ახალი ამბები

Georgian Airways-ის მფლობელი საქართველოს ლიბერალური ავიაპოლიტიკის გამკაცრებას ითხოვს

6 დეკემბერი, 2018 • 4715
Georgian Airways-ის მფლობელი საქართველოს ლიბერალური ავიაპოლიტიკის გამკაცრებას ითხოვს

Georgian Airways-ის (ყოფილი “აირზენა”) მფლობელი და პრეზიდენტი თამაზ გაიაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ლიბერალური ავიაპოლიტიკა, რომელიც ევროკავშირთან 2010 წელს გაფორმდა, აზიანებს ქართულ ავიაკომპანიებს და უნდა გადაიხედოს. ამის შესახებ გაიაშვილმა რუსულ ავიაგამოცემა ATO.ru-ს განუცხადა.

2010 წლის დეკემბერში საქართველომ ევროკავშირთან ხელი მოაწერა შეთანხმებას “საქართველოსა და ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ”. მსგავსი ხელშეკრულებები დაიდო თურქეთთან, ყატართან, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან და კიდევ არაერთ ქვეყანასთან. აღნიშნულმა შეთანხმებებმა ხელი შეუწყო ქვეყანაში უცხოური ავიაკომპანიების შემოსვლასა და მსოფლიოს ათეულობით ქალაქის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დანიშვნას.

“ვფიქრობ, ადგილობრივ ავიაკომპანიებზე გავლენა მოახდინა ლიბერალურმა მიდგომამ, მაგრამ არა პოზიტიური. ეს მოხდა იმის გამო, რომ ხელისუფლება, როგორც წესი, არ არის ფოკუსირებული ავიაციის საკითხებზე და ამასთანავე, შეიძლება არასწორადაც იქცევა. მაგრამ არ არის აუცილებელი, ასეთი შეთანხმებები საბოლოო იყოს – ყოველთვის შეიძლება მისი გადახედვა და დახვეწა, რათა მეტი სარგებელი მოუტანოს ქვეყანას. ვფიქრობ, საქართველომ მიაღწია იმ ეტაპს (როცა მზად არის), გადახედოს შეთანხმებას, რომელსაც ხელი მოეწერა სააკაშვილის მმართველობისას. დღეისათვის სახელმწიფოები ინდივიდუალურად იწყებენ თავიანთი ინდუსტრიების რეგულირებას და ეს არის სწორი გზა.  ბაზრისა და მისი მოთამაშეების თვითრეგულირება 21-ე საუკუნეში არის შეუძლებელი. ეს არის წარსულის გზა”, – უთხრა თამაზ გაიაშვილმა რუსულ გამოცემას.

გაიაშვილი ასევე ამბობს, რომ “საქართველოს ავიახაზები” 2024 წლისთვის ავიაპარკის მნიშვნელოვნად განახლებას გეგმავს. კომპანია აპირებს შეიძინოს ხუთი Embraer E195-E2s და ხუთი Boeing 737MAX. ამჟამად “საქართველოს ავიახაზები” 7 სამგზავრო თვითმფრინავით ასრულებს რეისებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ დღეს, 6 დეკემბერს, გაავრცელა საქართველოს აეროპორტებში ბოლო 11 თვის განმავლობაში გადაადგილებულ მგზავრთა სტატისტიკა. ამ მონაცემების მიხედვით, საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში (თბილისის, ქუთაისის, ბათუმის) მგზავრების ნაკადი გაიზარდა 23%-ით. ეს აეროპორტები, ჯამში, 4 688 177 მგზავრს მოემსახურნენ.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ მგზავრების ნაკადი სტაბილურად იზრდება საერთაშორისო აეროპორტებში. მაგალითად, ქუთაისის აეროპორტი მხოლოდ 2018 წლის ნოემბერში 47 868 მგზავრს მოემსახურა, რაც 132%-ით მეტია გასული წლის იმავე თვის მონაცემზე (20 591).

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, რომელიც 2018 წლის 9 თვეს ასახავს, “საქართველოს ავიახაზებს” (“აირზენა”) საქართველოს ბაზრის 11% უკავია 433 805 მგზავრით. მას მცირედით უსწრებს და პირველ ადგილს იკავებს “თურქეთის ავიახაზები”440 060 მგზავრით. მესამე ადგილს კი იკავებს “ვიზ ეარი”, რომელმაც 425 991  მგზავრი გადაიყვანა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსვე ცნობით, ამ დროისათვის საქართველოში საერთაშორისო ავიარეისებს სულ  37 ავიაკომპანია ასრულებს. ზაფხულის სეზონზე მათი რაოდენობა 47 იყო. საქართველოში საერთაშორისო ავიარეისებს ასრულებს ორი ქართული ავიაკომპანია – “საქართველოს ავიახაზები” და “Myway Airlines”. “Myway Airlines-მა” ოპერირება 2018 წელს დაიწყო და რამდენიმე თვეში რეისების უმრავლესობა შეაჩერა. აღნიშნული ავიაკომპანია ამჟამად მხოლოდ ისრაელის მიმართულებით დაფრინავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი