ახალი ამბები

“პრეზიდენტის ბრძანება, რომელიც ინაუგურაციის ადგილად თბილისს ადგენს, დღეს არარელევანტურია”

5 დეკემბერი, 2018 • 1780
“პრეზიდენტის ბრძანება, რომელიც ინაუგურაციის ადგილად თბილისს ადგენს, დღეს არარელევანტურია”

მთავრობის ადმინისტრაციის  უფროსის, კახა კახიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ინაუგურაცია არ გაითვალისწინებს პრეზიდენტის 2001 წლის ბრძანებულებას, რომელიც საქართველოში საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის წესს ადგენს. კახიშვილის თქმით, ეს ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც ინაუგურაცია თბილისში ტარდება, დღეს რელევანტური აღარ არის.

კახა კახიშვილი ინაუგურაციის საკითხებზე მომუშავე კომისიის ხელმძღვანელია.

“ჩვენ ვიცით 2001 წლის პრეზიდენტის ბრაძენებულება, სადაც განსაზღვრულია რუსთაველის გამზირი და განსაზღვრულია პარლამენტის შენობა, რომელიც მდებარეობს რუსთაველზე. იქ ასევე წერია იმ პირთა წრე, რომელიც ხვდება ინაუგურაციის დროს პრეზიდენტს. მათ შორის წერია სახელმწიფო მინისტრზე. 2001 წლის პრეზიდენტის ბრძანებულება დღეს უკვე არ არის ჰარმონიაში მოქმედ კანონმდებლობასთან. შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში მუშავდება ინაუგურაციის ჩატარების წესი და ამის შესახებაც გეცნობებათ. იქ წერია, რომ ინაუგურაცია იმართება რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობაში. კონსტიტუციის შესაბამისად კი, პარლამენტი ქუთაისშია. თუ ახალ კონსტიტუციას ავიღებთ, ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ. ამავდროულად, წერია, რომ არჩეულ პრეზიდენტს ხვდება სახელმწიფო მინისტრი. სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა საქართველოში უკვე აღარ არსებობს. არის შეუსაბამობები, ამიტომ ჩვენ ამ ბრძანებას ვეღარ მივყვებით. შევიმუშავებთ წესს, რომელიც განსაზღვრავს ინაუგურაციის ჩატარებას. ამ წესს საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს”, – აცხადებს კახიშვილი.

ზემოხსენებული ბრძანებულება, რომლის გათვალისწინებასაც ინაუგურაციის ორგანიზატორები არ აპირებენ, ამბობს:

 1.საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება არჩევის დღიდან მესამე კვირადღეს. ინაუგურაციის დღეს საქართველოს პრეზიდენტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გვირგვინით ამკობს ილია ჭავჭავაძის საფლავს. შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი და თანმხლები პირები შემოივლიან პანთეონს. 2. საქართველოს პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონია ა) საქართველოს პარლამენტის შენობის პრეზიდენტის ფლიგელის ფოიეში საქართველოს პრეზიდენტსა და მისი ოჯახის წევრებს ხვდებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში გაიმართება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი