ახალი ამბებისამართალი

რატომ დგას საკანი მთავრობის ადმინისტრაციასთან

6 დეკემბერი, 2018 • 3788
რატომ დგას საკანი მთავრობის ადმინისტრაციასთან

მთავრობის ადმინისტრაციასთან უკვე მეორე დღეა ხელნაკეთი საკანი დგას. საკანში მყოფი მოქალაქეების თქმით, ასე ისინი მათი მეგობრის, მე-4 კურსის სტუდენტ გუკა ბაძაღუას წინასწარ პატიმრობას აპროტესტებენ, რომელსაც  აღკვეთის ღონისძიება 56 დღის წინ შეეფარდა. აქციის წევრები ამბობენ, რომ ბაძაღუა უდანაშაულოა და შს მინისტრთან, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან და მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა წუხანდელი ღამე კარავში გაათენეს.

აქცია-პერფორმანსის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ილო ხვიჩიაა, რომელიც ნეტგაზეთს გუკა ბაძაღუას საქმის დეტალებს უყვება. მისი თქმით, ბაძაღუა 2018 წლის 11 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება, რაც თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ითვალისწინებს. თუმცა, ხვიჩია განმარტავს, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება სასამართლოს მხრიდან აბსურდული გადაწყვეტილებაა და მას საფუძვლად ლოგიკური ფაქტობრივი გარემოება არ უდევს.

“გუკას ბინაში დააკავეს ადამიანი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით, დაახლოებით 16 თვის განმავლობაში, იყო ძებნილი. თუმცა, გუკამ ამის შესახებ არ იცოდა. საქმე ისაა, რომ მან ეს პირი გაიცნო ანაკლიაში, ელექტორნული მუსიკის ფესტივალზე და მას შემდეგ მათ კომუნიკაცია დაკავების დღემდე არ ჰქონიათ.

რაც შეეხება უშუალოდ დაკავებას, ოქტომბრის დასაწყისში გუკამ ეს პირი სრულიად შემთხვევით ნახა თბილისის ქუჩებში, როდესაც ის აბსოლუტურად თავისუფლად სეირნობდა. მან გულახდილად შესთავაზა ნაცნობს მასთან ასულიყვნენ და ესაუბრათ, ვინაიდან მათ კომუნიკაცია ფესტივალის შემდეგ არ ჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ საწინააღმდეგოს პროკურატურა ვერ ამტკიცებს,” – დასძენს ილო ხვიჩია.

მისი თქმით, ორივე მხარე, მათ შორის ძებნილი პირი, ადასტურებს, რომ გუკა ბაძაღუამ არ იცოდა მისი ძებნილობის შესახებ. როგორც ილო ხვიჩია გვიყვება, ჩვენებეში ირკვევა, რომ აღნიშნულმა პირმა გუკა ბაძაღუას პირადი, ოჯახური პრობლემები მოუყვა, თუმცა საუბარი მის სავარაუდო დანაშაულზე არ შემდგარა.

ილო ხვიჩია იხსენებს, რომ ძებნილმა პირმა ბაძაღუას სახლში ღამე გაათენა, ხოლო მეორე დღეს, 10 ოქტომბერს,  მათთან პოლიციის ეკიპაჟი მივიდა და დააკავა. პოლიციამ ორივე პირი ერთად დააკავა, რამაც, როგორც ხვიჩია განმარტავს, პროკურატურას თითქოს იმის საფუძველი გაუჩინა, რომ გუკა დანაშაულის შესახებ ინფორმირებული იყო.

“გუკამ არ იცოდა, რომ პირი ისეთ მძიმე ხდომილებაში იყო ძებნილი, როგორიცაა განზრახ მკვლელობა. ამას ადასტურებს ორივე მხარე. პროკურატურას კი მთავარ მოწმეებად სწორედ ის პოლიციელები ჰყავს, რომლებმაც ისინი იმ დღეს დააკავეს. პოლიციელების პოზიცია ცხადად ვერ გამოხატავს და ვერც ვერანაირად ამტკიცებს, რომ გუკამ იცოდა და საგამოძიებო უწყებას არ შეატყობინა კონკრეტული ადამიანის ძებნისა და მისი სტუმრობის შესახებ,” – განმარტავს ილო ხვიჩია.

გუკა ბაძაღუა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია. ამასთანავე, როგორც მეგობრები გვიყვებიან, ის არაერთი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე იყო, მათ შორის გაეროს კონფერენციის დელეგატი. ამასთანავე, გუკა ბაძაღუა UNAG-ის რამდენიმე პროექტში მონაწილეობდა. სკოლაში კი სამოქალაქო კლუბს ედგა სათავეში. დაკავებამდე სწავლის პარალელურად გუკა სავენტილაციო სისტემების კომპანიაში მუშაობდა.

როგორც ხვიჩიას მონათხრობიდან ირკვევა, ძებნილს მის საკუთარ ჩანთაში ცეცხლსასროლი იარაღიც აღმოაჩნდა. თუმცა სამხარაულის ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ ამ იარაღზე გუკა ბაძაღუას ანაბეჭდი არ აღმოჩნდა. შესაბამისად, სასამართლომ ეს გარემოება საქმიდან მოხსნა.

რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, ხვიჩიას თქმით, პროკურატურა და სასამართლო ეფუძნება სამ არგუმენტს. პირველი არგუმენტი გულისხმობს იმას, რომ ბაძაღუამ შესაძლოა მოწმეებს შეაცვლევინოს ჩვენება. ხვიჩიას განმარტებით, ეს არგუმენტი აზრს მოკლებულია, ვინაიდან საქმის მთავარი მოწმეები პოლიციელები არიან.

“მეორე არგუმენტი ამბობს, რომ თავისუფლებაზე ყოფნისას გუკა შეიძლება მიიმალოს. თუმცა ეს არგუმენტიც უსაფუძვლოა, ვინაიდან გუკას არასდროს ჩაუდენია არაფერი მართლსაწინააღმდეგო და ამ საქმეზეც სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან.

მესამე არგუმენტად კი იმას ასახელებენ, რომ გუკა ხელახლა ჩაიდენს დანაშაულს. ეს უკანასკნელი არის პირდაპირი დარღვევა მისი უდანაშაულობის პრეზუმფციისა, რადგან ეს არგუმენტი გულისხმობს, რომ მან დანაშაული უკვე ჩაიდინა და სასამართლო ამბობს, რომ ის ხელახლა არ შეატყობინებს გამოძიებას ვიღაც სხვა, X ძებნილის შესახებ?! სამივე ჩამოთვლილის ალბათური დაშვება არ ეფუძნება არანაირი ფაქტობრივ გარემოებებს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ აღკვეთის ღონისძიება მარტივად შეიძლება ყოფილიყო გუკას გარეთ ყოფნასთან თანხვედრაში,”-  დასძენს ილო ხვიჩია.

მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე საკმაოდ რთულია, ხოლო მუხლის ლავირება შეიძლება, ისინი სასამართლოს პროცესუალურ საქმეში არ ერევიან. თუმცა სასამართლო თავის მხრივ ხარვეზებით მუშაობს.

“საქმე ის არის, რომ აღკვეთის ღონისძიება განისაზღვრა 2018 წლის 12 ოქტომბერს, დაკავებიდან რამდენიმე საათში. ნიშანდობლივია, რომ პროკურატურამ ბრალი გუკას წარუდგინა დაახლეობით 5:40 საათზე, ხოლო მოსამართლემ სხდომა დაჩქარებულად 18:15 საათზე ჩანიშნა.

საქმე არის ერთტომიანი, დაახლოებით 45-გვერდიანი და ჩვენ გვაქვს ლოგიკური ეჭვი, რომ მოსამართლემ ვერ მოასწრო საქმის წაკითხვა, მან იხელმძღვანელა მხოლოდ პროკურატურის შუამდგომლობითა და რაღაც გზამკვლევით. მოსამართლემ არათუ განიხილა საქმე, არამედ უბრალოდ გააფორმა პროკურატურის შუამდგომლობა,” – გვიყვება ილო ხვიჩია.

 

მთავრობის ადმინისტრაციასთან გუკა ბაძაღუას მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

 აქციის წევრები ამბობენ, რომ წინა ღამე საკანში გაატარეს და პროტესტის გაგრძელებას იქამდე აპირებენ, სანამ მათ შს მინისტრი, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და მთავარი პროკურორი არ შეხვდებიან. ისინი განმარტავენ, რომ აქციამდე გიორგი გახარიასთან პირადი შეხვედრა ჰქონდათ, რა დროსაც მათ დაჰპირდა, რომ საქმეს პირად კონტროლზე აიყვანდა.

“თუმცა, ჩვენი ვარაუდით, მისგან არ წამოსულა ის პოლიტიკური ნება, რომ საქმე ობიექტურად გამოძიებულიყო. ჩვენ გვინდა ხელახლა მასთან და სხვა მაღალჩინოსნებთან შეხვედრა, რომ გვითხრან, თუ რა კეთდება ამ საქმეზე,” – ამბობს ილო ხვიჩია.

მისივე თქმით, საქმეს რამდენიმე არასამთავრობო, მათ შორის საია და სახალხო დამცველი, აკვირდება.

რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას, ნეტგაზეთმა მიმართა უწყებას კითხვით, თუ კონკრეტულად რა მტკიცებულებების საფუძველზე დაასკვნეს, რომ გუკა ბაძაღუამ ნამდვილად იცოდა, რომ მის ბინაში მყოფი პირი ძებნილი იყო და მას მფარველობდა. პროკურატურაში გვითხრეს, რომ ეს მტკიცებულებები საჯარო არ არის.

გამოძიებით დადგინდა, რომ ქ.თბილისში გ.ბ-ს დროებით ნაქირავებ ბინაში თავს აფარებდა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის და ცეცხლსაცროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ძებნილი ვ.კ., რომელმაც 2017 წლის 24 ივნისს ქ.თბილისში, ვაჟა-ფშაველას 1 კვარტალში, განზრახ მოკვლის მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობები მიაყენა გ.ფ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად გ.ფ. საავადმყოფოში გარდაიცვალა. ვ.კ-ს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. გ.ბ-მ, რომელმაც ნამდვილად იცოდა, რომ ვ.კ-ს მიერ ჩადენილი იყო ზემოაღნიშნული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, თავისი აქტიური მოქმედებით მას 2018 წლის 10 ოქტომბრამდე დროებით ნაქირავებ ბინაში მალავდა. სამართალდამცველებმა ვ.კ. გ.ბ-ს დროებით საცხოვრებელ ბინაში დააკავეს, ხოლო ბინის ჩხრეკისას ამოიღეს 2 ცალი „პისტოლეტი“, 3 ცალი მჭიდი, 33 ვაზნა და ჯავშანჟილეტი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. 2018 წლის 4 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გ.ბ-ს საქმეზე წინასასამართლო სხდომა ჩატარდა და სისხლის სამართლის საქმე სასამართლოს გადაეცა არსებითად განსახილველად”, – ნათქვამია პროკურატურის კომენტარში.

მასალების გადაბეჭდვის წესი