ახალი ამბები

ბოლო 4 წელში გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც მოსამართლეებს არ ენდობა – კვლევა

5 დეკემბერი, 2018 • 1550
ბოლო 4 წელში გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც მოსამართლეებს არ ენდობა – კვლევა

კვლევის თანახმად, რომელიც CRRC-საქართველომ ჩაატარა, გამოკითხულთა 46% თვლის, რომ საქართველოში მოსამართლეები დამოუკიდებელნი არ არიან.

ფოტო: EMC, CRRC, IDFI

ამასთანავე, გამოკითხულთა დაახლოებით მესამედი (32%) თვლის, რომ მოსამართლეები საქართველოში სამართლიანები არ არიან, ხოლო მათ პროფესიონალიზმს გამოკითხულთა 22% არ ეთანხმება.

რაც შეეხება ნდობას, გამოკითხულთა 41% საქართველოს მოსამართლეებს არ ენდობა. ეს მაჩვენებელი 2014 წელთან შედარებით 21%-ით გაიზარდა.

კვლევა „სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერის (FAIR)“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) პარტნიორ ორგანიზაციებთან, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან” (IDFI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან“ (CRRC- საქართველო) ერთად ახორციელებს ევროკავშირის მარდაჭერით. კვლევა 30 აგვისტოდან 15 სექტემბერამდე პერიოდშია ჩატარებული.

CRRC-ის ცნობით, მთლიანობაში გამოიკითხა 2,080 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს (CAPI – Computer Assisted Personal Interviewing) მეთოდით. შერჩევა წარმომადგენლობითი იყო საქართველოს მოსახლეობისთვის (ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული პუნქტებისა და ოკუპირებული ტერიტორიების გარდა), ასევე, დედაქალაქის, სხვა ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობისთვის. გამოკითხვა ჩატარდა ქართულ ენაზე, ცდომილების მაჩვენებელი ქვეყნის დონეზე 2.2%-ს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი