ახალი ამბები

ნიკა რურუას ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს

4 დეკემბერი, 2018 • 2706
ნიკა რურუას ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს

ცოტა ხნის წინ ნიკა რურუას ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში გადაასვენეს.

კულტურის ყოფილი მინისტრის ბინაში ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა უკვე დაასრულეს, თუმცა ამ დრომდე ვასილ ბარნოვის ქუჩის მონაკვეთი გადაკეტილია და ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

ნიკა რურუას სახლთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და “ევროპული საქართველოს” ლიდერები და წევრები არიან შეკრებილი, მათ შორის არიან – გრიგოლ ვაშაძე, დავით ბაქრაძე, ზაალ უდუმაშვილი, ნიკა მელია, ასევე რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და სხვები. აქვე იმყოფებიან რურუას მეზობლები და ახლობლები.

ბარნოვის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მივიდა, რომელმაც მიუსამძიმრა გარდაცვლილის ოჯახს და მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.

“ნიკა იყო ჩემი ძალიან ძლიერი ადამიანი. ადამიანი, რომელთან ურთიერთობაც ყოველთვის, ყველა ეტაპზე იყო საინტერესო. ნიკა ბევრ კულტურის მინისტრთა შორის იყო გამორჩეული კულტურის მინისტრი. ღმერთმა გაანათლოს მისი სული… ძალიან მიმძიმს ამის თქმა,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკით გამოხატა მწუხარება მისი თანამებრძოლის გარდაცვალებაზე. მისი განცხადებით, ნიკა რურუა საქართველოზე გადამკვდარი პატრიოტი იყო და ხვალ აპირებდა სწორედ მასთან ევროპაში გამგზავრებას.

ნიკა რურუას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს არჩეული მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მისი თქმით, ნებისმიერი პოლიტიკური დაპირისპირება სიკვდილის წინაშე მთავრდება. ნიკა რურუა და სალომე ზურაბიშვილი 2016 წელს მთაწმინდის ოლქში კონკურენტები იყვნენ მაჟორიტარულ არჩევნებში.

დღეს, 4 ოქტომბერს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა რურუა სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

უწყების ცნობით, პირველადი ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ოჯახის წევრების თანდასწრებით, სავარაუდოდ, გულის შეტევით არის გარდაცვლილი.

“მიმდინარე წლის 4 დეკემბერს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაიცვალა. პირველადი ინფორმაციით, ნიკა რურუა ოჯახის წევრების თანდასწრებით, სავარაუდოდ, გულის შეტევით არის გარდაცვლილი” – უთხრეს “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ნიკა რურუა 50 წლის იყო. ის მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, გარდა ამისა,  2009-2012 წლებში კულტურის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი