ახალი ამბები

არ ვიცოდით, რომ რუსული იყო – მაიონეზ “სლობოდას” რეკლამაში მონაწილე PR-ები

5 დეკემბერი, 2018 • 25697
არ ვიცოდით, რომ რუსული იყო – მაიონეზ “სლობოდას” რეკლამაში მონაწილე PR-ები

ქართულმა ჟურნალმა City Magazine-მა თავის ვებსაიტსა და ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა სარეკლამო სტატია და ფოტოები რუსულ მაიონეზ “სლობოდას” შესახებ, რომელშიც რამდენიმე საჯარო მოხელე მონაწილეობს.

სარეკლამო ფოტოებზე აღბეჭდილ პირებს შორის არიან თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნინო თოლორდავა, შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურის უფროსი ხატია მოისწრაფიშვილი და ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე.

აღნიშნულმა სარეკლამო მასალამ ფეისბუკზე ადამიანთა ნაწილში უარყოფითი რეაქციები გამოიწვია. ნეტგაზეთი დაუკავშირდა რეკლამაში მონაწილეებს, რათა გაერკვია, თუ რა იყო ამ რეკლამაში მათი მონაწილეობის მოტივაცია და რას ფიქრობენ კრიტიკაზე.

“ჩემთვის ეს ძალიან დიდი პრობლემაა და არც ვიცოდი, რომ “სლობოდა” რუსული კომპანია იყო, უკრაინული მეგონა. მეტიც, მე არ ვიცოდი, რომ ეს იყო დაგეგმილი რეკლამა, მე ვიცოდი, რომ მივდიოდით გარკვეულ წინასაახალწლო სამზადისზე და ფოტოსესიაზე. ჩემთვის სიურპრიზი იყო, როდესაც მივედი და აღმოჩნდა, რეკლამაში უნდა მიმეღო მონაწილეობა. სრულიად გაუგებარ ამბავში აღმოვჩნდი და უბრალოდ, ვერ ვთქვი ამაზე უარი, იმდენად მოულოდნელი იყო ეს ჩემთვის.

მე სახელმწიფო სამსახურში ვმუშაობ, კერძოდ კი თავდაცვის სამინისტროში, და ჩემი, როგორც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობის არჩევანი ევროატლანტიკურ გეზს მიემართება. სიტუაცია იმდენად მოულოდნელი იყო, რომ უკან ვერ დავიხიე,” – უთხრა ნინო თოლორდავამ ნეტგაზეთს.

იმის შესახებ, რომ არ იცოდა სარეკლამო ფოტოსესიაში მონაწილეობის შესახებ, ასევე საუბრობს ამჟამინდელი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე. ნეტგაზეთთან სატელეფონო ინტერვიუში ის განმარტავს, რომ  “სლობოდას” რუსული წარმომავლობის შესახებ არც თავად იცოდა.

“მეგონა, რომ პროდუქცია უკრაინული იყო. თუმცა საერთოდ არ ვიცოდი, ამ რუბრიკას თუ ინტერვიუს სარეკლამო სახე ჰქონდა. ზოგადად, ერთი უწყინარი საახალწლო ინტერვიუ და ფოტოსესია უნდა ყოფილიყო მეგობრებთან ერთად. რა თქმა უნდა, ოკუპანტი ქვეყნის პროდუქციის რეკლამა პრობლემად მიმაჩნია, ამიტომ ვწუხვარ ძალიან, უნებლიეთ რომ ასე გამოვიდა,” – დასძენს ეკა მიშველაძე.

რაც შეეხება ხატია მოისწრაფიშვილს, მან ვრცელი კომენტარისგან თავი შეიკავა, თუმცა ნეტგაზეთთან საუბარში განმარტა, რომ არც მან იცოდა “სლობოდას” რუსული წარმომავლობის შესახებ.

რუსული ნაწარმის ბოიკოტი და საზოგადოების რეაქცია

რუსული პროდუქციის წინააღმდეგ პროტესტი და მისი ბოიკოტი პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის ახალი არ არის. ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი უკრაინაა, სადაც ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგ, 2014 წელს, მოქალაქეებმა რუსული პროდუქციის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყეს. საპროტესტო ტალღის ფარგლებში მოქალაქეთა ჯგუფი შედიოდა მაღაზიებში, დგამდა პერფორმანსებს, წვებოდა იატაკზე და აფრთხილებდა მყიდველს, რომ არ ეყიდათ რუსული პროდუქცია.

