ახალი ამბები

ტექდათვალიერებისას არ ამოწმებენ იმ ნივთიერებებს, რაც მთავარი დამაბინძურებელია – ანგარიში

7 დეკემბერი, 2018 • 3991
ტექდათვალიერებისას არ ამოწმებენ იმ ნივთიერებებს, რაც მთავარი დამაბინძურებელია – ანგარიში

სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირებისას ბენზინისძრავიანი ავტომობილების გამონაბოლქვში მხოლოდ ნახშიროჟანგს (CO) ამოწმებენ, დიზელისძრავიანებში კი – კვამლიანობას. თუმცა, ავტომობილთა გამონაბოლქვი არ მოწმდება საქართველოში ჰაერის მთავარ დამაბინძურებლებზე – აზოტის ოქსიდებსა და PM-ებზე. აღნიშნული წერია მონიტორინგის შედეგებში, რომელსაც ატარებს არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” .

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გარდა იმისა, რომ CO ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების მთავარი კომპონენტი არაა, დადგენილი ლიმიტები ლმობიერია სასურველ სტანდარტთან შედარებით.

“საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლილუაშვილი “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში ამბობს, რომ აღნიშნული კრიტერიუმი არასაკმარისია, რადგან, როგორც კვლევებით იკვეთება, ჰაერის  წამყვანი დამაბინძურებელი საქართველოში აზოტის ოქსიდი და PM ნაწილაკებია, რომელთა მაღალი კონცენტრაცია ჰაერში მოძველებული ავტოტრანსპორტისა და დიზელის საწვავის გამოყენების შედეგია.

როგორც ორგანიზაციის მონიტორინგის შედეგების შეჯამებაში ვკითხულობთ, ევროკავშირში ამჟამად მოქმედებს ევრო 6 სტანდარტი, რომელიც ადგენს გამონაბოლქვში გაცილებით მეტი სახის მავნე ნივთიერების ლიმიტებს:

“რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთ კომპონენტზე (CO) შემოწმება არასაკმარისია. უნდა მოწმდებოდეს  სხვა კომპონენტებიც, მათ შორის,  აზოტის ოქსიდები, რომელიც დიზელის საწვავზე მომუშავე ავტომობილების გამოფრქვევებისგან არის გამოწვეული. ევროპული სტანდარტი გაცილებით მაღალია. ის, რასაც ვამოწმებთ, არ არის საკმარისი და თუ გვინდა ტექნიკური ინსპექტირება გავიაროთ იმის გამო, რომ ჰაერის ხარისხი გაგვიუმჯობესდეს და შემცირდეს ავტოავარიები (რადგან სწორედ ეს არის მიზანი  ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ტექინსპექტირება ტარდება), ამას ჩვენ ამ რეფორმით ამ ეტაპზე ვერ ვაღწევთ, ყოველ შემთხვევაში, პირველი წლის მონაცემები ამას აჩვენებს”, – ამბობს ეკა ლილუაშვილი.

2018 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას ავტომობილების ნაწილი გადის, მათ შორის, სამგზავრო (8 ადგილს ზემოთ) და სატვირთო (3.5ტ ზემოთ) ავტომობილები.  სავალდებულო დათვალიერებას გადიან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ასევე დიდი მოცულობის (3.0 და ზემოთ) ძრავის მქონე ავტომობილები. შემდეგ ეტაპზე, 2019 წლის ბოლომდე, სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას საქართველოში რეგისტრირებული ყველა ავტომობილი გაივლის.

როგორც “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” აცხადებს, აუცილებელია, რეფორმის მეორე ეტაპზე როგორც კრიტერიუმების გამკაცრება, ასევე – რეფორმის მიმდინარეობის ადმინისტრირების ნაწილის დახვეწა.

