა, 6 თვით შეჩერდება.

ადამიანის უფლებების მდგომარეობა რუსეთში

საერთაშორისო  ორგანიზაცია Freedom House-ის 2018 წლის რეიტინგით, რომელიც მსოფლიოში დემოკრატიის ხარისხს ზომავს, რუსეთი არათავისუფალი ქვეყნების ჩამონათვალშია. რუსეთს 100 შესაძლოდან მხოლოდ 20 ქულა აქვს. რუსეთს არამხოლოდ საფრანგეთი (90 ქულა, სრულად თავისუფალი), არამედ საქართველოც უსწრებს, რომელიც ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების ჩამონათვალშია 64 ქულით.

Freedom House-ის შეფასებით რუსეთს ავტორიტარული პოლიტიკური სისტემა მართავს, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ხელშია კონცენტრირებული, ხოლო მედიაგარემო – კონტროლირებადია.

კომიტეტის “ჟურნალისტების დასაცავად” მონაცემებით, 1992 წლიდან 2018-ის ჩათვლით რუსეთში 58 ჟურნალისტია მოკლული, მათ შორის ორი – 2017 წელს.

საპენსიო ასაკის ზრდას 2018 წლის სექტემბერში, რუსეთში საპროტესტო აქციები მოჰყვა. BBC-ის ინფორმაციით, 9 სექტემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით პოლიციამ 800-ზე მეტი აქციის მონაწილე დააკავა, ნაწილი კი ხელკეტებით სცემა.

საპროტესტო აქცია რუსეთში/EPA-EFE/ANATOLY MALTSEV/09.09.2018

საპროტესტი აქცია რუსეთში/ EPA-EFE/ANATOLY MALTSEV/09.09.2018

Human Rights Watch-ის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2017 წლის ივნისში მოსკოვსა და პეტერბურგში ასობით მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილე დააკავეს. როდესაც ისინი პოლიციას მათი დაკავების მიზეზს ეკითხებოდნენ, პოლიცია მათ  ხელკეტით ურტყამდა. აქციის ერთ-ერთ მონაწილეს პოლიციელმა ისე სცემა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში საავადმყოფოში ყოფნა მოუწია. დემონსტრანტები ქვეყანაში კორუფციას აპროტესტებდნენ.

Human Rights Watch-ის შეფასებით, დღეს რუსეთში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ადამიანის უფლებების კუთხით ყველაზე რეპრესიული მდგომარეობაა. სახელმწიფო კონტროლის ქვეშ არის მოქცეული გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.