როგორც თავად განმარტავდნენ, მათთვის მიუღებელი იყო, რომ ესა თუ ის უკრაინელი მომხმარებელი თავის ფულს რუსულ პროდუქციას და, შესაბამისად, რუსეთს აძლევდა, რომელიც თავის მხრივ ბიუჯეტის ნაწილს უკრაინული ტერიტორიების ანექსიასა და ოკუპაციაში ხარჯავს. ამ მიზნისთვის მოქალაქეებმა ბუკლეტიც დაამზადეს, სადაც რუსული პროდუქციის საპირისპიროდ ადგილობრივი წარმოების პროდუქტების სახელები ჩამოწერეს.

აღნიშნულ პროტესტს მხარი დაუჭირა კერძო სექტორმაც, მათ შორის, სუპერმარკეტების რამდენიმე ქსელმა, რომლებმაც რუსულ პროდუქციას დახლებზე შესაბამისი იარლიყი მიაწებეს და მომხმარებლებს “რუსული პროდუქციის არშეძენაში” დაეხმარნენ.

რაც შეეხება საქართველოს, აქ რუსულ პროდუქციაზე მოთხოვნა დიდია. ჯერ კიდევ 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომიდან რამდენიმე თვის შემდეგ, მოსახლეობის ნაწილი ურყევი იყო იმ რწმენაში, რომ რუსული პროდუქციის არშეძენა პოლიტიკური აქტი არ იყო. გაზეთი “ბათუმელების” ამ პერიოდის სტატიაში ბაზარზე გამოსული მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ მიუხედავად რუსული აგრესიისა, მათი წარმოდგენა რუსულ პროდუქტზე არ შეცვლილა. ზოგი მათგანი კი დასძენს, რომ რუსული პროდუქცია ხარისხით უეკთესია, თუმცა აქვე ამატებს, რომ სხვა ქვეყნის პროდუქციის ხარისხზე ცოტა რამ იცის.

“მე პირადად 2006 წლიდან აღარ ვყიდულობ რუსულ პროდუქციას და ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოვუწოდე კიდევაც ჩემს მეგობრებს, რომ არ ეყიდათ რუსული პროდუქტი. ეს იყო ის დრო, როდესაც რუსეთმა ქართული მწვანილი აკრძალა, მერე ღვინო და ა.შ.

მიმაჩნია, რომ არყიდვა იმის ნიშანია, რომ ჩვენ, როგორც საზოგადოება, ვამბობთ, არ გვინდა ასეთი ვაჭრობა და ვაცხადებთ პროტესტს იმასთან დაკავშირებით, რასაც რუსეთი საქართველოს უკეთებს,” – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე.

როგორც ის განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ საზოგადოებას ყველანაირი საფუძველი აქვს ბოიკოტი გამოუცხადოს რუსულ პროდუქტს, ის ამგვარი ქმედებისგან თავს იკავებს. ლაშა ბაქრაძე ასევე დასძენს, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსულ პროდუქტს სრულიად დაპყრობილი აქვს ქართული ბაზარი, მათი რეკლამირება, როგორც მინიმუმ, არაეთიკურია.

“პროდუქციის ბოიკოტი, რასაკვირველია, რუსულ ბაზარს ვერ გაანადგურებს, მაგრამ ერთგვარი ეთნიკური დამოკიდებულება რუსეთის მიმართ საზოგადოებაში უნდა არსებობდეს. არ შეიძლება, რომ ჩვენ ამის მიმართ სრულიად გულგრილნი ვიყოთ და დილით ვამბობდეთ, რომ პუტინი და რუსეთი ჩვენი მეგობრები არ არიან, ხოლო საღამოს რუსულ პროდუქტზე ვოცნებობდეთ, რომელიც ყველაფერთან ერთად, ხშირ შემთხვევაში, უხარისხოა. ეს გვაჩვენებს იმას, რომ საზოგადოება არ არის მზად და არ შეუძლია ერთიანად დაინახოს პრობლემა და ამ პრობლემას პროტესტი გამოუცხადოს, თუნდაც, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ბოიკოტით,” – განმარტავს ბაქრაძე.

ნეტგაზეთთან საუბარში ის დასძენს, რომ მას შემდეგ, რაც საქართველო დამოუკიდებლობის გზას დაადგა, რუსეთთან ომში იმყოფება და ამ ომს აქვს ცივი და ცხელი ფაზები. მიუხედავად ამისა, საქართველოში ჩვეულებრივ ამბად მიიჩნევა რუსული ნაწარმის ყიდვა, რუსული ტელევიზიების ყურება და კრემლის მიერ დაფინანსებული ინტერნეტ-გამოცემების კითხვა.

“ჩვენ ახლა ვართ ცივი ომის ფაზაში, სადაც ადამიანებს იპარავენ საზღვარზე… და მაინც, ძალიან ცოტა რაოდენობა უყურებს ამას პრობლემურად. ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ საზოგადოება არის საკმაოდ ბრმა და ვერ ხედავს იმ პრობლემებს, რომლებიც მის წინაშე დგას,” – მიიჩნევს ლაშა ბაქრაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი