მერია 3 კარავში გათბობას და განათებას გვიმონტაჟებს – სარალიძე

ზაზა სარალიძის თქმით, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გაშლილ სამ დიდ კარავში თბილისის მერია ხვალ განათებასა და ელექტროღუმელებს დაამონტაჟებს. ამის შესახებ ზაზა სარალიძემ ნეტგაზეთს განუცხადა.

“ჩვენ ვიყიდეთ ორი შეშის ღუმელი თავისი შეშით და დავაწყვეთ პარლამენტთან. საპატრულო პოლიციის ჯგუფის უფროსმა, მოვაგვარებთ ამასო. საღამოს მოვიდნენ მერიის წარმომადგენლებიც. ხვალ დილიდან გამოგვიყვანენ დენს სამივე კარავში და დაგვიდგამენ ელექტროღუმელებს,” – განუცხადა ნეტგაზეთს სარალიძემ.

სარალიძე მადლობას უხდის საპატრულო პოლიციის წარმომადგენელ გოგა მემანიშვილს, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეების უსაფრთხოებას იცავს. მისი თქმით, რომ არა ეს პოლიციელი, არც დენი ექნებოდათ აქციის მონაწილეებს და არც გათბობა. ზაზა სარალიძემ მადლობა დედაქალაქის მერს, კახა კალაძესაც გადაუხადა.

თბილისის მერმა ეს ფაქტი ტელეიმედთან ინტერვიუს დროს დაადასტურა. კახა კალაძის განცხადებით, შვილმკვდარ მამებს უბრალოდ გამართული ელექტროგაყვანილობა გაუკეთეს, რომ არ დაზიანებულიყვნენ და ამაში სატრაბახო არაფერია.

ზაზა სარალიძე VS თბილისის მერია

9 ნოემბერს ზაზა სარალიძემ წერილი მიიღო თბილისის მერიისგან, რომლითაც ქალაქის მთავრობა აუწყებდა, რომ 7 დეკემბრიდან უნდა შეეცვალა აქციის ჩატარების ადგილი, რადგან პარლამენტთან საახალწლო ნაძვისხისა და ღონისძიებების მოწყობა იგეგმებოდა. აღნიშნულს წინ უძღოდა სარალიძის წერილი, რომლითაც მერიას პირველ ნოემბერს მიმართა და აქციის 31 დეკემბრამდე გაგრძელება სთხოვა.

პასუხად ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ არსად წასვლას აპირებდა, სანამ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა. ამავე დღეს არასამავრობო ორგანიზაიცებმა ჩანიშნეს აქცია, რომელიც ორ საკითხს მოიცავდა:

  • ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე სარალიძისა და მაჩალიკაშვილისათვის პარლამენტის წინ, ტროტუარზე კარვის გაშლაში ხელშეშლა სახელმწიფოს მხრიდან.
  • მერიის მოთხოვნა შვილმოკლული მამების მიმართ საახალწლო ნაძვისხის დადგმის გამო, შეეცვალათ აქციის ადგილმდებარეობა 7 დეკემბრამდე.

აქცია 10 ნოემბერს, 20:00-ზე დაიწყო და მალევე გადაიზარდა პოლიციასთან შეხლა-შემოხლაში. პოლიციელებმა ისევ სცადეს, დემონსტრანტებისთვის ჯერ კიდევ გაუშლელი კარვები წაერთვათ, რასაც მოქალაქეთა წინააღმდეგობა მოჰყვა. გაწევ-გამოწევისას შეუძლოდ გახდა ზაზა სარალიძე, მოგვიანებით კი, მისი დედა. საბოლოოდ, ორივე მათგანის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ პოლიციის ქმედება უკანონოა და მოქალაქეებს უფლება აქვთ, ისარგებლონ შეკრებისა და მანიფესტაციების კანონით გათვალისწინებული ერთ-ერთი უფლებით – გაშალონ კარავი პროტესტის გამოსახატად. მოგვიანებით,კარვ ები პარლამენტთან მაინც განათავსეს და განაცხადეს, რომ იქ მთელ ღამეს დარჩებოდნენ.

კარვის გაშლის შეზღუდვას გასული პერიოდის მანძილზე ეხმაურებოდა სახალხო დამცველიც, რომელიც სახელმწიფოს ამ ქმედებას შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებაში ჩარევად აფასებდა. ომბუდსმენმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოშიც წარადგინა.

სახალხო დამცველმა ასევე გააკრიტიკა მერიის მოთხოვნა სარალიძე/მაჩალიკაშვილისადმი აქციის ადგილმდებარეობის შეცვლასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ აღნიშნული ფაქტი კანონმდებლობის ნორმებს სცდება.

3 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ კარვების საქმეზე ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელი დაუშვებლად ცნო. საქმე სააპელაციოში გადაინაცვლებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.