ახალი ამბები

თბილისში პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური დააკავეს

6 დეკემბერი, 2018 • 1962
თბილისში პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური დააკავეს

5 დეკემბერს, გვიან ღამით, თბილისში ჩატარებულისპეცოპერაციის შედეგად პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური კიდევ ერთ პირთან ერთად დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინდია გოგოჭური ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვისა და დანაშაულის შეუტყობინელობის ბრალდებით არის დაკავებული. რაც შეეხება მეორე დაკავებულ გ.რ-ს, მას სამართალდამცავები ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ეძებდნენ.

როგორც შსს აცხადებს, თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე, დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ამოიღეს. ასევე, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოიღეს აღნიშნული პირების მიერ საცხოვრებელი ბინიდან გადმოყრილი 2 პისტოლეტი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გ.რ. გადაიყვანეს პენიტენციურ დაწესებულებაში, მ.გ. კი- დროებითი მოთავსების იზოლატორში.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას შვილის ქმარმა მედიის ყურადღება მიიქცია. ის ცეცხლასროლი იარაღით ორჯერ დაჭრეს: პირველად- 2017 წელს, მეორედ კი -2018 წლის ივლისში.

მასალების გადაბეჭდვის წესი