ეკა ლილუაშვილის თქმით, აუცილებელია ისეთი მექანიზმების შექმნა, რომ მძღოლებს მანიპულაციის საშუალება არ ჰქონდეთ და ამ მინიმალურ მოთხოვნებს მაინც ყველა ავტომობილი აკმაყოფილებდეს, რაც ამ ეტაპზე სხვადასხვა მიზეზით ვერ ხდება:

“ამ ეტაპზე ირკვევა და იკვეთება, რომ არსებობს  სხვადასხვა კატეგორიის დარღვევა. მაგალითად, ვიცით, რომ ინსპექტირების 10 ცენტრში არის ისეთი კატეგორიის დარღვევები, რომლებიც პრაქტიკულად, მძღოლს საშუალებას აძლევს, მანიპულაციით გაიაროს ტექინსპექტირება, მაგრამ კვლავ დარჩეს გაუმართავად, დააბინძუროს ჰაერი და იყოს საგზაო შემთხვევის შექმნის რისკად”, – ამბობს ლილუაშვილი.

ამ საკითხზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გამოძიებაც აქვს დაწყებული. კერძოდ, გამოძიების საფუძველზე, აღნიშნულმა სამსახურმა საქართველოს 4 რეგიონსა და თბილისში გამოავლინა ინსპექტირების 10 ცენტრი, რომლის თანამშრომლები ავტომობილის შემოწმებისას, მიუხედავად მათი ვიზუალური ან/და ტექნიკური დაზიანებებისა, ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბ ანგარიშებს გასცემდნენ.

ლილუაშვილის თქმით, გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების დასაშვებ ნორმაზე გადაჭარბების გამო 2018 წელს მხოლოდ 5 ავტომობილი არის დაჯარიმებული, რაც არარეალურად დაბალი რიცხვია.  ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გამონაბოლქვის საგზაო კონტროლი კვლავ გამოწვევად რჩება, ვინაიდან, საჭირო აღჭურვილობის გარეშე, პატრულის ეკიპაჟისთვის შეუძლებელია გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების დონის დადგენა.

“მთავარი არის ადმინისტრირება როგორც ტექინსპექტირების ცენტრში, ასევე ქუჩაში. თითოეულ ცენტრს თუ მათ თანამშრომლებს უნდა ჰქონდეთ იმის განცდა, რომ მათი ყოველდღიური საქმიანობა შეიძლება შემოწმებული იყოს. კამერები დღეს ლაივ რეჟიმში არ მუშაობენ, რაც გამოსასწორებელია. ასევე, აკრედიტაციის მხრიდან მონიტორინგის სისტემა არის სუსტი, ამიტომ მენეჯმენტის ფუნქცია უდნა გაუმჯობესდეს” – ამბობს ლილუაშვილი.

“საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით შსს ამჟამად მუშაობს ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც, პატრულის ეკიპაჟებს ექნებათ შესაძლებლობა, გამონაბოლქვში დამაბინძურებელი აირების მაღალი შემცველობის შესახებ გონივრული ეჭვის საფუძველზე, ავტომობილები შემოწმებაზე გადაამისამართონ ინსპექტირების ცენტრებში.

ამავე არასამთავრობო ორგანიზაციის მონიტორინგის შედეგებში ასევე ვკითხულობთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, აკაკი საღირაშვილის განცხადებით, იგეგმება არსებულ ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილების შეტანა ტექინსპექტირების ცენტრების მონიტორინგის ეფექტური მექანიზმის დანერგვის მიზნით.

თუმცა უცნობია, რა ცვლილებების განხორციელებას გეგმავს ეკონომიკის სამინისტრო რეფორმის ეფექტიანობის გასაზრდელად. ამის შესახებ კითხვით და ასევე, იმის გასაგებად, იგეგმება თუ არა გამონაბოლქვში CO-ს გარდა სხვა დამაბინძურებლების შემცველობის შემოწმება, “ნეტგაზეთმა” ეკონომიკის სამინისტროს რამდენიმე დღის წინ მიმართა, თუმცა უწყებისგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი