კრიპტოვალუტის წარმოების გამო აფხაზეთის ელექტროენერგიის ქსელები გადაიტვირთა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ და ენერგოკომპანია “ჩერნომორენერგოს” ხელმძღვანელმა, ასლან ბასარიამ აფხაზეთის ენერგეტიკაში არსებული სიტუაცია განიხილეს და  კრიპტოვალუტის გამომუშავების კონტროლის საჭიროებაზე ისაუბრეს.

“ეს დამატებითი დატვირთვაა ჩვენი ქსელებისთვის, მაგისტრალებისთვის და ქვესადგურებისთვის, რომლებიც ისედაც გადატვირთულია. შესაბამისად, იზრდება რისკი, რომ ცივი ამინდის დროს მომხმარებლებამდე ელექტროენერგიამ ვერ მიაღწიოს. ვფიქრობთ, გარკვეული ნორმატიულ-სამართლებრივი დოკუმენტი უნდა შეიქმნას, რათა ეს სფერო დარეგულირდეს”, – ამბობს ბასარია.

მისივე თქმით, ე.წ. მაინინგური ფერმები აფხაზეთში არსებულ ძველი ქარხნების ტერიტორიებზეა განთავსებული.


ციფრული ვალუტები ელექტრონული ვაჭრობისთვის გამოიყენება. ისინი საბანკო სისტემის ალტერნატივას ქმნიან. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა ბიტკოინი 2008 წელს შეიქმნა.  მას სახელმწიფო და ფინანსური სტრუქტურები ვერ აკონტროლებენ. შესაბამისად, ამ მეთოდით თანხის გადარიცხვა გაცილებით სწრაფი და მარტივია ტრადიციულთან შედარებით.

კრიპტოვალუტის მოპოვების ორი გზა არსებობს. პირველი, მათი ტრადიციული ვალუტებით შეძენაა. მეორე მეთოდს კი “მაინინგს” უწოდებენ, როდესაც მომხმარებელი შესაბამისი ალგორითმის მეშვეობით კრიპტოფულს კომპიუტერული მოწყობილობებით გამოიმუშავებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი