ახალი ამბები

სასამართლომ უკრაინის 6 და საქართველოს ერთ მოქალაქეს პატიმრობა შეუფარდა

4 დეკემბერი, 2018 • 1437
სასამართლომ უკრაინის 6 და საქართველოს ერთ მოქალაქეს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და უკრაინის ექვს და საქართველოს ერთ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, შვიდივე ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა. პროკურატურამ ბრალდებულებს ბრალი  ს.ს.კ. 236-ე მუხლის მესამე ნაწილით და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წაუყენა, რაც  8-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

2 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში სპეცოპერაცია ჩატარდა. სასტუმრო “გურუსა” და “ალიანსში”, სადაც უკრაინის 6 და საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს. შსს-ს განცხადებით, ოპერაცია ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა.

“სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა”, – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს ოპოზიციონერი დეპუტატი უკრაინის მოქალაქეების დაკავებას პროვოკაციას უწოდებს. სიმიონ სემენჩენკო ირწმუნება, რომ ამ ადამიანების დაკავება ქართული და უკრაინელი სპეცსამსახურების შეთანხმებით მოხდა და მიზანი ქართველი ამომრჩევლის დაშინება იყო.

“აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ იარაღი ჩადებულია. რამდენიმე ვერსია მაქვს. პირველის თანახმად, საქართველოსა და უკრაინის უწყებები ერთმანეთთან თანამშრომლობდნენ. მათ სურთ ქართველი ამომრჩევლის დაშინება, თითქოს ვიღაც უკრაინელი მებრძოლები ქვეყანაში საზარელი მიზნებით ჩამოვიდნენ. ეს ადამიანები, რომლებიც აქ დააკავეს, უკრაინაში ოპოზიციაში არიან და კორუფციას აპროტესტებენ. ისინი უკეთესი ქვეყნისთვის იბრძვიან. კიდევ ერთხელ ვამბობ, ბიჭები, რომლებიც აქ ჩამოვიდნენ, პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვთ და მათ ქვეყნის ნახვა უნდოდათ,” – აცხადებს სიმიონ სემენჩენკო. მისი კომენტარის თარგმანს რუსთავი 2 ავრცელებს.

“კიევი პოსტის” ინფორმაციით, 2 დეკემბერს თბილისში  ჩატარებულ სპეცოპერაციასა და 6 მოქალაქის დაკავების ფაქტზე უკრაინის საკონსულო ინფორმირებულია. საკონსულო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, უკრაინული მხარე სამართლებრივ პროცესს დააკვირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი