ახალი ამბები

ქალი ამბობს, რომ სასტუმროს აბაზანაში ფარულად გადაუღეს და $100 მილიონს ითხოვს კომპანიისგან

6 დეკემბერი, 2018 • 3217
ქალი ამბობს, რომ სასტუმროს აბაზანაში ფარულად გადაუღეს და $100 მილიონს ითხოვს კომპანიისგან

ჩიკაგოში მცხოვრებლი ქალი ფარული ვიდეოგადაღებისა და შანტაჟის ბრალდებით სასამართლოში უჩივის სასტუმრო “ჰილტონს” და 100 მილიონ აშშ დოლარს ითხოვს.

მომჩივანი, რომლის ვინაობაც არაა სასამართლო დოკუმენტებში გამჟღავნებული, 2015 წელს ნიუ-იორკში, “ჰილტონის” შვილობილ სასტუმრო “ჰამპტონში” (Hampton Inn and Suites) იყო დაბინავებული.

მომჩივანი, რომელიც სასამართლოს დოკუმენტებში მოხსენიებულია, როგორც “ჯეინ დო” [სახელი, რომელსაც ანონიმურობის დასაცავად იყენებენ ხოლმე], ამბობს, რომ სასტუმროს ოთახში დამონტაჟებული ფარული კამერით უკანონოდ ჩაწერეს, შემდეგ ეს ვიდეო პორნოსაიტებზე ატვირთეს და აშანტაჟებდნენ.

“როდესაც სასტუმროს ოთახში შედიხარ, უსაფრთხოების და კონფიდენციალურობის მოლოდინი გაქვს. ჩემს შემთხვევაში, ეს ორივე მომპარეს. რაც მე მომივიდა, გაუგონარი დარღვევაა და სქესობრივ დანაშაულად უნდა განიხილონ”, – წერს მომჩივანი.

მან სექტემბრამდე არ იცოდა, რომ ფარულად გადაიღეს. სექტემბერში კი ელექტრონულ ფოსტაზე წერილები მოუვიდა, სადაც შიშველი ფოტოების გადაღებას სთხოვდნენ.

გამომგზავნმა იცოდა, თუ სად სწავლობდა, სად მუშაობდა და სხვა დეტალები.

მას შემდეგ, რაც ჯეინ დომ იმეილებს არ უპასუხა, ფარულად გადაღებული ვიდეო კიდევ რამდენიმე პორნოსაიტზე აიტვირთა, ერთი კვირის შემდეგ კი ვიდეო მის მეგობრებს, კოლეგებს და ძველ კლასელებს გაუგზავნეს, – აღნიშნულია საჩივარში.

როგორც ჯეინ დო წერს, ვიდეო მისი რეალური სახელის მითითებით ამჟამადაც იტვირთება ხოლმე პორნოსაიტებზე.

ჯეინ დო უჩივის როგორც უშუალოდ იმ სასტუმროს ნიუ-იორკში, რომელშიც დაბინავებული იყო, ასევე ქსელის მფლობელ კომპანიას, “ჰილტონ  უორლდუაიდს”. მისი რწმენით, ადამიანი, ვინც მას აშანტაჟებდა, სასტუმროს თანამშრომელი უნდა ყოფილიყო.

“ჰილტონის” წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბრალდების შესახებ 4 დეკემბერს გაიგეს. “ჩვენ უაღრესად სერიოზულად ვეპყრობით ჩვენი სტუმრების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას და შემაშფოთებლად მიგვაჩნია სასამართლო დავის დოკუმენტებში აღწერილი დეტალები”,- განაცხადა მან.

“ეს სასამართლო დავა საგანგაშო, გამომაფხიზლებელ ზარად უნდა იქცეს”, – განაცხადა ქალის ადვოკატმა, როლან კრისტენსენმა. “სასტუმროების მეპატრონეებმა უნდა აღიარონ ის საფრთხე, რაც ციფრულ ვუაიერიზმს [ფარულად თვალთვალს] უკავშირდება, და აუცილებელია, ისეთი სტრატეგიები შეიმუშაონ, რომ დაიცვან საკუთარი სტუმრები ამგვარი შემზარავი დარღვევებისგან”.

მომზადებულია CNN-ის მასალებზე დაყრდნობით

მასალების გადაბეჭდვის წესი