გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატში აირჩიეს

იუსტიციის მინისტრის მოადგილე, გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატში აირჩიეს. ამის შესახებ თეა წულუკიანმა დღეს, 5 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 123 სახელმწიფოს მხარდაჭერით, გოჩა ლორთქიფანიძე აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნების კვოტით აირჩიეს დირექტორატში, რომელსაც სულ 5 წევრი ჰყავს. მან ამ პოზიციაზე ბოსნია და ჰერცეგოვინას წარმომადგენელი შეცვალა.

“გოჩა ლორთქიფანიძე არის პირველი ქართველი, რომელიც ამ ფონდში აღმოსავლეთ ევროპის კვოტით მოხვდა. მნიშვნელოვანია დღევანდელი გადაწყვეტილება, დღევანდელი არჩევნები და მისი შედეგები, რადგანაც საქართველოს ამით ეძლევა შესაძლებლობა, რომ არაერთი ქვეყნის და, პირველ რიგში, საქართველოს დაზარალებულების უფლებებზე და ამ უფლებების აღდგენაზე იზრუნოს, მით უფრო, რომ ამავე სასამართლოს პროკურატურა იძიებს 2008 წლის ომის დროს ქართველების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე ინფორმაციით, გოჩა ლორთქიფანიძე 1998 წელს იმ მომლაპარაკებელთა შორის იყო, რომელთა ძალისხმევითაც დაფუძნდა ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო და მისი რეგლამენტი.

ვრცლად გოჩა ლორთქიფანიძის ბიოგრაფიაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან