ახალი ამბები

მარიხუანის მოხმარებისთვის მძღოლის ადგილზე ნარკოტესტირება პირველი აპრილიდან დაიწყება

4 დეკემბერი, 2018 • 2924
მარიხუანის მოხმარებისთვის მძღოლის ადგილზე ნარკოტესტირება პირველი აპრილიდან დაიწყება

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ნარკოტესტის გამოყენება, რომლითაც ავტომანქანის მართვისას მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ მძღოლის ყოფნა ადგილზევე დადგინდება და ამისთვის მისი ნარკოლოგიურ ცენტრში გადაყვანა საჭირო აღარ გახდება, პირველი აპრილიდან დაინერგება. ინფორმაცია ნეტგაზეთს შსს-ში დაუდასტურეს.

როგორც ონლაინ-გამოცემა წერს, საუბარია საქართველოში სპეციალური ტესტის შემოტანაზე, რომელიც ვიზუალურად დაახლოებით ალკოტესტის მსგავსია და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს დაურიგდებათ. მათივე ინფორმაციით, მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დამდგენი ტესტების საქართველოში შემოტანასთან დაკავშირებით ქართული მხარე მოლაპარაკებებს ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანასთან აწარმოებს.

პირველ დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა შსს-ს კანონპროექტი, რომელიც მარიხუანის მოხმარებას ეხება და “მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში” სვამს. აღნიშნული კანონი მარიხუანის მოხმარებაზე არაერთი შეზღუდვისა და რეგულაციის დაწესებას გულისხმობს კონკრეტულ სივრცეებთან, ასაკობრივ ბარიერთან თუ პოპულარიზაციასთან დაკავშირებით.

რეგულაციების ჩამონათვალი ასეთია:

  • იკრძალება მარიხუანის მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სკოლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე;
  • ნარკოტიკების მოხმარების მავნე ზეგავლენისგან მოზარდების დასაცავად, მარიხუანის მოხმარება იკრძალება 21 წლამდე ასაკის პირებისთვის;
  • ამასთან, 21 წლამდე პირის დაყოლიება ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე სისხლის სამართლის დანაშაულია;
  • მარიხუანის მოხმარება აკრძალულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, როგორც საჯარო მოხელეებისთვის, ისე კერძო სექტორში მომუშავე პირებისთვის;
  • მარიხუანის მოხმარებისთვის ახალი კანონი ითვალისწინებს სამოქალაქო უფლებების, მათ შორის, გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის პროფესიული საქმიანობის უფლების ჩამორთმევას;
  • გაიზარდა სანქცია ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის, მარიხუანის მოხმარების პოპულარიზაციის ან რეკლამირებისთვის;
  • სისხლის სამართლის წესით დაისჯება სატრანსპორტო საშუალებების მართვა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის, მარიხუანის კლინიკური ზემოქმედების ქვეშ. კანონპროექტით არ შეცვლილა მარიხუანის ფლობის და გასაღების მიმართ არსებული რეგულაცია.

30 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე განმარტა, თუ რა ადგილებში არ იქნება დასაშვები მარიხუანის მოწევა. შსს-ს ზემოაღნიშნული კანონპროექტი სწორედ ამ გადაწყვეტილების შემდეგ მომზადდა.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება კონსტიტუციის შესაბამისია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მოხმარების კონკრეტული ფაქტი ქმნის საფრთხეებს მესამე პირებისთვის. მაგალითისთვის, სასამართლომ მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება გამართლებულად მიიჩნია მაშინ, როდესაც აღნიშნულ ქმედებას ადგილი აქვს სასწავლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ზოგიერთი სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით და ა.შ.

გადაწყვეტილება გამოქვეყნების მომენტიდან ძალაშია.

რისი უფლება (არ) აქვს მოქალაქეს მარიხუანის მოხმარების ლეგალიზების შემდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი